თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის საქმის არსებითი განხილვა 8 აპრილს გაიმართება.  

საქმე ეხება ბაჩიაშვილის წინააღმდეგ ბიძინა ივანიშვილის სარჩელს, რომელიც მას ფულის ბიტკოინებში დაბანდებასაც ედავება.

ცნობილი გახდა, რომ საქმეში დევს ივანიშვილი - ბაჩიაშვილის აუდიოჩანაწერიც. გამოკითხვაზე მოწმის სახით დაიბარებენ დაზარალებულ ივანიშვილსაც.

გიორგი ბაჩიაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს და ამბობს, რომ პროკურატურამ ბოლო 9 თვის განმავლობაში მის წინააღმდეგ ვერცერთი მტკიცებულება ვერ წარადგინა და ამიტომ საქმე უნდა შეწყდეს.

"დღეს ქართული მართლმსაჯულებისთვის არის მორიგი მძიმე და სამარცხვინო დღე. გრძელდება ის უსამართლო პროცესი, რომელიც დაიწყო 1 წლის წინ და რომელსაც საფუძვლად უდევს ერთადერთი ადამიანის - ბიძინა ივანიშვილის ზეპირი ჩვენება. ეს არის სამარცხვინო ქართული სამართლის სისტემისთვის.  არც ერთ ცივილიზებულ ქვეყანაში მსგავსი საქმე არც კი იქნებოდა მიღებული განხილვაში", - განაცხადა ბაჩიაშვილმა.

ბაჩიაშვილის ადვოკატის ინფორმაციით, საქმეში არსებული აუდიოჩანაწერი სრულად გამოქვეყნდება მაშინ, როდესაც დაცვის მხარე მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე გადავა.

დაცვის მხარემ ჩანაწერის ექსპერტიზა საზღვარგარეთ დანიშნა.

პროკურორის განცხადებით, ყველა პირი დაიკითხება, ვინც საქმესთან კავშირშია.

"გარემოება არის ის, რომ ამ საკითხზე უნდა დასრულდეს ექსპერტიზა, ავთენტურობა უნდა დადგინდეს და ამის შემდეგ უნდა შემოვიდეს შეფასების კომპონენტი.

აბსოლუტურად ყველა პირი დაიკითხება, რომელიც მითითებული არის სასამართლოში დასაკითხთა სიაში, მათ შორისაა დაზარალებული ბიძინა ივანიშვილიც, შესაბამისად, ყველა პირი დაიკითხება იმ საერთო წესების დაცვით, როგორც ხდება ხოლმე სასამართლოში დაკითხვა და ბუნებრივია, ინფორმაციას მიაწვდის სასამართლოს", - განაცხადა პროკურორმა მიხეილ სადრაძემ. 

გიორგი ბაჩიაშვილი დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზეა ბრალდებული. როგორც ცნობილია, პროკურატურა მას ბიძინა ივანიშვილის ბიტკოინის მითვისებას ედავება.

პროკურატურის ვერსიით,  ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ, მხოლოდ 536 900 დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი, ინვესტორის კუთვნილი, 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულება მისი დაუფლების პერიოდში 39 215 820 დოლარს შეადგენდა.

სასამართლომ მას გასული წლის 6 ივლისს, აღკვეთის ღონისძიების სახით 2.5 მილიონი ლარის ღირებულების გირაო შეუფარდა. პროკურატურა 3 მილიონს ითხოვდა.