ჩემი ქვეყანა - საქართველო დღესდღეობით რამდენიმე ფუნდამენტური გამოწვევის წინაშე დგას. ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ და მისი მშვიდობიანი დეოკუპაცია ჩემი ხალხის ერთ-ერთი მთავარი ეროვნული მიზანია. უკრაინაში მიმდინარე ომის კონტექსტში არსებობდა საფრთხე, რომ სამხედრო კონფლიქტი საქართველოზეც გავრცელდებოდა. ეს იყო ჩვენი მთავრობის მთავარი მიზანი, რომ თავიდან აგვერიდებინა ომი ჩვენს ქვეყანაში და ჩვენ ამას წარმატებით მივაღწიეთ, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბილბაოში.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და გმობს რუსეთის სამხედრო აგრესიას ყველა საერთაშორისო ფორუმზე.

"ამავდროულად, ჩვენ ვატარებთ პრაგმატულ პოლიტიკას, რათა თავიდან ავიცილოთ ესკალაცია და ხელი შევუწყოთ მშვიდობას რეგიონში. საქართველო ასევე ცდილობს, ფასილიტატორის როლი შეასრულოს ორ მეზობელ ქვეყანას - სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. და ბოლოს, ჩვენ გვჯერა, რომ მშვიდობასა და განვითარებას ალტერნატივა არ აქვს და ყველა ერი თანმიმდევრულად უნდა გაჰყვეს ამ გზას“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.