ჩინეთთან არავითარი სტრატეგიული თანხვედრა არ გაგვაჩნია, მან მხარი არ დაუჭირა აფხაზეთიდან და ცხინვალიდან დევნილების ღირსეული დაბრუნების შესახებ რეზოლუციას გაეროში, რაც საერთაშორისო სამართლის ენაზე ნიშნავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარის არდაჭერას, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრმა გიგა ლემონჯავამ განაცხადა.

მისივე თქმით, "ოცნება" არ აპირებს დასავლეთის მოთხოვნების შესრულებას.

"მე ვფიქრობ, რომ ივანიშვილი არავითარი სუვერენული ავტოკრატია არ არის, ივანიშვილი არის სათამაშო, მარიონეტი კრემლის ხელში, ახლა კი ირანის და ჩინეთის სათამაშოც გახდა. 2011 წლიდანვე კრემლის სათამაშო და ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტი იყო ქართველი ხალხის და ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ. ეს მკაფიოდ იკვეთება კონკრეტულ მოქმედებებში, მაგალითად, აშშ-მა ივანიშვილს რამდენიმე პირობა ხომ დაუწესა და მათ შორის იყო მავნე გავლენებისგან გათავისუფლება, რაშიც იგულისხმება სამი რამ - ირანი, ჩინეთის კომუნისტური პარტია და რუსეთი. ამის შემდეგ კი გამოდიან და აცხადებენ, რომ ჩინეთთან ყოვლისმომცველ სტრატეგიულ ურთიერთობებს ვიწყებთო. ამ დროს ივანიშვილს სურს, რომ სანქციები მოეხსნას და თანამშრომლობა სცადოს აშშ-სთან, მაგრამ ეს ასე არ გამოვა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჩინეთთან არავითარი სტრატეგიული თანხვედრა არ გაგვაჩნია, მან მხარი არ დაუჭირა აფხაზეთიდან და ცხინვალიდან დევნილების ღირსეული დაბრუნების შესახებ რეზოლუციას გაეროში, რაც საერთაშორისო სამართლის ენაზე ნიშნავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარის არდაჭერას. ეკონომიკური თვალსაზრისითაც ძალიან საეჭვოა საქართველოში სტრატეგიულ პარტნიორობაზე დაფუძნებული ინვესტიციები, ჩინეთი არსად არ დებს ფულს ტყუილად.

ის, რასაც ახლა "ოცნება" აკეთებს, არის გზავნილი აშშ-სთვის, რომ სტრატეგიული პარტნიორობა ხომ მქონდა ჩინეთთან და ახლა კიდევ უფრო მაღალი დონის გავლენის ქვეშ ყოფნის ეტაპზე გადავდივართო. ეს არის ძალიან მკაფიო გზავნილი, სადაც ცხადად ჩანს, რომ "ოცნება" არ აპირებს დასავლეთის მოთხოვნების შესრულებას", - განაცხადა გიგა ლემონჯავამ.