24 ნოემბერს, საღამოს, 21:00 საათზე ვიკრიბებით ყველა რესპუბლიკის მოედანზე. პარალელურად ჩვენ შემოგვიერთდებიან რეგიონებიდან მსვლელობები, რომლებიც ემზადებიან, -  ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, 24 ნოემბერს, შეკრების შემდეგ, ფეხით მსვლელობით გაემართებიან საქართველოს პარლამენტისკენ, სადაც გაათენებენ ღამეს.

"დღეს, 22:00 საათამდე ვართ აქ, არ ვიძრებით აქედან, თუმცა, ახლა მინდა გაგაცნოთ პუნქტობრივად, პროდასავლური ოპოზიციის საერთო განცხადება 24 ნოემბრისა და 25 ნოემბრის დღესთან დაკავშირებით. 24 ნოემბერს, საღამოს, 21:00 საათზე ვიკრიბებით ყველა რესპუბლიკის მოედანზე. პარალელურად ჩვენ შემოგვიერთდებიან რეგიონებიდან მსვლელობები, რომლებიც ემზადებიან. შეკრების შემდეგ, ჩვენ ფეხით მსვლელობით გავემართებით საქართველოს პარლამენტისკენ, სადაც დავრჩებით ხვალინდელი ღამე. პარალელურად, დასავლეთიდან ჩამოსული ავტომობილები ჩამოვლენ რესპუბლიკის მოედანზე, ხოლო აღმოსავლეთის ავტომობილები ჩამოვლენ თავისუფლების მოედანზე და ორი საათის მანძილზე მსვლელობას მოაწყობენ თბილისის მასშტაბით. იმისთვის, რომ ამ მანქანების მსვლელობით, ჩვენ გამოვაფხიზლოთ, კიდევ ერთხელ, თბილისი და მოვუწოდოთ ყველას, რომ მოვიდნენ რუსთაველზე. ვათენებთ ღამეს და თვითმარქვია "ქართულ ოცნებას“ ვუცხადებთ, რომ თუ ისინი გადაწყვეტენ თავყრილობას, ეს იქნება თვითგამოცხადებული ადამიანების შეკრება და არაფერი საერთო ამას საქართველოსთან არ ექნება“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.