რუსეთის გამარჯვება უკრაინის წინააღმდეგ ომში მთელი დასავლეთის დამარცხება იქნებოდა, - ამის ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა The Sunday Times-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-სა და რუსეთს შორის საიდუმლო მოლაპარაკებების შესახებ ბოლოდროინდელი განცხადებები, განსაკუთრებით უკრაინის ტერიტორიის გადაცემასთან დაკავშირებით, სახიფათოდ მოგვაგონებს 1938 წლის მიუნხენის შეთანხმებას.

"თუ ჩვენ რუსეთს ამ კონფლიქტიდან გამარჯვებული გამოსვლის უფლებას მივცემთ, ყველანი წავაგებთ“, - ხაზგასმით აღნიშნა ჩეხეთის პრეზიდენტმა.

მან ისტორიული პარალელი გაავლო სუდეტის ოლქში გერმანული უმცირესობის ნაცისტურ გამოყენებასა და "რუსების დაცვის" რუსულ ნარატივს შორის.

"ვლადიმერ პუტინი იგივე ნარატივს იყენებს“, - აღნიშნა მან.

პაველი დარწმუნებულია, რომ დასავლეთი უკრაინას ისე არ ღალატობს, როგორც ოდესღაც ჩეხოსლოვაკიას, არამედ აჩვენებს "სურვილების არქონას, დაიცვას ის პრინციპები, რომელთა დაცვასაც ამტკიცებს".

ამავდროულად, პაველმა აღიარა, რომ ომის შემდეგ ევროპას მოსკოვთან ახალი უსაფრთხოების ხელშეკრულება დასჭირდება - 1975 წლის ჰელსინკის შეთანხმების მსგავსი, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც რუსეთი აღიარებს ყველა სახელმწიფოს ტერიტორიულ სუვერენიტეტს და დათანხმდება საკუთარი აგრესიული საქმიანობის შეზღუდვას.

"ჩვენ უბრალოდ არ შეგვიძლია დავუშვათ უკრაინის წაგება", - აღნიშნა მან.

8 დეკემბერს, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ლონდონში გაემგზავრება, სადაც ევროპელ ლიდერებს - დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს და გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცს შეხვდება, რათა განიხილონ საერთაშორისო კოორდინაციისა და უკრაინის მხარდაჭერის ძირითადი საკითხები.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ევროპისა და შეერთებული შტატების ერთიანობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია უკრაინასა და რუსეთს შორის მშვიდობის დამყარებისთვის და აღნიშნა, რომ მოკავშირეებს შორის უნდობლობა არ არსებობს და რომ მათ ერთად მუშაობა უნდა განაგრძონ.