მიხეილ სააკაშვილი არის პუტინის და პუტინის მარიონეტის ბიძინა ივანიშვილის პირადი ტყვე, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში დღეს გადაყვანა "ქართული ოცნების" მხრიდან ოპონენტების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯების კონტექსტში გადის.

"მიხეილ სააკაშვილი არის პუტინის და პუტინის მარიონეტის ბიძინა ივანიშვილის პირადი ტყვე. ბუნებრივია, ხვალვე შევალ და მიშას მოვინახულებ, მის ყოფით გარემოს და ჯანმრთელობის მდგომარეობას გავიგებ.

რაც შეეხება იმას, თუ მაინცდამაინც დღეს რატომ გააკეთეს ეს - ჩვენ ვხედავთ კამპანიურ ხასიათს "ქართული ოცნების" მხრიდან, მათ შორის, როგორც მიხეილ სააკაშვილთან, ასევე სხვა პოლიტიკურ პატიმრებთან მიმართებაში რამხელა უკანონობებსაც ჩადიან. ამ ფონზე, ბუნებრივია, რომ არ გვიკვირს ამ ნაბიჯის გადადგმა და ალბათ,  ამ კონტექსტშია ეს ყველაფერი დასანახი, დამატებითი მტკიცებულება იმისა, თუ რატომ გადაწყდა ეს მაინცდამაინც დღეს, ჩემ ხელთ არ არის", - განაცხადა ბექა ბასილაიამ.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან“ N12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს.