ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ კორუფციის საქმეზე შეწყალების სანაცვლოდ პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.

The Times of Israel-ის ცნობით, განცხადება ნეთანიაჰუს და გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცის შეხვედრის შემდეგ პრესასთან გაკეთდა.

როდესაც ჟურნალისტმა ამის შესახებ იკითხა, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა უპასუხა "არა", შემდეგ კი გერმანელ პოლიტიკოსს მიუბრუნდა და თქვა - "ისინი ძალიან შეშფოთებულები არიან ჩემი მომავლით“.

მან ასევე აღნიშნა, რომ ამომრჩევლებიც შეშფოთებულები არიან და რომ ისინი გადაწყვეტენ.

ნეთანიაჰუმ ასევე გამოაცხადა გერმანიასთან თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ.

"ჩვენ წინაშე დგას მნიშვნელოვანი გამოწვევები, მათ შორის გერმანიასთან ისტორიული თანამშრომლობა, რომელიც ნამდვილად... მრავალი თვალსაზრისით აღემატება ჩვენს წინა თანამშრომლობას, რომელიც საკმაოდ შესანიშნავი იყო“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ნეთანიაჰუს 2019 წელს ბრალი წაუყენეს ქრთამის აღებაში, თაღლითობასა და ნდობის დარღვევაში. სასამართლო პროცესი 2020 წელს დაიწყო და სისხლის სამართლის სამ საქმეს მოიცავს. ისრაელის პრემიერი ბრალდებებს უარყოფს და თავს უდანაშაულოდ ცნობს. ნოემბრის ბოლოს მან ისრაელის პრეზიდენტს კორუფციის ბრალდებით მიმდინარე სასამართლო პროცესის ფარგლებში, შეწყალების თხოვნით მიმართა.