ხელისუფლებას მიაჩნია, რომ ის მოთხოვნები, რაც ჩვენ გვაქვს, მათ არ ეხებათ იმიტომ, რომ მათ არალეგიტიმურად არ მიაჩნიათ თავი და არც ის ჰგონიათ, რომ პოლიტიკური პატიმრები ჰყავთ, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მოთხოვნების აღსასრულებლად რუსთაველის პროტესტის გაძლიერებაა საჭირო.

"ხელისუფლებას მიაჩნია, რომ ის მოთხოვნები, რაც ჩვენ გვაქვს, მათ არ ეხებათ იმიტომ, რომ მათ არალეგიტიმურად არ მიაჩნიათ თავი და არც ის ჰგონიათ, რომ პოლიტიკური პატიმრები ჰყავთ, მაგრამ რეალობა ისაა, რომ მშვენივრად იციან, რომ პოლიტპატიმრებიც ჰყავთ და მათი არალეგიტიმურობის გამო ქვეყანა იზოლაციაში მიდის, ამიტომ ახალი საპარლამენტო არჩევნების და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების გარეშე ამ ქვეყანაში არაფერი შეიცვლება და ჩვენ მიგვაჩნია, რომ იმისათვის, რომ ეს მოთხოვნა კიდევ უფრო გაძლიერდეს, უნდა გაძლიერდეს რუსთაველის პროტესტი.

სასჯელაღასრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდა დათო ჭელიძე და ჩვენთან ერთად არის. ერთი ადამიანი სასწრაფომ გადაიყვანა და გასინჯვა დასჭირდა, დანარჩენები ვაგრძელებთ შიმშილობის აქციას.

მოთხოვნა არის უცვლელი - ახალი სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება. მიგვაჩნია, რომ ეს არის დღეს ყველაზე აქტუალური, ამიტომ ჩვენ ჩვენს პროტესტს ვერ შევწყვეტთ.

იმ ქვეყანაში, სადაც არიან პოლიტიკური პატიმრები და სადაც არის არალეგიტიმური ხელისუფლება, ადამიანი არ უნდა იყოს მშვიდად და არ უნდა იყოს გულგრილი მაყურებელი ამ პროცესის", - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

პარლამენტის შენობის წინ 8 ადამიანი 16 დღეა, შიმშილობს. მათი მოთხოვნებია - დაინიშნოს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები.