24 მარტს, 12:30 სთ-ზე, სასტუმრო "ბილტმორ თბილისში" მეწარმეთა ყოველწლიური სიმპოზიუმი გაიმართება. ღონისძიება „საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაციის“ და „საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის“ ორგანიზებით ჩატარდება.

ღონისძიების ფარგლებში მეწარმე ქალების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.

სიმპოზიუმს "საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე თეა ადუაშვილი გახსნის.

"საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაცია ყოველწლიურად ახორციელებს 100 მეწარმე ქალის მხარდაჭერის პროექტს. წელს „საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისთვის - GLIP პარტნიორობის ფარგლებში" ორგანიზებით ტარდება ქალ მეწარმეთა სიმპოზიუმი.  

ღონისძიება შედგება ორი ნაწილისგან. პირველი ქალი მეწარმეებისთვის საინტერესო და აქტუალური საკითხების განხილვას დაეთმობა, წარმოდგენილი იქნება ისეთი საინტერესო თემები, როგორიცაა, მაგალითად, შრომითი უფლებების დაცვის მნიშვნელობა და პრაქტიკული რჩევები, საგადასახადო კანონმდებლობაში შესული მნიშვნელოვანი ცვლილებები და სიახლეები. ასევე წარმოდგენილი იქნება თემა: „მე ვირჩევ წარმატებას“, რაც, ვფიქრობ, ძალიან საინტერესო და მასტიმულირებელი იქნება დამსწრე საზოგადოებისთვის.  მეორე ნაწილში კი მეწარმეებს აუდიტორული, ბუღალტრული და იურიდიული მიმართულებებით პროფესიონალური საკონსულტაციო მომსახურების სრულიად უსასყიდლოდ მიღების საშუალება ექნებათ.

ღონისძიებას წარუძღვებიან: მანანა აბულაძე - საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაციის თანადამფუძნებელი, ნინო ლიპარტია - ადვოკატი, პროფესორი, საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის თავმჯდომარე. მარიამ სიჭინავა - სამართლის მაგისტრი, ადვოკატი, საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის - თავმჯდომარის მოადგილე. ეკატერინე რუხაძე - აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია G-Roi-ის მმართველი პარტნიორი.  ლალი ბადრიძე - მსოფლიო პოზიტიური და ტრანსკულტურული აკადემიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ქალთა კლუბის დამფუძნებელი, წარმატების მიღწევის ფსიქოლოგიის ლექტორი, ფსიქოთერაპევტი, ქოუჩი.

საკონსულტაციო მომსახურებაში კი დაგვეხმარებიან: მარიამ ჯიბუტი - აუდიტორული კონსულტაცია საგადასახადო საკითხებში; ეკატერინე რუხაძე - აუდიტორული კონსულტაცია საგადასახადო და ფინანსური მიმართულებით; ნინო ლიპარტია - იურიდიული კონსულტაცია სამოქალაქო საკითხებში; მარიამ სიჭინავა - იურიდიული კონსულტაცია სამოქალაქო საკითხებში; მარიამ სულაძე - იურიდიული კონსულტაცია; შორენა მანძულაშვილი - კონსულტაცია ბუღალტრულ საკითხებში.

აღნიშნული ღონისძიების მიზანს,  სწორი და საჭირო ინფორმაციის მიწოდების გარდა, ქალ მეწარმეთა გაძლიერება და სტიმულირება წარმოადგენს. ვფიქრობ, საკმაოდ საინტერესო და საჭირო ღონისძიება გველის წინ", - აცხადებს თეა ადუაშვილი.