მოკლული მასწავლებლის გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე ფიქრობს, რომ დაკავებული მოზარდების მშობლები ახლა ყველა მეთოდს მიმართავენ, რომ მათი შვილები ციხეს გადაარჩინონ.

მისი თქმით, დაკავებულთა ნათესავები უსაფუძვლო თავის მართლების რეჟიმში არიან.

"მოწინააღმდეგე მხარეს ეცა ციხის სუნი. ხვდებიან, რომ ამას ვერ აცდებიან და ამიტომაც ერთობლივად შემოგვიტიეს. ერთობლივად შემოტევას ველოდებოდი, რადგან მოშიმშილე ალქაჯი რომ არის პროკურატურის წინ, მან გუშინ გაგვაფრთხილა, რომ საათს უყურეთო.

ის წერილი მინდა ორი სიტყვით გავშიფრო, რაც გოგონას ოჯახმა დადო. მე ვფიქრობ, ეს არის ადვოკატ გიორგი ლეკიშვილის მიერ დაწყებული თავის მართლება. ის ხვდება, რომ ახლა კუთხეშია მიმწყვდეული, იცის, რომ არ ვაპატიებ ამას და ამიტომაა მისგან დაწყებული თავის მართლება. მან ამით ხარაკირი გაუკეთა იმ ოჯახს. წერია ერთ გვერდზე წერილი და აქ ჩანს მათემატიკის რვეული, რაც იშიფრება, რომ თითქოს ბავშვი რაღაცას წერდა, თითქოს დედა გადააწყდა და გამწარებულმა დედამ გამოაქვეყნა. სინამდვილეში დააკვირდით წერას, ისე უწერია ამ გოგოს დაწკრიალებულად, რომ ერთი გადახაზულიც არსად არ აქვს. გაბაშვილის მამა იმაზე მეტად აღვირახსნილი ყოფილა, ვიდრე მეგონა - არ შეიძლება ბავშვები ჩაყარო ციხეშიო რომ თქვა, ბავშვი მაშინ არ იყო, ჩემი შვილის სისხლი რომ წყუროდა? ნეკნებს რომ უმტვრევდა? ეს მესიჯები ხომ აქვთ ნანახი. ის შეიძლება ჩემი საღ-სალამათი შვილი, უჭკვიანესი, რომ მომიკლეს? ეს არ შეიძლება და არავის ვაპატიებ. მინდა ყველამ იცოდეს, რომ ჩემს შვილი ყველა ორგანო ჩაჰყვა საფლავში საღ-სალამათი.

უბრალოდ მათ საქმე ჩაწყეს მანამ, სანამ იაგო ტალახაძეები ჰყავდათ. ახლა მიხვდნენ, რომ ასე აღარ გამოუვათ და იბრძვიან ყველანაირად, რომ თავი დაიცვან სასამართლოში. გიგას კიდურები დაზიანებული ჰქონდა ორივე მიმართულებით, რაც ნიშნავდა, რომ ორმხრივი ძალადობა იყო მასზე. სახეზე ჰქონდა დაზიანება, ასევე ფეხზე, მოუხდებათ, ხეხონ ციხის კედლები.

დაურეკა კლინიკიდან მის დედასო, ეს არის ტყუილი. გიგა ავალიანი კლინიკაში შევიდა კომატოზურ მდგომარეობაში, ის გამოვიდა ცოტა ხანი მდგომარეობიდან, თქვა სახელი და გვარი, მას ჰქონდა ტელეფონი, რომელსაც ჰქონდა კოდი და ისე ვერავინ მოხსნიდა, თავისი დედის ტელეფონი მას ზეპირად არ უთქვამს, ვერ იტყოდა, რადგან ძალიან მძიმე დაზიანება ჰქონდა. მე დავურეკე, ამისი გადამოწმება შეიძლება ზარებით", - აცხადებს ეკა კუპატაძე "ტვ პირველთან". 

ეკა კუპატაძე ასევე გამოეხმაურა გუშინ ღამით ბრალდებულების ოჯახებსა და სახლებში ჩატარებულ ჩხრეკების სერიასაც.

"მე დღეს გავიგე, რომ ჩხრეკა ჩატარდა ყველას სახლში. დიახ, მე ამიტომ გამოვედი ქუჩაში. მადლობა ხალხო, მადლობა საზოგადოება, რომ მე ეს შემაძლებინეთ. ასე უნდა იყოს მკვლელობის გამოძიება და არა ისე ტანსაცმელი რომ მიიტანეს პოლიციაში. ახლა ხვდებიან, რომ კუთხეში არიან მიმწყვდეულები და ამიტომ დაიწყეს ეს ბინძური კამპანია. მე და გიგა ავალიანი ვიქნებით ის, ვინც შეძლებს იმას, რომ ჩვენსავით უბრალო ხალხი ფეხქვეშ ვეღარ გათელონ", - განაცხადა ეკა კუპატაძემ. 

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ოთხი არასრულწლოვანიდან ორს - დ.ჩ.-სა და ა.ნ.-ს ბრალდება დაუმძიმდათ. აქამდე მათ დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდნენ. დამძიმებული ბრალდება, რომელიც განზრახ მძიმე დაზიანების ჯგუფურად მომზადებას გულისხმობს, 9-დან 13 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.