უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, სულ რაღაც ერთ კვირაში რუსმა ოკუპანტებმა გამოიყენეს 1700-ზე მეტი თავდასხმის დრონი, 1380-ზე მეტი მართვადი საჰაერო ბომბი და სხვადასხვა ტიპის 69 რაკეტა.

"რუსეთის მიერ განხორციელებული ყოველი მასიური დარტყმა შეიძლება დამანგრეველი იყოს. ამიტომ, საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის რაკეტები ყოველდღიურად არის საჭირო და ჩვენ ვაგრძელებთ ამერიკასთან და ევროპასთან თანამშრომლობას, რათა უზრუნველვყოთ უფრო ძლიერი საჰაერო დაცვა“, - განაცხადა ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ვილნიუსში მიმდინარეობს კოორდინაცია რეგიონულ პარტნიორებთან, ლიეტუვასთან და პოლონეთთან. მისივე თქმით, უკრაინა თითოეულ ლიდერთან მუშაობს სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად და რომ რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებმა საუკეთესოდ იციან მის მიერ შექმნილი საფრთხის მასშტაბები.

24 იანვრის ღამეს რუსეთმა უკრაინაზე კიდევ ერთი მასშტაბური კომბინირებული თავდასხმა განახორციელა, რომელშიც 375-ზე მეტი თავდასხმის დრონი და სხვადასხვა ტიპის 21 რაკეტა გამოიყენეს. საჰაერო სამიზნეების უმეტესობა საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს, თუმცა რამდენიმე დარტყმა დაფიქსირდა. კიევმა ყველაზე მეტი ნგრევა განიცადა, დაზიანდა დედაქალაქის ხუთი რაიონი. დაიღუპა ერთი და დაშავდა სულ მცირე 4 ადამიანი.