ევროპარლამენტში მიიღეს რეზოლუცია, რომელიც ქართული ოცნების მიერ ინიცირებულ რუსულ კანონს ეხება. რეზოლუციის თანახმად, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები არ უნდა დაიწყოს იქამდე, სანამ რუსული კანონი სამართლებრივ დღის წესრიგშია.

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია 5-ვე ჩასწორებით მიიღო. რეზოლუციას 425 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 25 წინააღმდეგ წავიდა. 

ამ დოკუმენტით ევროდეპუტატები ევროკომისიისგან ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას მოითხოვენ, ასევე დაყენებულია პოლიტიკური პატიმრობიდან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი. დეპუტატები ევროკომისიისგან მოითხოვს გადაიხედოს ქვეყანასთან ვიზალიბერალიზაციის პირობები. ასევე დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ქვეყანა ვერ გადავა მოლაპარაკებების ეტაპზე თუ "ქართული ოცნების" მიერ ინიციირებული კანონი დამტკიცებული იქნება საქართველოს პარლამენტის მიერ.

ერთ-ერთი შესწორების ავტორი, რომელშიც ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზეა საუბარი არის პოლიტიკური ჯგუფი "განაახლე", მეორეს კი "ევროპელი კონსერვატორები და რეფორმისტები", რომლის წარმომადგენელიც ევროპარლამენტარი ანა ფოტიგაა.

ანა ფოტიგას მიერ წარდგენილი შესწორება მოიცავს ორ პუნქტს:

მოუწოდებს ევროკავშირის საბჭოსა და ევროკავშირის პარტნიორებს, დაუწესონ პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილს, რომელიც "კიდევ ერთხელ ცდილობს, ძირი გამოუთხაროს ქვეყნის დასავლურ კურსს რუსეთისკენ გადახრის სასარგებლოდ" და "რომელიც საკუთარი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს".

კვლავ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, პატიმრობიდან გაათავისუფლონ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და დაუშვან მისი საზღვარგარეთ სათანადო მკურნალობა.

პოლიტიკური ჯგუფის "განაახლე" შესწორება მოიცავს 3 პუნქტს:

მოუწოდებს კომისიას, დროულად შეაფასოს საქართველოში დაგეგმილი "უცხოური აგენტების" კანონის გავლენა საქართველოს მიერ სავიზო ლიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებაზე, განსაკუთრებით, ფუნდამენტური უფლებების ნაწილში, რაც "ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია".

მოუწოდებს "ქართული ოცნების" უმრავლესობას, გაიწვიოს საკონსტიტუციო ცვლილებების სახით ინიციირებული პროექტი, რომელიც "ზღუდავს ლგბტქი უფლებებს, რაც წარმოადგენს თავდასხმას არა მხოლოდ ლგბტქი თემაზე, არამედ სიტყვის თავისუფლებასა და თავისუფალ სამოქალაქო საზოგადოებაზე".

იმეორებს თავის მოწოდებას საქართველოს ხელისუფლების მიმართ, გაათავისუფლოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჰუმანიტარული ნიშნით და დაუშვას მისი საზღვარგარეთ სათანადო მკურნალობა.