რასაც ისინი აკეთებენ არის მობილიზება ადმინისტრაციული რესურსის, ეს აქცია ვერ შეედრება იმ აქციებს, სადაც გულანთებული ხალხი გამოდის რუსთაველზე უკვე ერთ კვირაზე მეტია, - ამის შესახებ პარტია "გირჩი- მეტი თავისუფლებას" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

მისი თქმით, კონკრეტული გეგმა თავად ჯერ არ აქვს აღნიშნულთან დაკავშირებით და მიმდინარეობს კონსულტაციები პარტიებთან.

"არაფერი აქცია არ არის, რასაც ისინი აკეთებენ არის მობილიზება ადმინისტრაციული რესურსის, იქ ვნახავთ ძალიან ბევრ თვითმმართველობის და სიპების თანამშრომლებს, რომლებსაც დაამობილიზებენ და ჩამოიყვანენ მთელი ქვეყნიდან, რომ ვითომ რაღაც ძალას წარმოადგენენ. ცხადია, ეს აქცია ვერ შეედრება იმ აქციებს, სადაც გულანთებული ხალხი გამოდის რუსთაველზე უკვე ერთ კვირაზე მეტია.

რაც შეეხება გეგმებს, ამასთან დაკავშირებით გვაქვს ჯერ ცალკე კონსულტაციები პარტიებთან და როგორც ვიცით, ცალკე აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციებსაც, როგორც კი რაიმე გადაწყვეტილებას მივიღებთ, ამის შესახებ ვაცნობებთ საზოგადოებას",  - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.