ასი ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით, 13 ნოემბერს დაგეგმილი ღონისძიების გამო, 10:00-დან 20:00 საათამდე, მეტეხის ხიდზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, შეზღუდვა შეეხება ევროპის მოედნიდან ვახტანგ გორგასლის მოედნის მიმართულებით არსებულ საგზაო მონაკვეთს. გარდა ამისა, გორგასლის ქუჩიდან მეტეხის ხიდის მიმართულებით მიმავალი ავტომობილებისთვის მარჯვნივ მოხვევა აიკრძალება. გადაადგილება ასევე შეიზღუდება ევროპის მოედნიდან მეტეხის ხიდის მიმართულებით, ხოლო წრიული მოძრაობა დარჩება უცვლელი.

შეზღუდვის პერიოდში საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელი იქნება კოტე აფხაზის ქუჩიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით.

აღნიშნულ პერიოდში დროებით შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტიც. კერძოდ, ის ტრანსპორტი, რომელიც მეტეხის ხიდის გავლით ევროპის მოედანზე და შემდეგ, ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროს გავლით ბარათაშვილის ქუჩაზე გადაადგილდებოდა, შეზღუდვის პერიოდში კოტე აფხაზის ქუჩით საშუალებით იმოძრავებს.