მთავარია, შედგეს ჯანსაღი ფორმატის დებატები, ეს პირველ რიგში მედიის გადასაწყვეტია, რა ფორმით წარიმართება დისკუსიები საჯარო სივრცეში, ჩვენ მზად ვართ კონსულტაციებისთვის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

მისი თქმით, მთავარია, გაირღვეს დღეს ჩამოყალიბებული ჩაკეტილი წრე, რაც ხელოვნურად თავსმოხვეულია.

"მთავარი მიზანი იყო რადიკალიზაციის გაღვივება საქართველოში, ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში, პოლიტიკურ სისტემაში და ამას აკეთებდნენ მიზანმიმართულად. დღევანდელ განცხადებაში ვახსენე გვარამია, რომელიც განსაკუთრებულ როლს ასრულებდა ამ ყველაფერში. იგივე გინება ეთერში, ლანძღვა, ისტერიული გამოხტომები, რასაც მისი მხრიდან ვხედავდით, არ იყო კონკრეტული ადამიანის ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამოხატულება, ეს იყო კონკრეტული დავალების შესრულება- რადიკალიზაცია მედიაში, არ უნდა მიესვლებოდეს ადამიანს ტელევიზიაში. ეს იყო საბოლოოდ ის შედეგი, რომელიც დადგა. როდესაც მქონდა დისკუსიები ჟურნალისტების მონაწილეობით, როდესაც მოდიოდნენ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელი ე.წ ჟურნალისტები, ყველანაირად ცდილობდნენ, ჩაეშალათ ჯანსაღი დისკუსია თემებთან დაკავშირებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.