ეს არის საქართველოს ყველაზე დიდი იზოლაცია. აცდენაა აქვს "ქართულ ოცნებას" იმ რეალობასთან, რომელიც მთელი მსოფლიოსთვის არის ნათელი, - ამის შესახებ ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის უფროსმა მკვლევარმა გიგი გიგიაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, აზერბაიჯანი და სომხეთი ცდილობს, დაუახლოვდეს დასავლეთს, საქართველო კი რუსეთის უკანა ეზოდ იქცევა.

"ეს არის საქართველოს ყველაზე დიდი იზოლაცია, რაც გაცხადებულიც არის, ეს არის იმის ნიშანი, რომ საქართველო აღარ განიხილება ამერიკის დღის წესრიგში. მაშინ, როცა ჩვენი უახლოესი ორი ქვეყანა დგამს ისეთ ნაბიჯებს, რომ ქვეყანა სამომავლოდ განვითარდეს და ჰქონდეს მშვიდობიანი და განვითარებული მომავალი, ამ დროს "ქართული ოცნება" ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საქართველო სრულ იზოლაციაში მოექცეს მთელი მსოფლიოსგან.

აცდენაა აქვს "ქართულ ოცნებას" იმ რეალობასთან, რომელიც მთელი მსოფლიოსთვის არის ნათელი. ყველას კარგად ესმის, რა ხდება დღეს ჩვენს ქვეყანაში და როგორ ირღვევა ადამიანის უფლებები, ადამიანის თავისუფლება, შესაბამისად, "ქართული ოცნების" ძალისხმევას აზრი არ ექნება, ვინაიდან, სინამდვილე უკვე ყველასათვის ნათელია. 

აზერბაიჯანსა და სომხეთში არაჩვეულებრივი ხელშეკრულებები გაფორმდა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ეს ორი ქვეყანა ცდილობს, დაუახლოვდეს დასავლეთს და ნაკლებად იყოს დამოკიდებული რუსეთზე, მაგრამ ამას ვერ ვხედავთ საქართველოში, აქ უფრო და უფრო მეტად ჩანს, რომ საქართველო ხდება რუსეთის უკანა ეზო“, - განაცხადა გიგი გიგიაძემ.