ქალბატონმა წულუკიანმა უნდა იცოდეს, რომ ამ ყველაფერთან დაკავშირებით პასუხს პირუთვნელ სასამართლოსთან აგებს, რისთვისაც უმრავლესობა, ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანი იბრძვის, -  ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, უსამართლობაა ოქრუაშვილის დაკავება.

"ჩემი აზრით, ირაკლი ოქრუაშვილმა გააკეთა ის, რაც მან ჩათვალა, რომ გასაკეთებელი იყო. უსამართლობაა. ხალხო წარმოიდგინეთ, თეა წულუკიანი არალეგიტიმურ პარლამენტში, არალეგიტიმური შექმნილი კომისიის ფარგლებში გიბარებს, სადაც შავით თეთრზე უწერიათ, რომ ე.წ. საგამოძიებო კომისიის წევრების ნახევარი ოპოზიციონერები უნდა იყვნენ. მხოლოდ მაშინ ექნება ამ კომისიას ძალა და არცერთი ოპოზიციონერი იქ არ არის. შესაბამისად, ამ სიყალბეს თვალი ადამიანმა არ გაუსწორა.

ქალბატონმა წულუკიანმა უნდა იცოდეს, რომ ამ ყველაფერთან დაკავშირებით პასუხს პირუთვნელ სასამართლოსთან აგებს, რისთვისაც უმრავლესობა, ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანი იბრძვის”, - განაცხადა ნიკა მელიამ.

მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და თავდაცვის ყოფილ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობით შეუცვალა. ოქრუაშვილი სასამართლო დარბაზში დააკავეს.