ჩვენ სწრაფად უნდა შევიმუშაოთ სანქციები, რომლებიც მიმართული იქნება იმ ადამიანებისკენ, რომლებიც საქართველოს კურსის შეცვლას ცდილობენ, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა.

მისი თქმით, ახლა მთავარი საფიქრალია, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ საქართველომ ევროპული გზა არ დატოვოს.

"დღეს ჩვენ უნდა ვიფიქროთ, თუ რა შეიძლება იყოს ჩვენი წვლილი იმისთვის, რომ საქართველომ არ მიატოვოს ეს ევროპული გზა. უნდა ვაღიარო, რომ მე მაშინაც ვიყავი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მომხრე, როდესაც ამ პარლამენტშიც და ევროპული ინსტიტუტებშიც ბევრი იყო ამის მოწინააღმდეგე. მე დღესაც ასე ვფიქრობ, იმიტომ რომ მიმაჩნია, რომ ქართველი ხალხის უმეტესობა და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება ამას იმსახურებენ. მაგრამ, პრობლემა ის არის, რომ "ქართულმა ოცნებამ" ეს კანდიდატის სტატუსი ბოროტად გამოიყენა საკუთარი პარტიული ინტერესებისთვის და ახლა რთულია ამ ვითარებიდან გამოსავლის პოვნა, როდესაც უკვე ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საუბრობს, რომ შესაძლოა, საქართველო არც არის მზად ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. 

მეორე მნიშვნელოვანი ფაქტი ის არის, რომ საქართველოს პარლამენტში კიდევ ერთი კანონი მიიღეს ოფშორების შესახებ, რომელიც ბიძინა ივანიშვილს სჭირდება იმისთვის, რომ სანქციების შემთხვევაში თავისი აქტივები საქართველოში გადაიტანოს. ამიტომ, ჩვენ სწრაფად უნდა შევიმუშაოთ სანქციები, რომლებიც მიმართული იქნება იმ ადამიანებისკენ, რომლებიც საქართველოს კურსის შეცვლას ცდილობენ",  - განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.