ქართველი ჟურნალისტის მზია ამაღლობელის გასამართლებამ და გამამტყუნებელმა განაჩენმა დაარღვია მისი უფლება სამართლიან სასამართლოზე და წარმოადგენდა სამართლებრივი პროცესის ბოროტად გამოყენებას, - ნათქვამია “კლუნების ფონდის სამართლიანობისთვის” მიერ დღეს გამოქვეყნებულ TrialWatch-ის ახალ ანგარიშში, რომელსაც netgazeti.ge ავრცელებს.

ფონდის განცხადებით, მისი სისხლისსამართლებრივი დევნა განსაკუთრებით საგანგაშოა, რადგან ის პრორუსული მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ პირობებში მედიის თავისუფლებისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის გაუარესების ფონზე მიმდინარეობს.

"დოკუმენტი ხაზს უსვამს, რომ ბრალდების მოულოდნელმა გადაკვალიფიცირებამ ამაღლობელს არ დაუტოვა რეალური შესაძლებლობა, თავი დაეცვა დანაშაულის იმ ახალი ელემენტებისგან, რომელთა გამოც საბოლოოდ მსჯავრი დაედო.

გარდა ამისა, განაჩენში არ იყო მოყვანილი გამამტყუნებელი გადაწყვეტილებისა და საპატიმრო სასჯელის სათანადო დასაბუთება, რაც საერთაშორისო სამართლის აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს.

ეს ხარვეზები, რომლებიც არც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გამართულ პროცესზე გამოსწორდა, მიუთითებს მართლმსაჯულების პროცესის ბოროტად გამოყენებაზე - კერძოდ, განზრახვაზე, რომ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დაფასებული დამოუკიდებელი ჟურნალისტი სამაგალითოდ დაესაჯათ, რათა დაეშინებინათ განსხვავებული აზრის მქონე სხვა ადამიანები.

საქართველოს მაღალი თანამდებობის პირების, მათ შორის პრემიერ-მინისტრის მიერ საჯაროდ გაკეთებულმა განცხადებებმა, რომლებიც წინასწარ ქმნიდნენ ნეგატიურ განწყობას, უკვე დაარღვია ამაღლობელის უდანაშაულობის პრეზუმფციის უფლება”, – ნათქვამია კლუნების ფონდის პრესრელიზში.

ცნობისთვის, TrialWatch უსამართლოდ დაპატიმრებულ ჟურნალისტებს უფასო იურიდიულ დახმარებას უწევს, რათა უზრუნველყოს მათი გათავისუფლება და დაიცვას სიტყვის თავისუფლება.