ივანიშვილმა იცის, რომ "ოცნება" დამარცხებულია და ყველაფერს ეცდება ამის გამოსასწორებლად. ხედავს, რომ მის გარდა ქვეყანაში არაფერი მუშაობს, არჩევნების მოგებაზე საუბარიც ზედმეტია, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს პოლიტიკოსები ემსახურებიან ბიძინა ივანიშვილს და არა საქართველოს.

"ბევრი რამე არის ზედაპირზე, ბიძინა ივანიშვილი არის ძალიან გამოცდილი, გონიერი ადამიანი, მან ძალიან კარგად იცის, რომ "ოცნება" დამარცხებულია და ამის გააზრება და აღქმა იქნება უმძიმესი და ძალიან მტკივნეული, შესაბამისად, ის ეცდება, რომ ეს მდგომარეობა გამოასწოროს. ხედავს, რომ მის გარდა არაფერი არ მუშაობს ქვეყანაში, სახელმწიფო დისფუნქციურია, არჩევნების მოგებაზე საუბარიც ზედმეტია. ვინ უნდა მოიგოს ეს არჩევნები? იმ პოლიტიკოსებმა, რომლებიც ყურადღებას აღარ აქცევენ რას საუბრობენ? თუ იმ პოლიტიკოსებმა, რომლებიც ემსახურებიან პარტიას და ივანიშვილს და არა სახელმწიფოს? ამას დაამატეთ კორუფციის ის სისტემური ფორმები, რომელიც უკვე თვალსაჩინო გახდა ყოველდღიურ ცხოვრებაში. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჯერ კიდევ ღარიბ ქვეყანაში ნებისმიერი სახის კორუფცია დანაშაული კი არა ღალატია", - განაცხადა გიორგი გახარიამ.