ვარდების რევოლუცია იყო და შევა საქართველოს ისტორიაში როგორც უდიდესი მოვლენა, რომელმაც შექმნა თანამედროვე ქართული სახელმწიფო. ვარდების რევოლუციის შემდგომ ქვეყანაში გატარდა რეფორმების დიდი ტალღა და მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველო ყოფილიყო წამყვანი ქვეყანა აღმოსავლეთ ევროპაში, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ვარდების რევოლუციის და მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს ნატომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც დღეს საერთოდ დავიწყებულია მოღალატური რეჟიმის ქმედებების გამო, რომ საქართველო უკრაინასთან ერთად გახდება ნატოს წევრი ქვეყანა. 

"პირველყოვლისა, მინდა პრეზიდენტ სააკაშვილს და ყველა ქართველ პატრიოტს მივულოცო გიორგობა და მივულოცო ვარდების რევოლუციის 21-ე წლის თავი. ვარდების რევოლუცია იყო და შევა საქართველოს ისტორიაში როგორც უდიდესი მოვლენა, რომელმაც თანამედროვე თანამედროვე ქართული სახელმწიფოს შექმნა შესაძლებელი გახადა, რომლის შემდგომაც საქართველოში შეიქმნა თანამედროვე სტანდარტების ქართული პოლიცია, ქართული ჯარი, რომელმაც დაამარცხა პირწმინდად მთელს ქვეყანაში გაბატონებული კორუფცია, რომელმაც გაატარა განათლების სფეროში ისეთი რეფორმა, რომ ჩვენი ახალგაზრდები არ არიან იძულებულები, რომ ჩაწყობით და ფულით მოხვდნენ უმაღლეს საგანმანათლებლო სასწავლებელში. ჩვენ შევებრძოლეთ ჩამყაყებულ სისტემას ქურდული მენტალიტეტისა, ქურდული სამყაროსი, კრიმინალისა და ძალიან ბევრს მივაღწიეთ, თუმცა სამწუხაროდ, ბოლომდე არ მოგვარდა ეს პრობლემა, არ ამოიძირკვა ეს მენტალიტეტი და ჩვენ დავიცავით 2008 წელს ჩვენი ქვეყანა მთლიანი ოკუპაციისაგან, რაც სამწუხაროდ, ვერ მოახერხა 1921 წელს არსებულმა საქართველოს ხელისუფლებამ. ჩვენ შევძელით ქართველი ხალხის, ჯარის და საერთაშორისო დახმარების და მხარდაჭერის კონსოლიდაცია.

ვარდების რევოლუციის შემდგომ დღეს ძალიან ცოტას ახსოვს, რომ საქართველომ მშვიდობიანად დაიბრუნა აჭარა, რომელიც რუსეთის მოკავშირე და რუსეთის აგენტის, ასლან აბაშიძის მიერ იყო ჩამოცილებული საქართველოს. ქვეყანაში უამრავი რეფორმა გატარდა, უამრავი ნაბიჯი გადაიდგა, რომელსაც რა თქმა უნდა, ახლდა პრობლემები, სირთულეები, რომელმაც საქართველო თანამედროვე ქართულ სახელმწიფოდ ჩამოაყალიბა. ჩვენ დავიწყეთ ევროკავშირში ინტეგრაცია, ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ საქართველოს მიეღო ვიზალიბერალიზაცია, საქართველოს ჰქონოდა ასოცირების ხელშეკრულება და საქართველო ყოფილიყო აღმოსავლეთ ევროპის წამყვანი ქვეყანა. ვარდების რევოლუციის და მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს ნატომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც დღეს საერთოდ დავიწყებულია მოღალატური რეჟიმის ქმედებების გამო, რომ საქართველო უკრაინასთან ერთად გახდება ნატოს წევრი ქვეყანა", - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.