რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობის მიღწევა რომ შესაძლებელი ყოფილიყო, აქამდე მიიღწეოდა, -  ამის შესახებ ანალიტიკოსმა ზურაბ ბატიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთს და თავად პუტინს ომის გარეშე ყოფნა არ შეუძლია და სანამ ფიზიკურად არსებობს, სურს რომ იომოს.

"რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობის მიღწევა რომ შესაძლებელი ყოფილიყო, აქამდე მიიღწეოდა. აქ უამრავი ფაქტორია და პირველ რიგში, არის ის, რომ პუტინის რეჟიმი იქცა ომის პარტიად, მას აღარ შეუძლია არსებობა ომის გარეშე. იმ დღეს, როცა ის ხელს მოაწერს სამშვიდობო შეთანხმებას იმ პირობებზე, რომელსაც უკრაინა სთავაზობს, მეორე დღეს ის შეიძლება ჩამოაგდონ და რუსეთს ეს ახსოვს, რუსებს ისტორიულად არ უყვართ ის მმართველები, რომლებიც ომს ვერ იგებენ.

პუტინი ვერ აღწევს წარმატებას და შეუძლებელია, წარმატებული იყოს, ამიტომ, ერთადერთი გამოსავალი არის ის, რომ სანამ ფიზიკურად არსებობს, იომოს და აქეთაც მიდის რუსეთი, ახალს არაფერს არ აკეთებს, არ ქმნის, არც სტრატეგიულად იცვლება. მიჰყვება ამ დინებას იმ იმედით, რომ იქნებ, მსოფლიოში შეიცვალოს და ისეთი ვითარება შეიქმნას, რომ მისთვის სასარგებლოდ შეტრიალდეს ყველაფერი, თუმცა რამდენჯერაც ასეთი გათვლა ჰქონდათ, იმდენჯერ არ გაამართლა", - განაცხადა ზურაბ ბატიაშვილმა.