"ქართული ოცნება" თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებს ქიმიური იარაღით, საკუთარ პოლიციელს კი საკვებით წამლავს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლაშა ფარულავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ამაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება "ქართულ ოცნებას".

"ქართული ოცნება" თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებს ქიმიური იარაღით, საკუთარ პოლიციელს კი საკვებით წამლავს. ეს ხდება კორუფციის გამო, სისტემური პრობლემების გამო, რომელთან დაკავშირებითაც ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია. ხელისუფლების ამორჩეული კომპანიები, ფაქტობრივად, არიან პარტიული უჯრედები და ავსებენ პარტიულ ყულაბას. ამ უპასუხისმგებლობამ იმ მასშტაბებს მიაღწია, როდესაც პოლიციელს და ჯარისკაცს, ფაქტობრივად, ნაგავს აჭმევს ხელისუფლება. ცხადია, ამაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება "ქართულ ოცნებას", - განაცხადა ლაშა ფარულავამ.

პროკურატურამ საკვები პროდუქტის ფალსიფიკაციის ფაქტზე, რასაც შეეძლო საფრთხე შეექმნა ადამიანის სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. 2025 წელს, გორში მდებარე საწარმოში დაამზადა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციასა და თავდაცვის სამინისტროს მიაწოდა 380 000 ლარის ღირებულების 24 000-ზე მეტი კილოგრამი საკვებად უვარგისი და ფალსიფიცირებული თევზის კონსერვი, რომელსაც შესაძლოა, საფრთხე შეექმნა საკვების მიმღები პირის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის.