პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შემუშავებული "ხედვა 2030 – საქართველოს განვითარების სტრატეგიით“ გათვალისწინებული ქალაქების უწყვეტი წყალმომარაგების უზრუნველყოფის მიზნით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, ქალაქ წალენჯიხის 24 საათიანი წყალმომარაგებისთვის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოებს იწყებს.

პროექტს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით 25 მილიონ ლარადმე მოხმარდება. შესაბამის ხელშეკრულებას ხელი წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ ნინო ნაროზაშვილმა და ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია - ამხანაგობა "ინვესტ გრუპის" თავმჯდომარემ გიორგი წკრიალაშვილმა მოაწერეს.

პროექტი ითვალისწინებს სათავე ნაგებობის რეაბილიტაციას, ახალი წყლის გამწმნედი ნაგებობების მოწყობას, რეზერვუარების, მაგისტრალური მილებისა და 60 კმ-მდე შიდა ქსელების რეაბილიტაცია/მშენებლობას. პროექტირების დასრულებისთანავე, დაიწყება ქალაქის წყალმომარაგების სისტემების სამშენებლო სამუშაოები. 2025 წლის ბოლოსთვის, ქალაქ წალენჯიხის მოსახლეობა განახლებული ინფრასტრუქტურითა და 24-საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.