აქტივისტი ნიკო მანაგაძე სამთავრობო მედიებში დედის ინტერვიუს ეხმაურება და ამბობს, რომ ხელისუფლების მიმართ მას და მის ძმას მშობლებისგან განსხვავებული პოზიცია აქვთ.

დღეს სამთავრობო მედიებმა ნიკო მანაგაძის დედა, ვიკა წიტაიშვილი ჩაწერეს და მისი განცხადებები აქტივისტის წინააღმდეგ აგორებული კამპანიისთვის გამოიყენეს. ინტერვიუს კონტექსტი ისაა, რომ თითქოს მანაგაძე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების მიერ შეცდომაშია შეყვანილი.

"ფორმულასთან" ნიკო მანაგაძე აღნიშნავს, რომ დედამისი ინტერვიუ კონტექსტიდან არის ამოგლეჯილი:

"ეს არის რაღაცნაირად თაობათა ბრძოლა, რასაც ვეძახით იმიტომ, რომ მე ჩემი უფროსი ძმა ერთ პოზიციაზე ვართ, რასაც ვეძახით ისტორიის სწორ მხარეს დგომას. ჩემი მშობლები, სამწუხაროდ, კონფორმისტულ პოზიციაში იმყოფებიან ხელისუფლების მიმართ. ამ მოცემულობაში ჩემზე თავდასხმის შემდეგ კიდევ უფრო რთულია მორალურად ასეთი მაამებლური პოზიციის გამოხატვა და დაფიქსირება სამთავრობო პროპაგანდისტულ მედიასთან განსაკუთრებით. თავიდან საკუთარ პოზიციას დედაჩემი იმით ხსნიდა, რომ სურდა დაეცვა და რაღაცნაირად შეერბილებინა ხელისუფლების ხისტი დამოკიდებულება ჩემ მიმართ და ამ თავდასხმა ველოდით. ახლაც ამბობს, რომ სულ სხვა თემაზე, სულ სხვა მიმართულებით ისმებოდა კითხვები მედიის მხრიდან და უკმაყოფილოა, აპროტესტებს, რომ სხვანაირად გამოიყენა ეს სამთავრობო მედიამ იმის მიუხედავად, რომ მკაფიოდ აქვს დაფიქსირებული ჩემთვის მიუღებელი პოზიცია", - აღნიშნავს აქტივისტი.

აქტივისტი და სტუდენტი ნიკო მანაგაძე ქართული ოცნების ხელისუფლების ქმედებებს აპროტესტებს. ის უკვე რამდენიმე კვირაა თსუ-ში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ლექციების პარალელურად საპროტესტო აქციებს აწყობს.

7 ივნისს თსუ-სთან მანაგაძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მას რამდენიმე უცნობი პირი ლექციიდან გამოსვლის დროს დაესხა თავს. მოძალადეები ადგილიდან გაიქცნენ, თუმცა კამერებმა მათი დაფიქსირება მოახერხა.

ამ დრომდე არც ერთი თავდამსხმელი არ დაუკავებიათ.