ეს ე.წ. პარლამენტი არის იმ მე-11 არმიის მემკვიდრე, რომელმაც ფეხქვეშ გათელა ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტი, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერმა ნიკა მელიამ საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მოქმედმა პრეზიდენტმა ამ არჩევნებს რუსული ყაიდის არჩევნები უწოდა.

"ყოველი დღე უმნიშვნელოვანესია, სანამ თვითმარქვია ჰყავს ხელისუფლებაში ქვეყანას. გავიაზროთ, რომ, უპირველესყოვლისა, სანამ გავიმარჯვებთ, ამ სახელმწიფოს ჰყავს თვითმარქვია, ე.წ. ხელისუფლება, რომელმაც საკუთარი თავი გამარჯვებულად გამოაცხადა. მას არ აქვს მხარდაჭერა ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობისა. როდესაც ასეთი ხელისუფლება გყავს, შენი ვალია პროტესტი, წინააღმდეგობა და ყოველდღიური დაუმორჩილებლობა. შემთხვევით არ ხდება ის, რომ დემოკრატიულმა მსოფლიომ ამ არჩევნების შედეგები არ აღიარა, ამას აქვს კონკრეტული მიზეზები. საქართველოს მოქმედმა პრეზიდენტმა ამ არჩევნებს რუსული ყაიდის არჩევნები უწოდა, არც ოპოზიციური პარტია, არც სამოქალაქო საზოგადოება და არავინ არ აღიარებს ამ არჩევნებს. საკონსტიტუციო რაოდენობაც არ არის პარლამენტში. ეს ე.წ. პარლამენტი არის იმ მე-11 არმიის მემკვიდრე, რომელმაც ფეხქვეშ გათელა ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტი“, - განაცხადა ნიკა მელიამ.