საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი უკრაინის დედაქალაქზე განხორციელებულ იერიშებს გმობენ.

საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, ეს თავდასხმა ომის ჩიხში შესვლაზე მიუთითებს.

„საფრანგეთი გმობს ამ თავდასხმას და „ორეშნიკის“ ბალისტიკური რაკეტის გამოყენებას, რაც, უპირველეს ყოვლისა, რუსეთის აგრესიული ომის ჩიხში შესვლასა და მის დაუფიქრებელ ესკალაციაზე მიუთითებს. ჩვენი გადაწყვეტილება, გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა, გავაკეთოთ ყველაფერი სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად და გავაძლიეროთ ევროპის უსაფრთხოება, მხოლოდ ძლიერდება“, – წერს ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში.

რუსეთის მიერ უკრაინაში სამოქალაქო ობიექტებზე მიტანილ მასშტაბურ იერიშს გმობს გერმანიის კანცლერიც და კიევს მხარდაჭერას უცხადებს.

„კიდევ ერთხელ გამოიყენეს „ორეშნიკის“ სარაკეტო სისტემა. გერმანიის მთავრობა მკაცრად გმობს ამ დაუფიქრებელ ესკალაციას. გერმანია აგრძელებს უკრაინის გვერდით მტკიცედ დგომას“, – წერს ფრიდრიხ მერცი სოციალურ ქსელში.