ეს საუბარი გრძელდებოდა ზუსტად 1 საათი და 10 წუთი, რაც გზაში ვიყავით. მთელი ეს დრო არცერთ სხვა საკითხზე სიტყვა არ უთქვამთ, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს.

"სასამართლოში ჯაყჯაყა დაჯავშნილი მანქანით წამიყვანეს. წინ მეჯდა ორი ხალისიანი ბადრაგი.

როგორც კი დასხდნენ დაიწყო:
- ე ბიჭო გუშინ რა მაგარი სუფრა გავმაზე სამსახურის გამო
- არა უშავს ძმა, დღეს წავიდეთ, ახალი უმაგრესი რესტორანი გაეძრო და უნდა განახო, იცი რა მწვადებია, ვერ ჩერდები, რომ იწყებ. მე რომ მომშივდება 5 კილოსაც შევჭამ და ხაშლამა კიდევ უფრო უკეთესი - პირში დნება.
-კაი მარა რა აფხაზურები და ფენოვანები იყო გუშინ სამსახურთან, იფ, იფ!
-კაი ახლა ძმა, მთლად იმ რესტორანზე რომ ამოგდის მზე და მთვარე, იცი რა მაგარი ზაქის კატლეტები გაიჩითა ქალაქის შემოსასვლელში, თან იაფია. მაგრა გირჩევ.
- ეუფ, ახლა დედაჩემის კატლეტებზეც თანახმა ვარ, კარგი შემწვარი კარტოფილით და რა აზრის ხარ ხაშის საღამოთი ჭამაზე?
- ხაში ყველა დროს კაია მუსკულებისთვის, ნორმატივების ჩაბარების წინ სამი დღე ვჭამ ხოლმე

ოღონდ ეს საუბარი გრძელდებოდა ზუსტად 1 საათი და 10 წუთი, რაც გზაში ვიყავით. მთელი ეს დრო არცერთ სხვა საკითხზე სიტყვა არ უთქვამთ. ერთადერთი მთელი გზა მგონი კედელზე დახატული ჯვრის გამოსახულებაზე ორივე კი გულმოდგინედ იწერდა პირჯვარს.

თქვენ კიდევ განათლების რეფორმაო, საერთაშორისო იზოლაციაო, ადამიანის უფლებებიო, ნუ აცდენთ ამ საუკუნოვანი ერის წარმომადგენლებს - ზაქის კატლეტები უფრო მნიშვნელოვანია, სამაგიეროდ. სასამართლოს შენობაში, წინასწარ მოსაცდელ საკანში შემიყვანეს. 3 წლის წინ აქ კედლებზე დაჩხაპნილი იყო "ქურდებს სიცოცხლე" და მსგავსი გამონათქვამები.

ახლა კი მრავლად არის საქართველოს დროშები, გულები, ნატოს ემბლემა, "გაუძელით რეპრესიებს, ყველაფერი კარგად იქნება", "ძირს რეჟიმი", "ნინო დათაშვილო გვიყვარხარ", "ვემსახურებით საქართველოს", "გავიმარჯვებთ სახელოვნად", "გავათავისუფლებთ საქართველოს". ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით", - წერს მიხეილ სააკაშვილი.