დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ აშშ-ის ყოფილი ელჩის კელი დეგნანის კრიტიკულ განცხადებასთან დაკავშირებით მედიის შეკითხვას უპასუხა.

კახა კალაძის თქმით, კელი დეგნანი აგრძელებს დიპლომატიურ ურთიერთობას აცდენილი განცხადებების კეთებას.

"ყოფილი ელჩის დამოკიდებულება გვახსოვს, ასევე განცხადებები, რომელიც აცდენილია ყოველგვარ დიპლომატიურ ურთიერთობას. ელჩისგან ამ ტიპის განცხადებები გასაოცარი იყო. ის აგრძელებს ამ განცხადებებს, რომელიც ყველაფერს არის აცდენილი.

რაც შეეხება კანონპროექტს, ჩვენ ამ დღეების განმავლობაში ბევრი ვისაუბრეთ, რომ მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა. ერთადერთი, რასაც მოითხოვს ეს კანონპროექტი, არის ის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს ექნებათ ვალდებულება, წელიწადში ერთხელ წარადგინონ ფინანსური დეკლარაცია, თუ ვისგან იღებენ თანხებს და რაში იხარჯება ეს ყველაფერი. ეს ვერ იქნება დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართული. პირიქით, გამჭვირვალობა ხელს შეუწყობს ქვეყნის განვითარებას და ჩვენს ევროპასთან ინტეგრაციას“, - განაცხადა კალაძემ.