შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1977 წელს დაბადებული რ.ა. დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით - 1979 წელს დაბადებულს ს.ჯ.-ს ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად რ.ა. ბრალდებულის სახით  დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი  - დანა ნივთმტკიცებადაა ამოღებული.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 7 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს", - აცხადებენ შსს-ში.