ეკა კვირკველია ექიმი-რეპროდუქტოლოგია, რომელმაც პაციენტთა განათლების მიზნით ვლოგერობა დაიწყო – იგი საინფორმაციო, საგანმანათლებლო ვიდეოებს იღებს და სოციალურ ქსელ ტიკტოკში ავრცელებს.

მის აქტივიზმს – როგორც თავად უწოდებს ამას – საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. რამდენიმე კვირის წინ საჯაროდ განაცხადა, რომ მისი საქმიანობის გამო სექსუალური შევიწროების მსხვერპლია და პოლიციას მიმართა.

ამჟამად მიმდინარეობს საქმის ადმინისტრაციული წარმოება პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს ექიმის მიმართ გენდერული ნიშნით განხორციელებული შესაძლო სექსუალური შევიწროების ფაქტზე, რაც გამოიხატა ონლაინ სექსუალური ძალადობის, ღირსების შემლახველი და დამამცირებელი კომენტარებისა და მიმოწერების გაგზავნით.

ეკა კვირკველია ამბობს, რომ სექსუალური შევიწროების გარდა, კრიტიკისა და ბულინგის ობიექტიც გამხდარა, მათ შორის, კოლეგების მხრიდანაც.

რა გამოწვევების წინაშე დააყენა პაციენტებზე ზრუნვის  სურვილმა, როგორ უმკლავდება ონლაინ თავდასხმებს და რატომ დაიწყო ვიდეოების განთავსება სოციალურ ქსელში –  ამ და სხვა საკითხებზე  ეკა კვირკველია თავის ისტორიასა და ხედვებს გვიზიარებს:

რატომ დავიწყე საინფორმაციო ვიდეოების გადაღება

წლების განმავლობაში მინდოდა, რამე გამეკეთებინა პაციენტთა განათლებისთვის, რადგან ვხედავდი, რომ ადამიანებმა ელემენტარული ანატომია არ იცოდნენ. ბევრჯერ გადავდე, მაინც სპეციფიკური თემაა და ველოდი, რომ აგრესია, ნეგატივი წამოვიდოდა. მეშინოდა. თუმცა ერთხელ  ჩემთან  გაუპატიურებული გოგონა მოვიდა და ეს იყო ბოლო წერტილი –  უბრალოდ ავიღე კამერა და ბლოგი ჩავწერე.

ერთხელ არასრულწლოვანმა მომწერა, რომელიც ორსულად იყო და აინტერესებდა, დაქალთან ერთად თუ შეეძლო აბორტის გაკეთება: “მომკლავენ, მშობლები სახლიდან გამომაგდებენო”. მოზარდებს დაუცველი სქესობრივი კავშირები აქვთ, არ აქვთ განათლება და ხშირად აქვთ ინფექციები. სულ გირეკავენ, რომ ასწავლო, აბორტი სად გაიკეთონ, ან გადაუდებელი კონტრაცეფცია, რაც ყველაზე პოპულარულია.

ამ წლების განმავლობაში ვნახე ბევრი ტანჯული, გაუპატიურებული, დაჩაგრული, შევიწროებული ადამიანი. ისინი ვერ ხვდებოდნენ, რომ ის, რაც მოხდა, მათზე ძალადობაა და უბრალოდ, მხოლოდ აბორტზე ფიქრობენ. შეუძლებელი იყო ჩემთვის ამ ყველაფრის ყურება. გადავწყვიტე, ახლა უნდა ავლაპარაკდე-მეთქი. ვთქვი, რომ უბრალოდ, ვერ გავჩუმდები. ვიფიქრე, იქნებ შევიტანო წვლილი იმაში, რომ ჩვენს შვილებს — არ აქვს მნიშვნელობა, ჩემი იქნება თუ სხვისი — არ ჰქონდეთ ის ტრავმები, რაც ჩვენ გამოვიარეთ იმის გამო, რომ არ გვქონდა განათლება. გავიზარდეთ ისე, რომ ჩვენს მშობლებთან არ გვქონდა კომუნიკაცია ამ თემებზე.

ბევრი კრიტიკა მოჰყვა ვიდეოებს, მათ შორის კოლეგებისგან. თუმცა ერთხელ ჩემი ვლოგისთვის კოლეგებთან ერთად გადავიღე რამდენიმე ვიდეო. კაც ექიმებთან ერთად როცა გამოვჩნდი — ზაზა თელიასთან, პედიატრ ძმებთან და ა.შ. აი, მაგ დროს მოხდა ჩემი აღიარება – თუ ქალი ექიმი კაცთან ერთად დგას, კარგი, მაშინ მივიღებთ. მაგ ვიდეოებს ნეგატივი არ მოჰყოლია. ძალიან მეცინებოდა ამაზე, მაგრამ თან მწყინდა.

თავიდან გათვლა მქონდა ქალებზე და მათ აქტიურობას მოველოდი. ამიტომ, სიმართლე გითხრათ, ძალიან უცნაური იყო, რომ პირიქით მოხდა — ძალიან მაღალი იყო კაცების აქტივობა. ზოგადად, საქართველოში კაცების ცნობიერების დონე უფრო დაბალია და ამ საკითხებზე ნაკლები ინფორმაცია აქვთ. ამას კვლევებიც ადასტურებს. თუმცა თანდათან მივხვდი, რომ ისინი არა განათლებით, არამედ ჩემით ინტერესდებოდნენ. ძალიან ბევრი ცოლიანი კაცი იყო, ვინც მომწერა, შემომთავაზა სქესობრივი კავშირი. ამ დროს ცოლთან ერთად და შვილთან ერთად ფოტო უდევს. აქეთ ვიგრძენი თავი უხერხულად იმ ხალხთან.

ჩემთვის ყველაზე საწყენი ის იყო, რომ პროფესიულ საუბრებს, ძალიან სერიოზულ და მძიმე თემებს მოჰყვა ეს ყველაფერი. არავისთან ფლირტი მე არ მიცდია ამ ჩემი ვიდეოებით.

უარყოფითი გამოხმაურებები

სიმართლე გითხრათ, თავიდან ძალიან დეპრესიული ვიყავი – ძალიან დიდი აგრესია ჩანდა. პოზიტიური არ ჩანდა, რადგან  ხალხს რცხვენია დადებითი კომენტარების დაწერა და  ჩემი გამოწერაც კი. ხალხი რას იტყვის, ჩემი გამომწერი რომ გახდეს — ამას პირადად მეუბნებიან. ვერც აკომენტარებენ. აი, თუნდაც ჩემმა დაქალებმა რომ დააკომენტარონ, უამრავი მამაკაცი შეიძლება შეუვარდეს და თავიანთი შიშველი სურათებიც გაუგზავნონ.

მე რომ ქალი ვარ და სექსზე ვსაუბრობ, თუნდაც პროფესიულად, მათი აზრით, ყველასთან სექსი მინდა.

თუმცა სხვა ჭრილშიც მაკრიტიკებენ. პირველად, რაზეც მლანძღეს, იყო 72%-იანი სარეცხი საპონი — მაგით არ უნდა დაიბანოთ ვულვა -მეთქი. მაგ ვიდეოს მერე ისე “მათრიეს”, ეგეთი ბულინგი არ მოჰყოლია ქალიშვილობის თემებზე საუბარს.

ძალიან ბევრმა კოლეგამაც გამაკრიტიკა. ყველა ამბობს, რომ მოზომილად უნდა ვილაპარაკო. მე მართლა ვერ ვხვდები, რა უნდა მოვზომო, ყველაფერზე ვსაუბრობ სამეცნიერო კუთხით.

როცა ცდილობ ადამიანებს დაეხმარო და ისინი გაგინებენ არაფრის გამო, ბრაზდები, სევდა გეუფლება და ფიქრობ – თუ ასეთი ამორალურია საზოგადოება, იმსახურებს ჩვენგან განათლებას?! თუმცა ეგ არის ჩაკეტილი წრე —- იმ ადამიანებს სწორედაც მაგიტომ აქვთ ეგეთი რეაქცია, რომ არ აქვთ შესაბამისი განათლება. ამიტომ ვაგრძელებ.

დადებითი გამოხმაურებები

ბევრჯერ მიფიქრია, რომ გავჩერდე. ძალიან ბევრჯერ. ალბათ, ყოველდღე. რაც არ უნდა ძლიერი ქალი ვიყო, მეც ადამიანი ვარ და როგორც ყველას, მაქვს სისუსტეები. სისუსტეების აღიარება სიმამაცეს მოითხოვს. არ მეშინია იმის თქმის, რომ ბევრჯერ შემშინებია რაღაც კომენტარების. თუნდაც, სექსუალური შევიწროების ნაწილში, შიშველი სურათებს რომ მიგზავნიდნენ. თუმცა, ამის პარალელურად, იმხელა დადებითი მუხტი მოდის ადამიანებისგან - ქუჩაში მხვდებიან, მაღაზიაში, უბანში, სადაც არ უნდა წავიდე.

მშობლები მწერენ ხშირად, რომ შვილს მოგიყვანთ და ტრენინგები ჩაუტარეთ, წიგნი გამოგვიგზავნეთ, ნეტავ, ყველა ექიმი შენსავით გველაპარაკებოდეს და გვასწავლიდესო. უზარმაზარი ნაკადი გაჩნდა, ვინც იმიტომ მენდობოდა, რომ ყველაფერს ვხსნიდი მარტივად.

ყველაზე მეტად რა მიხარია, იცით?! ტიკტოკს აქვს ანალიზის სისტემა, რომელიც გაჩვენებს, რა  ქალაქებიდან გიყურებენ და რამდენი პროცენტი. თავიდანვე დაიწყო გალით, ასევე სოხუმი და გაგრა გაჩნდა ქალაქების ჩამონათვალში და  ვიყავი უბედნიერესი. წარმოიდგინეთ, იმ ადამიანებისთვის ჯანდაცვა როგორი პრობლემაა?! ასევე, ემიგრანტები რომ მიყურებდნენ და მწერდნენ, აქ საბუთები არ გვაქვს, ექიმებთან ვერ მივდივართ და თქვენ გვეხმარებითო. ონლაინ კონსულტაციებითაც ვეხმარებოდი. ბევრი ნეგატივი  გადაიწონა ამ პოზიტიური გამოხმაურებებით.

სექსუალური შევიწროება და პოლიციისთვის მიმართვა

სექსუალურ შევიწროება რომ დაიწყო, თავიდანვე ძალიან ვისტრესებოდი. უდიდესი ტრავმები მივიღე. ამდენ სექსუალურ შევიწროებაზე პრინციპულად  ვეღარ გავჩუმდებოდი. ბოლო წვეთი  იყო მუქარის შემცველი ერთ-ერთი ტექსტი.  ახლა არ მინდა პერიფრაზირებაც კი. მე მართლა მეშინოდა და ახლაც მეშინია ქუჩაში მარტო გადაადგილების.

რა თქმა უნდა, რთული იყო გასაჯაროება. ველოდი, რომ მეტყოდნენ —- რატომ არ დაბლოკე? ველოდი, თანამშრომლები მეტყოდნენ – დაუკელი ტონს და ცოტა შეამსუბუქე; ველოდი, მეტყოდნენ –  რატომ ვწერ ამ ვიდეოებს, თუ შეიძლება ფიზიკური განადგურებით დამემუქროს ვიღაცა?!

მაგრამ, მივხვდი, რომ უდიდესი პასუხისმგებლობა დამეკისრა. გავაცნობიერე, რომ რადგან უამრავი ქალი და ოჯახი მიყურებს, ამას თუ არ გავასაჯაროებ, პრობლემა  ვერ მოგვარდება  — ვერც ჩემთვის და ვერც სხვებისთვის.

თუ ჩემს პროფესიაზე არ ვისაუბრებ, რა თქმა უნდა, აღარ ვიქნები მსხვერპლი. თუ გავჩუმდებით, თუ “კარგი გოგოები” ვიქნებით და ცხრა საათის მერე სახლიდან არ გავალთ, არავინ გაგვაუპატიურებს. მაგრამ ეს არის გამოსავალი? არ არის. იმიტომ, რომ აბორტის მაჩვენებელი რჩება, ინფექციები რჩება, აივი და ნაადრევი ქორწინებები მატულობს, გენდერული ბალანსი არ გვაქვს, თანასწორობა არ გვაქვს, ოჯახში ქალებს კლავენ. ეს პრობლემები გაგრძელდება, პედოფილია და ძალადობა გაგრძელდება, სექსუალურ შევიწროება ონლაინში თუ ლაივში გაგრძელდება.

“რატომ არ დაბლოკე?”

ხშირად მეკითხებიან და კომენტარებშიც მიწერენ – “რატომ არ დაბლოკე?”

ჩვენებაშიც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ – ძალიან ბევრი დავბლოკე. ასობით. ეს ნახეს კიდეც პოლიციელებმა. დავბლოკე, დავბლოკე, დავბლოკე და მერე დავფიქრდი – თუ პრეცედენტი არ დადგა იმის, რომ ეს ადამიანები გავასაჯაროვეთ, ვამხილეთ და თუნდაც შევარცხვინეთ, ამ თემას არასდროს ექნება დასასრული.

ძირითადად უფრო კაცები გეუბნებიან, რომ დაბლოკო – ოჯახის წევრი მამაკაცები: რატომ დადიხარ მაგათ დონეზე? რატომ შედიხარ დეტალებში? შენ რა, არა ხარ კდემამოსილი?

ოჯახში და სანათესავოში რომ მაგას მეუბნებით  და საზოგადოებაც, გგონიათ,  დაბლოკვა არის გამოსავალი? რომ არასდროს, არც ერთ ქალს აღარც ერთი ეს მოძალადე აღარ მისწერს? მე რომ ეს ადამიანები მაწუხებენ, მავიწროებენ, სხვა ქალებს კლავენ საერთოდ, ან ბავშვებს აუპატიურებენ და აშანტაჟებენ შიშველი სურათების გამოქვეყნებით, აი, ამის პრევენციისთვის რა გააკეთეთ?

კითხვის დასმა, რატომ შეგავიწროვეს, რატომ გაგაუპატიურეს, რატომ მოკლეს, რატომ მოხდა შენ ცხოვრებაში ეს, არის მოძალადის მხარდაჭერა.

https://netgazeti.ge/