“ქართულმა ოცნებამ” მთავრობის ნება-სურვილს დაუქვემდებარა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გრანტის მიღება, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებაშია აღნიშნული. 

ორგანიზაციის განცხადებით,  მიღებული და ინიციირებული ცვლილებებით “ქართულმა ოცნებამ” სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” კანონი საკუთარ კომფორტს მოარგო და გააუქმა კონსტიტუციური უფლების მნიშვნელოვანი გარანტიები.

"მიღებული და ინიციირებული ცვლილებებით: “ქართულმა ოცნებამ” სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” კანონი საკუთარ კომფორტს მოარგო და გააუქმა კონსტიტუციური უფლების მნიშვნელოვანი გარანტიები; ცილისწამების თაობაზე დავების განხილვისას სასამართლოში მტკიცების ტვირთი მოსარჩელის ნაცვლად მოპასუხეს ეკისრება; ჟურნალისტს შესაძლოა, დააკისრონ პასუხისმგებლობა მხოლოდ იმის გამო, რომ არ დაასახელა ინფორმაციის წყარო, კანონს უკუძალა ექნება და კანონის ძალაში შესვლამდე 100 დღით ადრე გაკეთებულ განცხადებებსაც შეეხება;

დაიხურა სასამართლო გადაწყვეტილებებზე ხელმისაწვდომობა და გაიზარდა „სასამართლოს უპატივცემულობის“ ცნება. ნებისმიერ საჯარო სივრცეში, მათ შორის სოციალურ მედიაში, ნებისმიერი ფორმით სასამართლოს ან მოსამართლის მიმართ გამოთქმულმა აზრმა ან პროტესტმა შეიძლება გამოიწვიოს პასუხისმგებლობა; სასამართლო პროცესების ვიდეო-აუდიო გადაღება მხოლოდ იუსტიციის საბჭოს თანხმობითაა შესაძლებელი; აქციების დროს გზის გადაკეტვისათვის, პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობის, წვრილმანი ხულიგნობის ან პოლიტიკური ფიგურის შეურაცხყოფისთვის დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობა პატიმრობას იწვევს; სისხლის სამართლის კოდექსის რეპრესიული ცვლილებებით, რომელსაც მოქმედების უკუძალაც აქვს, მსჯავრდადებულ პირებს (მათ შორის ნაკლებად მძიმე დანაშაულში) შესაძლოა მოქალაქეთა ქვეყნიდან გასვლა აკრძალოთ; დაზარალებულს უფლება ექნება ზიანის ანაზღაურება არა მხოლოდ დანაშაულის ჩამდენი პირისგან, არამედ დაკავშირებული პირებისაგან (მათ შორის ოჯახის წევრებისგან) მოითხოვოს და მათ ქონება ჩამოერთვათ; მსჯავრდადებულს, რომელსაც არ შეუსრულებია დაზარალებულისათვის კომპენსაციის გადახდის ვალდებულება აეკრძალება საარსებო მინიმუმის ორმაგ ოდენობაზე მეტი დახმარება მიიღოს მეგობრის, ნათესავისა და ოჯახის წევრისაგან; სისხლის სამართლის პროცესში სასამართლო გადაწყვეტილება სხვა მტკიცებულებებთან ანონიმური მოწმის ჩვენებას შეიძლება დაეყრდნოს; “ქართულმა ოცნებამ” ფაქტობრივად გააუქმა საპარლამენტო კონტროლი, რომელიც ერთპარტიული პარლამენტის პირობებში ისედაც არ ხორციელდებოდა და გაზრდილი ხელფასების ფონზე დეპუტატებს საქმე გაუნახევრა; “ქართულმა ოცნებამ” მთავრობის ნება სურვილს დაუქვემდებარა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გრანტის მიღება და უკვე რიგით მეოთხე კანონი მიიღო თითქმის ყველა დაჩქარებული წესით, რომელიც მიზნად ისახავს არასამთავრობო ორგანიზაციების გაუქმებას; გრძელდება რეპრესიები საჯარო სამსახურში და იხურება არა ერთი სსიპ-ი, რაც ათობით ადამიანის უმუშევრად დარჩენას ნიშნავს; გაუქმდა სპეციალური საგამოძიებო სამსახური, რომლის მთავარი ფუნქციაც სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიება იყო; გამარტივდა უცხოელთა გაძევება საქართველოდან, რასაც ხელისუფლება ძირითადად „ქართული ოცნებისადმი“ კრიტიკულად განწყობილ უცხოელებთან დაკავშირებით იყენებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
ამასთან, ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონი” გამოხატვის ჩახშობის იარაღად გადაიქცევა და არა დაცვის მექანიზმად, რაც ეწინააღმდეგება არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციას, არამედ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს.

„ქართულმა ოცნებამ” “საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში ცვლილებები შეიტანა, რომელიც წარმოადგენს მმართველი ძალის გაცხადებულ მცდელობას სამართლებრივი სივრცის ტოტალური კონტროლი დაიკანონოს და გააუქმოს სასამართლო ხელისუფლებაზე საზოგადოების ზედამხედველობის საჯარო მექანიზმები. წარმოდგენილი ცვლილებები წარმოადგენს სახიფათო უკუსვლას სასამართლო სისტემის გამჭვირვალობისა და დამოუკიდებლობის კუთხით და სასამართლოს, რომლის დამოუკიდებლობის მიმართაც კითხვის ნიშნები არსებობს, კიდევ უფრო დახურულ უწყებად აქცევს. სასამართლო პროცესების დახურვა, სასამართლო გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობის აკრძალვა მნიშვნელოვნად ამცირებს სასამართლოს ზედამხედველობის საჯარო მექანიზმებს.
ახალი რეგლამენტით პარლამენტმა ფაქტობრივად უარი თქვა თავისი მთავარი ფუნქციის - მთავრობაზე ზედამხედველობის განხორციელებაზე. “ქართული ოცნების” პარლამენტი პრაქტიკაში ისედაც აღარ იყენებდა მის ხელთ არსებულ მექანიზმებს. მინისტრის საათი, თემატური მოკვლევა, საბჭოები და კომიტეტები ხშირად ფორმალურად ფუნქციონირებდა და რეალურ ზედამხედველობას არ უზრუნველყოფდა. ახალი რეგლამენტის პროექტმა კი მხოლოდ დაადასტურა ის, რაც დიდი ხანია თვალსაჩინოა — "ქართული ოცნების" დეპუტატებისთვის მთავარი პრიორიტეტი არც გამჭვირვალობაა, არც საზოგადოებრივი ჩართულობა, არამედ საკუთარი პოლიტიკური კომფორტი: მეტი ხელფასი, მეტი თანაშემწე, მეტი სოციალური გარანტია და ნაკლები საქმე. ამიტომაც მოარგეს პარლამენტი“, - აღნიშნულია განცხადებაში.