მურმან დუმბაძე აცხადებს, რომ აჭარის მთავრობის ყოფილ მეთაურს თორნიკე რიჟვაძეს სამშობლოში დაბრუნება უნდა, თუმცა ამის საშუალებას "ქართული ოცნება" არ აძლევს.

"თორნიკე რიჟვაძეს სურვილი აქვს, საქართველოში შემოვიდეს, სახელმწიფო საზღვარი გადმოლახოს, თუმცა რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია, ჩვენი მოცემული მთავრობა, ჯერჯერობით მას არ აძლევს უფლებას, საზღვარი გადმოკვეთოს.

ყოველ შემთხვევაში, მისი სურვილი არის, რომ შემოვიდეს საქართველოში და კონტაქტი გააგრძელოს ბიძინა ივანიშვილთან - ასე მეჩვენება მე", - განაცხადა დუმბაძემ TV პირველის ეთერში.

თორნიკე რიჟვაძის საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელმა ალეკო ახვლედიანმა ჟურნალისტებთან მიმდინარე კვირას განაცხადა.

მისი თქმით, აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაური გეგმავს მედიის შეკითხვებს უპასუხოს და "ყველა კითხვას გასცეს პასუხი".

პროკურატურის ვერსიით თორნიკე რიჟვაძემ 7 ივლისს, საგარეჯოში, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის სახლში, თვითმკვლელობა ალექსი ახვლედიანის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღით სცადა.

რიჟვაძე მთელი ამ პერიოდის განმავლობაში თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში გადიოდა მკურნალობას.