ინტერვიუ
სალომე ზურაბიშვილი - რაღაც მომენტში, აღმოვჩნდით იმ რეალობის წინაშე, რომ რუსეთი არ იცვლება და აქ უკვე აღარ შეიძლება თავის მოტყუება

1699695901

- თქვენ ხართ სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი, მეთაური ქვეყნისა, რომელიც ისევე, როგორც უკრაინა, უპირისპირდება რუსეთს. ჩვენ ვისაუბრებთ როგორც საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატურაზე, ასევე, უკრაინის შესახებ. ბევრი რამ წყდება ომში, ბრძოლები მიმდინარეობს ბახმუტში, ავდიივკაში, თვლით რომ უკრაინელები ამარცხებენ რუსეთს?- დიახ, უკვე წელიწად-ნახევარი გავიდა, რაც უკრაინელები წინააღმდეგობას უწევენ (რუსეთს). თავიდან ბევრი ფიქრობდა რომ ეს (ომი) გრძელვადიანი არ იქნებოდა, რომ ეს ახალგაზრდა, გამოუცდელი პრეზიდენტი დანებდებოდა. სწორედ ამას ფიქრობდა პრეზიდენტი პუტინი, რომ მისი ფსიქოლოგიური მანევრი კილომეტრიანი ტანკების რიგით ძალიან სწრაფად  გაამარჯვებინებდა. რაღაც მომენტში ამერიკელებიც ასე ფიქრობდნენ, შესთავაზეს რა მას (ზელენსკის) გასვლის საშუალება.- საინტერესოა, რომ თქვენ ამას ამბობთ, რადგან მოგვიანებით მოვუსმენთ შარლ მიშელს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, რომელიც ამბობს რომ მან სამჯერ შესთავაზა ზელენსკის წასვლა, და ზელენსკისგან უარი მიიღო.- დიახ. ვფიქრობ, რომ ზოგადად, დასავლეთი არ იყო დარწმუნებული, რომ ეს ახალგაზრდა პრეზიდენტი, (რომელიც სხვა სფეროდან იყო) სასცენო სფეროდან, წინააღმდეგობას გაწევდა და ის არაჩვეულებრივი აღმოჩნდა. უნდა ვთქვა, რომ მე მისი უპირობო გულშემატკივარი ვარ, რადგან ვიცი, რომ მსგავს ქვეყანაში, რომელიც პირდაპირი დარტყმის ქვეშაა, გადაცდომების გარეშე წინააღმდეგობის გასაწევად რამხელა ტემპერამენტია საჭირო. მან ეს ყველაფერი შეძლო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკრაინული საზოგადოება შიგნით არ არის დაყოფილი, რაც ასევე ძალიან იშვიათია ჩვენს დროს, მე ვსაუბრობ ქვეყნიდან, რომელიც ძალიან პოლარიზებულია, შემიძლია შევადარო. ამ ერთობის შენარჩუნება, რთულ მომენტებში, ძალიან იშვიათია.- ევროპელები მიზანმიმართულები არიან? მოგვიანებით ამ გადაცემაში ვნახავთ, შარლ მიშელი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, კი, მომხრეა რომ უკრაინა შევიდეს ევროკავშირში, მაგრამ 2030 წელს. 2030 წელი შორსაა უკრაინელებისთვის. თქვენთვის ეს შეიძლება კიდევ უფრო გვიან მოხდეს.- არა, მე ვფიქრობ რომ ეს ერთდროულად მოხდება. ეს მოხდება 2030 წელს,  2031, თუ 2029 წელს, არ ვიცი, მაგრამ ეს ჰორიზონტი იქნება მომდევნო, «big bangs», როგორც ამბობდნენ, მომდევნო წევრები შევლენ დაახლოებით ერთად. ჩვენ ტრიო ვართ, მოლდოვა, უკრაინა და  საქართველო და ეს ტრიო ჩვენთან შეიქმნა.შარლ მიშელის იდეა - 2030 არის ჰორიზონტი, რომელიც გაფართოებისთვის მოიაზრება, ძალიან საინტერესოდ მეჩვენება (შეიძლება ის აღარ იყოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი). ევროკავშირში კანდიდატი ქვეყნების ეტაპობრივი ასოცირება თემატურად, იმ საკითხებზე, რაშიც ისინი მზად არიან, მაგალითად, საქართველოსთვის ტრანსპორტის, შავ ზღვაზე ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის საკითხებზე ჩვენთვის ძალიან საინტერესოა, რა თქმა უნდა, ხმის უფლების გარეშე, მაგრამ ეს წინასწარი ასოცირება უკეთესად მოამზადებდა კანდიდატებს იმაზე, რაც მათ შესაბამის მომენტში მოელით.- თქვენ ელით დახმარებას, მათ შორის, სამხედრო დახმარებას? უნდა წავიკითხოთ ევროკავშირის ხელშეკრულება, რომელიც ძალიან საინტერესოა. ყოველთვის ვფიქრობთ, რომ ევროკავშირი მხოლოდ პოლიტიკური და არა სამხედრო განზომილებაა, მაგრამ არის სამხედრო განზომილებაც: წევრ სახელმწიფოზე, მის ტერიტორიაზე აგრესიის შემთხვევაში, სხვა წევრმა ქვეყნებმა მას უნდა აღმოუჩინონ დახმარება და მხარდაჭერა მათ ხელთ არსებული ყველა საშუალებით, გაეროს ქარტიის 51 მუხლის თანახმად, კანონიერ თავდაცვაში მყოფი ქვეყნის შესახებ, მომდევნო პარაგრაფი გვიჩვენებს, რომ სწრაფად ვაფარებთ თავს ნატოს ქოლგას...- რა თქმა უნდა.- ვალდებულებები და თანამშრომლობა და ა.შ. გათვალისწინებული ნატოს მიერ მისი წევრებისთვის, რომელიც რჩება საფუძველი მათი კოლექტიური თავდაცვისა და მისი განხორციელების ინსტანცია. ვხედავთ, რომ ევროპაში შემოსვლით, კანდიდატის სტატუსითაც, თქვენ უახლოვდებით ამ ქოლგას?- ძალიან საინტერესოა, რომ ჩვენ მივიღეთ ეს თანხმობა - რეკომენდაცია ევროკომისიისგან, რომელიც კიდევ უნდა დამტკიცდეს ევროკავშირის მიერ. მაშინვე ჩატარდა გამოკითხვა ამ საკითხზე საქართველოში, ევროკავშირის მომხრეთა რაოდენობა 80%-იდან  85%-მდე გაიზარდა, აღარ მახსოვს ზუსტი რიცხვი, მაგრამ ძალიან დიდი უმრავლესობა, როდესაც მათ ეკითხებიან რატომ? ამბობს, რომ უსაფრთხოებისათვის, რომელსაც კეთილდღეობაზე, ეკონომიკურ განვითარებაზე წინ აყენებს. არის შეგრძნება, რომ როდესაც ხარ მეორე მხარეს, დაცული ხარ, არა სავალდებულოდ სამხედრო კუთხით. არის შეგრძნება, რომ მეორე მხარეს რუსეთი ვეღარ გაბედავს.- რუსეთი ახლა, ცოტა ტრივიალურად რომ ვთქვათ, "გვიწვევს"? როდესაც ის ბომბავს დნეპრის მეორე სანაპიროს, რუმინელებს ბომბები თვალწინ აქვთ, ისინი ყველაზე უარესს ცდილობენ?- ვფიქრობ, მათ ადგილზე არ ვეცდებოდი. ვფიქრობ, ჯერჯერობით ძალიან კარგად უძლებენ. როგორც ყოველთვის, რუსები ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენენ და ავიწროებენ ყველას, ბალტიის ქვეყნებს, რუმინეთს, ყველას, ვინც საზღვართანაა, მაგრამ მათ თავი შეიკავეს ამ ხაზის გადაკვეთისგან, რაც სხვა რამეს გამოიწვევდა, არ მგონია რომ გაბედონ.- დასავლეთი მიაძინეს?- უნდა გავიხსენოთ, რომ საქართველო დაახლოებით ისეა, როგორც რუსეთის მიერ ყირიმის  ოკუპაცია, რომელზეც 2014 წლის შემდეგ აღარ საუბრობდნენ. ქუჩაში რომ გასულიყავით ორი ან, ორწელიწად-ნახევრის წინ, ბევრი ადამიანი გეტყოდათ, რომ საქართველო ასე თუ ისე მოგვარებული საკითხია, ბევრს დაავიწყდა. დიახ, ამას ფრანგული ნაწარმოები "დაბრმავებულები" აღწერს ძალიან კარგად, თუ "დაბრმავება"...- სილვი კოფმანის...- სილვი კოფმანის, რომელიც ძალიან კარგად აღწერს ამ სიტუაციას - იმიტომ რომ უნდოდათ რუსეთს მორგებოდნენ, არ უნდოდათ დაენახათ ისეთი, როგორიც არის. ერჩიათ მასთან საქმის დაჭერა და ფიქრი, რომ მოახერხებდნენ მის შეცვლას და რაღაც მომენტში, აღმოვჩნდით რუსეთის წინაშე, იმ რეალობის წინაშე, რომ რუსეთი არ იცვლება, ის უკრაინაში ყველაზე ნამდვილ შუქზე ჩანს, მოკლებული ყველანაირ დისიმულაციას და აქ უკვე აღარ შეიძლება თავის მოტყუება.- რუსულმა ფულმა და განსაკუთრებით, ნავთობის ფულმა ითამაშა რაიმე როლი? ფრანგების გარკვეული რაოდენობა სარგებლობდა ამით?- არ ვიცი ეს როგორ ხდება, მაგრამ ისევე როგორც გერმანიაში, გაზი რუსული გავლენის ერთ-ერთი გამტარი იყო, ასევე საფრანგეთშიც, არ ვიცი, შეიძლება ეს იყო ნავთობი, თუ ნავთობის და ფრანგული რომანტიზმის ერთობლიობა; ის აზრი, რომ საფრანგეთსა და რუსეთს შორის "ხელშეუხებელი სიყვარულის ისტორია" არსებობდა, ამ ყველაფერმა ერთად, შექმნა ის ხელშეწყობა.- ეს თქვენ შენიშნეთ, თქვენ საოცარი ფრანკოფონი ხართ და უდავოდ, ყველაზე კარგად ხედავთ ამას, არა?- მე ეს შევნიშნე. მე გარკვეული პერიოდი ვიყავი კე დორსეში (საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში), დიდი ხანი ვიყავი კე დორსეში და იქაც იყო გამყოფი ხაზი იმ პირებს შორის, ვინც ფიქრობდა, რომ ერთ დღეს რუსეთთან დიდი კონსენსუსი იქნებოდა მიღწეული და ისინი, ვინც.... მაგალითად გაზზე... დიდი ხნის წინ იყო დებატები იმაზე, უნდა გაზრდილიყო მასზე დამოკიდებულება, მეტი რუსული გაზი ეყიდათ თუ არა და საბოლოოდ, კარგია, რომ არ გაზარდეს მასზე დამოკიდებულება.- გეშინიათ სიმხდალის დაბრუნების? მოვისმენთ ხალხის ხმას, რომლებიც სიმპათიით არიან გამსჭვალული რუსეთის მიმართ. მაგალითად, ჩეხეთის პრეზიდენტი ამბობს, შეიძლება მოლაპარაკების დრო მოვიდა, მოლაპარაკება პუტინს ნიშნავს, თქვენ შიშობთ ამას?- არა, ყველა ამატებს მაინც, რომ ზელენსკიმ უნდა გადაწყვიტოს, თუ რა მომენტში... რა თქმა უნდა, იქნება ბოლოს მოლაპარაკებები. ეს სხვა საკითხია. ყველაფერი სრულდება მოლაპარაკებით, რომ დაფიქსირდეს საბოლოო შედეგი. მე არ ვფიქრობ, რომ...- არ არის აუცილებელი, თუ ომი იქნება უკრაინის ბოლო კვადრატული სანტიმეტრის განთავისუფლებამდე, აღარ იქნება მოლაპარაკება, ომით მოხდება დაბრუნება...- დიახ. იქნება მოლაპარაკება, რადგან რაღაც მომენტში იძულებული უნდა გახდეს რუსეთი, რომ დათანხმდეს, ეს უნდა მოხდეს მოლაპარაკებით. ზოგი ამბობს, რომ ის ბოლომდე უნდა განადგურდეს. მოლაპარაკებებით უნდა მოხდეს რუსეთის იძულება, რომ ის გახდეს სახელმწიფო, რომელიც უარს ამბობს სხვა სახელმწიფოების ტერიტორიების ოკუპაციაზე. ეს საბოლოო მოლაპარაკების გამოწვევაა. მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან ამ საბოლოო მოლაპარაკებამ უნდა მოიცვას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, უნდა მოიცვას დნესტრისპირეთიდან გამოსვლაც. მხოლოდ ზელენსკი არ დაიბრუნებს სრულად უკრაინის ტერიტორიებს, რაც უმთავრესი მიზანია, მაგრამ საჭიროა, რუსეთი თავის საზღვრებში დაბრუნდეს.- ძალიან მნიშვნელოვანია რასაც ამბობთ. თქვენ წარმოგიდგენიათ და მივხვდით, რომ თქვენთვის ეს (მოლაპარაკება) იქნება ომის დასასრულის შემდეგ, ეს იქნება საბოლოო შეთანხმება, საბოლოო მოლაპარაკება, რომელიც შეეხება რუსეთის მიერ უკანონოდ დაკავებულ  ყველა ტერიტორიას, მათ შორის საქართველოში?- ძალიან მარტივია, სანამ რუსეთი იკავებს თუნდაც ერთ კვადრატულ კილომეტრ სხვის ტერიტორიას, რუსეთი ვერ იქნება ის პარტნიორი, რომელიც ისევ გვსურს ვიხილოთ ევროპული უსაფრთხოების ახალი არქიტექტურაში. ეს მოხდება რუსეთის ნორმალიზაციით, რაც ნიშნავს იმას, რომ მე მაქვს საზღვრები, მე მათ პატივს ვცემ. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მეზობლური ურთიერთობები, პატივისცემა და თანამშრომლობა. ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით ნორმალური მეზობლური ურთიერთობებისთვის. მე ვაწარმოებდი ლავროვთან მოლაპარაკებებს რუსული ბაზების გაყვანასთან დაკავშირებით და ეს იყო სწორედ ურთიერთობების ნორმალიზების დასაწყისი.- როგორც გარკვეული რაოდენობის პოლონელები, ბალტიისპირეთის ქვეყნების ხალხი, თქვენც ფიქრობთ, რომ მოძრაობები გაგრძელდება, რომ ხვალ ჩეჩნები, ბურიატები, ციმბირელებიც მოითხოვენ თავისუფლებას? - მე არაფერს არ ვიმედოვნებ. ყველამ უნდა გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი. ვფიქრობ, დღეს რეალობა არის შემდეგი, არის რუსეთი თავისი საზღვრებით, და ამას პატივი უნდა სცეს. ზეგ თუ სხვა მოძრაობები გამოიხატება, ყველამ თავისი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. არ ვფიქრობ, რომ ეს ახლა მოხდება. ასევე, შეინიშნება ის, რაც გამოიყენებოდა საბჭოთა კავშირის ბოლო პერიოდში, შეფარული მუქარა, რომ რუსეთისთვის უკან დახევის იძულების შემთხვევაში, დიდი აფეთქება მოხდება, რისიც ყველას ეშინია, რადგან არავინ იცის ეს როგორ დამთავრდება. ეს არ არის აფეთქება, ეს არის ნორმალიზაცია, საზღვრებში დაბრუნება და პატივისცემა.- ატომურ თემაზე რუსეთის მხრიდან ბლეფს აქვს ადგილი?- დიახ.- და ბლეფს წამოვეგეთ? შეხედულებები...- ძალიან რთულია, გასულ წლებში მე ვმუშაობდი ატომურ საკითხებზე და ამ თემაზე ძალიან რთულია თქვა, ეს ბლეფია და სერიოზულად არ აღვიქვამ, იძულებული ვართ სიფრთხილე შევინარჩუნოთ.- გულში იმედოვნებთ, რომ პუტინი და ასევე სი ძინ პინი როდისმე გასამართლდებიან? ეს ძალიან შორეულ პერსპექტივაში ჩანს, სი ძინ პინი, უიგურების გენოციდისთვის, ვლადიმერ პუტინი ბრალდებულია არა მხოლოდ ომის დანაშაულისთვის, არამედ კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის. თქვენი პირადი სურვილია, რომ ეს ორი ადამიანი გასამართლდეს, პუტინი რა თქმა უნდა, უპირველესად, რადგან თქვენ უფრო გეხებათ...- მე ჩემი შინაგანი რწმენით ვფიქრობ, რომ ეს იქნებოდა ისტორიული შედეგი, რაც გარკვეულ საკითხებს თავის ადგილს მიუჩენდა. თუ მეკითხებით, ვფიქრობ, რომ ეს რეალისტურია? არა.- რატომ?- იმიტომ რომ ჩვენ რეალისტურ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც ეს არ ხდება არ ვართ ალისას (საოცრებათა) სამყაროში.- შეიძლება უფრო მკაფიო ჟესტები გვქონდეს? მაგალითად, ის ჯერ კიდევ დიდი ჯვრით თუ არ ვცდები, საპატიო ლეგიონის დიდი ჯვრით არის დაჯილდოებული, უნდა მოხდეს მისი ჩამორთმევა.- დიახ, უდავოდ! ვფიქრობ, არ არის ძალიან მნიშვნელოვანი ის, პუტინია თუ სხვა ვინმე, ეს არის სისტემა.- რომელიც გაგრძელდება, შეიძლება გაგრძელდეს მის შემდეგ?- გარდა იმ შემთხვევისა, თუ არ ვაიძულებთ რომ უარი თქვან ამ იმპერიალიზმზე და დაუბრუნდნენ ნორმალიზებას, მე სხვა სიტყვას ვერ ვპოულობ. სანამ რუსეთს დავტოვებთ იმპერიალისტურად და მივცემთ საშუალებას მოიქცეს იმპერიალისტურად, მოვა ვინმე სხვა და მოიქცევა ასევე. სისტემებს საკუთარი ლოგიკა აქვთ და ტოტალიტარულ, ავტორიტარულ სისტემებს კიდევ უფრო მეტად.- ამერიკელები გვესაჭიროება უსაფრთხოების საკითხებში, ვნახეთ ახლო აღმოსავლეთში მათ მიავლინეს ორი ავიამზიდი, წყალქვეშა ხომალდი, მგონი 60 000 კაცი ჰყავთ რეგიონში, თქვენ ხართ ევროპის აღმოსავლეთით, თქვენ გრძნობთ ამას?- დიახ, მაგრამ ასევე ვხედავთ, რომ ევროპამ მიუხედავად იმისა, რომ მას არ გამოუყენებია სრული უსაფრთხოების და თავდაცვის მასშტაბი, (ეს ძველი ისტორიაა და ნელა მიმდინარეობს), იწყებს სამხედრო და ეფექტური შესაძლებლობების შეძენას. ვხედავთ პოლონეთი რას აკეთებს, რა როლი ითამაშა უკრაინასთან მიმართებაში, ვხედავთ ბალტიის ქვეყნებს, ჩეხეთს. ვხედავთ, რომ აღმოსავლეთ ევროპამ აღიქვა აუცილებლობა, მათ ეს ისედაც იცოდნენ, რადგან როგორც ჩვენთვის, მათთვისაც ევროკავშირი არის უსაფრთხოება უპირველეს ყოვლისა.- რამდენიმე სიტყვა საფრანგეთზე, თქვენ დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდით საფრანგეთში, ახლა კი ხართ საქართველოს პრეზიდენტი, სახელმწიფოს მეთაური; ვოლტერის ჰურონის მსგავსად, ზევიდან უყურებთ მოვლენებს. როგორ შეაფასებთ საფრანგეთის დამოკიდებულებას? ის საკმაოდ ცვალებადი იყო რუსეთთან მიმართებაში, თავიდან ამბობდა არ უნდა უგულებელვყოთ  რუსეთი, შემდეგ ბევრად უფრო მკაცრი იყო, განსაკუთრებით ბრატისლავაში. როგორ აფასებთ საფრანგეთის ქცევას?- ძალიან ბედნიერი ვარ დღეს, როცა ვხედავ, რომ საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის ძირითადი  მხარდამჭერები არიან საფრანგეთი, გერმანია, ისინი, ვინც გუშინ, ბუქარესტში მაგალითად, დაბლოკეს კანდიდატურები ნატოში. ძალიან დიდი გზა უკვე გავლილია, რაც სწორედ დაბრმავების დასასრულია. ვფიქრობ, უფრო მკაფიო ხედვაა იმისა, თუ სად არის გამოწვევები და რისი უფლება აღარ შეიძლება ჩვენს თავს მივცეთ. ამან გახსნა რეალურად გაფართოების ეს გზა ამ ქვეყნებისთვის. მე მჯერა, რომ ეს ძალიან დიდი წინსვლაა.- ქალბატონო პრეზიდენტო, დიდი მადლობა, რამდენიმე წუთში ვნახავთ შარლ მიშელს, ევროკავშირის წარმომადგენელს.- მე ვისურვებდი, რომ ჩემს შემდეგ ყოფილიყო შარლ მიშელი, ვიდრე რუსეთის საელჩოს წარმომადგენელი.- რუსეთის საელჩოს წარმომადგენელსაც მოვუსმენთ, რადგან ერთ-ერთი განვითარება არის რომ რუსეთი და ჩინეთი თავიანთ თამაშს თამაშობენ, ევროკავშირი შეხვდება ჩინეთს, და ვნახავთ შესაძლებელია თუ არა  მოლაპარაკება რუსეთთანაც კი, თუ საჭირო იქნება დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა. თქვენ მომხრე იქნებოდით რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის?- ჩვენ არ გვაქვს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები ოკუპაციის შემდეგ და [ოკუპირებული ტერიტორიების] ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ.- შეიძლება ეს მოდელი იყოს ევროკავშირისთვის? ევროპული სიმამაცის ფორმა იქნებოდა ნამდვილად დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტა ქვეყანასთან, რომელიც კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულშია ბრალდებული?- ვფიქრობ, ჩვენს შემთხვევაში, როდესაც ტერიტორია არის ოკუპირებული, ეს ლეგიტიმურია და ეს პასუხობს პრინციპულ პოზიციას. არ ვფიქრობ, რომ ერთიანობისთვის, რასაც ევროკავშირი წარმოადგენს, ეს არჩევანი იყოს. ევროკავშირი ყველგან უნდა იყოს წარმოდგენილი. დიპლომატია მხარდაჭერა არ არის, დიპლომატია შეიძლება იყოს პრინციპებისა და პოზიციების შენარჩუნება. 

"ძალიან გამაღიზიანებელია, როცა შენს ქვეყანაში გყავს ხალხი, რომელიც მტრის ენაზე საუბრობს და რომელთაც სჯერათ, რომ საკუთარ სახლში არიან"

1698676945

ეს 15 წელზე მეტი ხნის წინ მოხდა. ვლადიმერ პუტინის სათამაშო წიგნი დიდად არ შეცვლილა. დღეს საქართველო, რომელსაც რუსეთთან 556 მილის საერთო საზღვარი აქვს, ცდილობს თავი დააღწიოს კრემლს, რომელიც ებღაუჭება მას. რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან რამდენიმე დღეში საქართველომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი წარადგინა იმ იმედით, რომ მოიპოვებდა დასავლურ სადაზღვევო პოლისს.დღეს მოვუსმენთ საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს; პარიზში გაზრდილი ქართველი ლტოლვილების ქალიშვილი ამბობს, რომ პუტინმა საქართველოში "ჩუმი შემოჭრა" დაიწყო, რათა გააფართოოს რუსული გავლენები.***- უკვე მესამე წელია, რუსეთი ომს აწარმოებს უკრაინაში, როგორ აისახება ეს ომი საქართველოზე და აქ ცხოვრებაზე?- ეს, რა თქმა უნდა, შეხსენებაა იმისა, რაც ჩვენმა ქვეყანამ გამოიარა და ფაქტია, რომ ეს ყოველთვის პირდაპირი საფრთხეა. უკვე რეალობაა, რომ რუსეთი ნიადაგს ტესტავს.- თქვენ ფიქრობთ, რომ რუსები საქართველოში ნიადაგს ახლა ამოწმებენ?- დიახ, ახლა.- როგორ?- აქ, მათი მარტივი გზა, ჰიბრიდული ომია.ვლადიმერ პუტინი უკრაინაში 2022 წელს შეიჭრა. სხვა მიზეზებთან ერთად, მან თქვა, რომ ეს, იქ [უკრაინაში] მცხოვრები რუსების დასაცავად გააკეთა. პრეზიდენტი ზურაბიშვილი შიშობს, რომ პუტინს მსგავსი კამპანიის განხორციელება საქართველოშიც შეუძლია.უკრაინაში ომის დაწყებიდან საქართველო 100 ათასი რუსის სახლი გახდა.- ძალიან გამაღიზიანებელია, როცა შენს ქვეყანაში გყავს ხალხი, რომელიც მტრის ენაზე საუბრობს და რომელთაც სჯერათ, რომ საკუთარ სახლში არიან.- რუსებს სჯერათ რომ სახლში არიან?- ისინი ისე იქცევიან და სჯერათ ამის, რომ საკუთარ სახლში არიან. ასე რომ, უნდა შენარჩუნდეს ზღვარი, რათა მომავალში არ გვქონდეს ისეთი ინციდენტები, რომლებიც რუსეთს საშუალებას მისცემს გამოიყენოს თავისი საყვარელი დოქტრინა - რუსულენოვანი მოქალაქეების დაცვის შესახებ.- მაშ რატომ არ ამბობს საქართველო: არა რუსებს საქართველოს საზღვრებში!- ეს ხელისუფლების საკითხია.- არ ხართ თქვენ ხელისუფლება?- მე არ მაქვს აღმასრულებელი უფლებამოსილებები... სამწუხაროდ.****ქალაქში ხშირია ანტირუსული და უკრაინის მხარდასაჭერი გრაფიტები, რომლებზეც გამოხატულია საქართველოს დროშა ევროკავშირის, აშშ-სა და ნატოს დროშებთან ერთად.საქართველოს საზოგადოების 80%-ზე მეტი მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, ისევე როგორც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ მისი ქვეყანა საპარლამენტო მმართველობაზე გადადის, მისი პოსტი ცერემონიალური გახდა.მას შემდეგ, რაც ის ევროპაში წავიდა, რათა ეცადა და საქართველოს ევროკავშირის კანდიდატობისათვის გზა გაეკვალა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მას კონსტიტუციის დარღვევაში დასდო ბრალი, აუკრძალა ევროპაში მოგზაურობა და შეეცადა მის იმპიჩმენტს, მაგრამ მარცხი განიცადა.პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დემონსტრაციულად განაგრძო ლიდერებთან შესახვედრად საკუთარი სახსრებით ფრენები ევროპაში.- ისე ჩანს, რომ პრემიერ-მინისტრი არ არის დაინტერესებული ევროკავშირში გაწევრიანებით?- ეს ის კითხვაა, რომელსაც მთელი საზოგადოება სვამს: - ეს [ევროკავშირში გაწევრიანება] ისაა, რაც მათ [მთავრობას] ნამდვილად სურს, თუ ეს მხოლოდ სიტყვებია?- ეს გადამწყვეტი მომენტია. ფიქრობთ, რომ დასავლეთი, განსაკუთრებით კი, აშშ საკმარისად გულისხმიერი და მხარდამჭერია ამ მომენტში საქართველოს მიმართ?- ასე არ ვფიქრობ და მე ერთ კონკრეტულ მაგალითს მოვიყვან. უკვე 5 წელია, პრეზიდენტი ვარ და ამ დროის განმავლობაში, მე ვერ შევძელი საპრეზიდენტო დონის შეხვედრები - იქნებოდა ეს [აშშ-ის] პრეზიდენტთან, თუ ვიცე-პრეზიდენტთან... სატელეფონო საუბარიც კი. მესმის, რომ არსებობს უფრო მწვავე გამოწვევები, მაგრამ ვფიქრობ, რომ მეტი საჯარო აღიარებაა საჭირო.- რისი აღიარება?- აღიარება იმისა, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოსათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ვიცი, რომ ეს ის რიტორიკა, რომელსაც აშშ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან იყენებს, თუმცა ამის გამეორება უმაღლეს დონეზე საქართველოს მოსახლეობისათვის ძალიან მრავლისმეტყველი და მნიშვნელოვანი იქნება.ევროკავშირმა გაწერა მოთხოვნების სია საქართველოსთვის, რომელიც საჭიროა კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ეს მოთხოვნები კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასა და ადგილობრივი ოლიგარქების ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შემცირებას ითვალისწინებს. გადაწყვეტილებას წლის ბოლოსთვის ელოდებიან.- რა მოხდება თუ ევროკავშირი უარს ეტყვის საქართველოს?- ეს რუსეთის დიდი გამარჯვება იქნება. გამარჯვება, რომელსაც ვალია ვანიშვილი არ თმობს და უარს ამბობს, რომ ის [რუსებს] უბოძოს. 87 წლის ასაკში ის რჩება თავის პოზიციაზე თავისთვის და თავისი ქვეყნისათვის.  

უნივერსიტეტები 30 000 სტატუს აღდგენილ სტუდენტს ვერ მიიღებენ – რა მიზანი აქვს ღარიბაშვილს

1695065612

რას ნიშნავს, როცა პრემიერ-მინისტრი განათლების სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე მსგავს ინიციატივას აანონსებს, განათლების მინისტრი კი – კანონს არღვევს?"ბათუმელები" ამ თემაზე „ალტე უნივერსიტეტის“ ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის დირექტორს და ილიაუნის პროფესორს კომპიუტერული და ელექტრული ინჟინერიის მიმართულებით, ნანა დიხამინჯიას ესაუბრა.ქალბატონო ნანა, ის რა განცხადებებიც მოვისმინეთ პრემიერისგან და შემდეგ განათლების მინისტრისგან, სინამდვილეში რა ტიპის პრობლემას აჩვენებს ქვეყანაში?მთავარი პრობლემა, რაც გამოჩნდა პრემიერის განცხადებით, არის ის, რომ მთავრობა განათლების სამინისტროსა და უნივერსიტეტებთან განხილვებისა და შეთანხმების გარეშე იღებს გადაწყვეტილებას ამხელა პროცესზე.ეს ნიშნავს, რომ საერთოდ არ აქვთ გააზრებული, ვინ არიან მთავარი აქტორები განათლების სისტემის პროცესში, ვინ არიან მთავარი შემსრულებლები და ვინ უნდა მიიღოს ამ ტიპის გადაწყვეტილება.ძალიან ცუდად მომხვდა თვალში ღარიბაშვილის ფრაზა – „ჩემი პირადი გადაწყვეტილებით“. ეს იყო ძალიან ცუდი, რადგან არავის აქვს უფლება, განათლების სისტემაში პირადად მიიღოს რაიმე გადაწყვეტილება, არანაირ საკითხთან დაკავშირებით. რადგან განათლების სისტემა არის ძალიან კომპლექსური და ყველა გადაწყვეტილება მიღებული უნდა იყოს ათობით ორგანიზაციის ჩართულობით.განსაკუთრებით ცუდად მენიშნა ის, რომ უნივერსიტეტებს საერთოდ აზრი არ ჰკითხეს.გასაგებია, რომ პრობლემა არსებობს, გასაგებია, 30 ათასი სტუდენტი არ არის პატარა რიცხვი, ვისაც შეჩერებული აქვს სტატუსი, მაგრამ ამ ტიპის გადაწყვეტილებები უნდა ეფუძნებოდეს კვლევას, ანუ ზუსტად უნდა გვცოდნოდა, როდის აქვთ სტატუსი შეჩერებული სტუდენტებს, რა მიზეზით აქვთ შეჩერებული, რადგან სტატუსს ყოველთვის ფინანსური დავალიანების გამო არ იჩერებენ სტუდენტები.დასაზუსტებელია, რა მიზეზით აქვთ ეს ფინანსური დავალიანება, ვისაც აქვს, რომელ პროგრამებზე და ასე შემდეგ, რადგან ზოგი პროგრამა 2250 ლარი ღირს და ზოგი – 7 000 ლარი.ამიტომ, ღარიბ სახელმწიფოს, რომელსაც განათლების სისტემაში აქვს ათასობით პრობლემა, არ აქვს იმის ფუფუნება, ასე მარტივად ხარჯოს ფული, ყოველგვარი განხილვისა და კვლევის გარეშე.ეს რიცხვები უნდა გამოექვეყნებინა მთავრობას აუცილებლად, უნდა შეფასებულიყო ეს ყველაფერი და ისე უნდა მიღებულიყო გადაწყვეტილება.ჩვენ არც ის ვიცით, ამ 30 ათასიდან რეალურად რამდენს სურს სტატუსის აღდგენა, არა? იქნებ საერთოდ არ არიან ეს ადამიანები ქვეყანაში, იქნებ დასაქმებულნი არიან და დრო არ რჩებათ, ლექციებზე რომ იარონ, ბევრი სხვა მიზეზი შეიძლება იყოს, რაზეც არ უსაუბრია ღარიბაშვილს.თუ, მაგალითად, შარშან შეუჩერდა სტუდენტს სტატუსი ფინანსური დავალიანების გამო, ამ შემთხვევაში სტატუსის აღდგენა მარტივია უნივერსიტეტისთვის, მაგრამ თუ ეს არის უფრო ადრეული წლების, ამ შემთხვევაში რთული იქნება, რადგან პროგრამები იცვლება ან იხურება. ამ შემთხვევაში ინდივიდუალური გეგმა სჭირდება სტუდენტს, თუ დაიხურა პროგრამა, მაშინ მობილობით სჭირდება გადაყვანა და ასე შემდეგ.შეიძლება ადამიანმა 7 წლის წინ მიატოვა სწავლა და ვთქვათ, მუშაობს, კარგი სამსახური აქვს და არ აპირებს ჯერ სწავლის გაგრძელებას, იკითხა, გაარკვია ეს ვინმემ? აი, ამას სჭირდებოდა კვლევა.თუ ვიღაცას, მაგალითად, ერთი სემესტრის დავალიანება აქვს და ვთქვათ, გადავუხადეთ ეს 1125 ლარი, თუ ეს სტუდენტი რეგიონიდანაა და თბილისში სწავლობს, რა უნდა ქნას ამ ადამიანმა? მარტო ეს ერთი სემესტრის თანხა იყო მისთვის პრობლემა?თუ პრობლემაა ბინის ქირა, რომელიც ძალიან გაზრდილია ქვეყანაში რუსების შემოსვლის გამო, ფაქტობრივად, აღარ იშოვება ხელმისაწვდომი ბინები თბილისში, ის, რომ ამ სტუდენტს ბინის გარდა სჭირდება კვების, ტრანსპორტის თანხა და ასე შემდეგ, ეს ფული საიდან უნდა მოიტანოს? აი, ამ ყველაფერს სჭირდება პირველ რიგში განსჯა.განათლების მინისტრის განცხადება რამდენად პრობლემურია – მან თქვა, რომ უნივერსიტეტებს გაუზრდის კვოტებს, თუ სტატუსაღდგენილი სტუდენტებიდან ყველა მოისურვებს დაბრუნებას.ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა, რადგან ამ დროისთვის უნივერსიტეტებს ყველა კვოტა შევსებული აქვთ. მაგალითად, 17 770 სტუდენტი ჰყავს ილიას უნივერსიტეტს, დაახლოებით 20 ათასია თსუ-ს კვოტაც და როგორც წესი, უნივერსიტეტები ბოლომდე ავსებენ ხოლმე ამ კვოტებს.თუ რამდენი სტუდენტის მიღების უფლება აქვთ უმაღლეს სასწავლებლებს, ამ კვოტას მათ ანიჭებს ავტორიზაციის საბჭო.ეს რიცხვი ავტორიზაციის საბჭოზე თავად უნივერსიტეტებს შეაქვთ, შემდეგ ამაზე მსჯელობს ექსპერტთა ჯგუფი და აფასებს, ამ დასკვნის საფუძველზე იღებს ავტორიზაციის საბჭო გადაწყვეტილებას.ამ ფონზე გამოდის განათლების მინისტრი და ამბობს, რომ ვისაც კვოტის პრობლემა ექნება, არ არის პრობლემა, გავუზრდით, ეს არის კანონდარღვევა.ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ განათლების სამინისტრო უგულებელყოფს ავტორიზაციის საბჭოს და ამ პროცესს, რასაც უნივერსიტეტები გადიან კვოტების მინიჭებისთვის?რა თქმა უნდა. და ეს ძალიან ცუდის მანიშნებელია, რადგან ჩვენი ქვეყნის მთავარი პრობლემა გაუმართავი სისტემებია. ავტორიზაციისა და აკრედიტაციის სისტემა მეტ-ნაკლებად გაიმართა ამ ბოლო წლებში ქვეყანაში, ამან გააძლიერა უნივერსიტეტების ხარისხიც, რადგან გვახსოვს წლები, როცა სადარბაზოებში იყო გახსნილი უნივერსიტეტები და ისე იძლეოდნენ დიპლომებს. ძლივს ამუშავდა ეს სისტემა, გახდა ევროპული ხარისხის აღიარების ნაწილი და ახლა, როცა მინისტრი ასეთ რამეს ამბობს, რა თქმა უნდა, ამით სისტემას არღვევს.დავუშვათ, ამ 30 ათასიდან, სულ ცოტა, 10 ათასმა გადაწყვიტა უნივერსიტეტში დაბრუნება. რა მოხდება ამ შემთხვევაში?შესაძლოა, ნაკლებად პრესტიჟულ უნივერსიტეტებს აქვთ შემორჩენილი კვოტები და მიიღონ გარკვეული რაოდენობა, მაგრამ იმ უნივერსიტეტებისთვის, სადაც შევსებულია კვოტები, ეს იქნება შეუძლებელი.აქ მარტო აუდიტორიებზე ხომ არ არის საუბარი, აქ მოიაზრება ლექტორთა კორპუსი, სასწავლო რესურსები, კომპიუტერული კლასები, ლაბორატორიები, მაშინ ამ ყველაფრის რაოდენობის გაზრდა გახდება საჭირო.შესაბამისად, ახლა, სწავლის დაწყების წინ, როცა აცხადებს ღარიბაშვილი, რომ ყველას გაუნულებს დავალიანებას, ცრუ მოლოდინს უქმნის ადამიანებს, რომ შეიძლება ამ სემესტრში აღუდგეთ სტატუსი. ეს შეუძლებელია.თუ სტუდენტს ერთ წელიწადში უნდა დაემთავრებინა სწავლა და შენ 2-3 წელიწადს უმატებ, შეიძლება არც მოინდომოს სწავლის გაგრძელება, ხომ?მაგალითად, ტექნოლოგიებსა და ინჟინერიაში სწრაფად ახლდება პროგრამები. შესაძლოა ის პროგრამა საერთოდ აღარ იყოს, რაზეც კონკრეტული სტუდენტი სწავლობდა.უკვე რამდენი წელია მსოფლიო ბანკის დაფინანსებით მიდის კვლევა (პერიოდულად გამოჩნდება ხოლმე ეს კვლევები), თუ როგორ უნდა შეიქმნას უნივერსიტეტების დაფინანსების მდგრადი სისტემა, მაგრამ ეს პროექტიც თაროზეა შემოდებული და არაფერი ვიცით, როდის დასრულდება.ძალიან დიდი პრობლემაა, როცა 2250 ლარი ღირს უნივერსიტეტში სწავლა, ეს არის თავის მოტყუება, არ შეიძლება ამ თანხად მაღალი ხარისხის განათლების უზრუნველყოფა. მაშინ, როცა კერძო სკოლებსა და საბავშვო ბაღებშიც კი ბევრად მეტი ღირს სწავლა.მაშინ, როცა სახელმწიფოს მოგვარებული არ აქვს სტუდენტური საცხოვრებლების პრობლემა და ბევრი სხვა რამ, ასეთ გაუთვლელ და დაუგეგმავად წამოსროლილ ინიციატივებს, არანაირი აზრი არ აქვს.მმართველი პარტიის მხარდამჭერებმა, იმავე დღესვე დაიწყეს აზრის გავრცელება, რომ „ეს არის პრემიერის კეთილი ნება“, „საჩუქარი“ და ასე შემდეგ. რა არის რეალურად ეს, საარჩევნო პროპაგანდის ნაწილი? ახალგაზრდების, როგორც ელექტორატის მოსყიდვა? – თქვენ როგორ ფიქრობთ?როდესაც სახელმწიფო ფულს ხარჯავს, ეს არასდროს არ არის საჩუქარი, რადგან ეს არ არის არც ღარიბაშვილის, არც ზურაბიშვილის, პარლამენტის თავმჯდომარის თუ რომელიღაც პარტიის ფული. ეს არის ჩვენი, ჩვენი მშობლებისა და შვილების ფული.სახელმწიფო, ზოგადად, საჩუქარს ვერ იძლევა ვერანაირს, ეს არის ის ფული, რომელსაც ჩვენ გამოვიმუშავებთ.იცით, რას ჰგავს ეს კონკრეტული შემთხვევა? წარმოიდგინეთ ოჯახი, რომელსაც სოციალური პრობლემები აქვს, შია და ამ დროს ოჯახის უფროსი დაბადების დღეზე საჩუქრად ყიდულობს ძვირად ღირებულ თაიგულს ოჯახის რომელიმე  წევრისთვის. შეიძლება ეს საჩუქრად აღვიქვათ, თუ ეს იქნება არასწორი ხარჯვა?დაახლოებით ასე უნდა მოვუდგეთ ამ საკითხსაც, რადგან ბიუჯეტი ხალხის ფულია, ჩვენ გამოვიმუშავებთ და ჩვენ უნდა დავხარჯოთ. არაფრით შეიძლება, რომელიღაც პარტიამ ერთპიროვნულად გადაწყვიტოს ბიუჯეტის ხარჯვა, თან ისე, რომ მათ მიერვე დანიშნული მინისტრიც კი არ ჩააყენონ საქმის კურსში და ათქმევინონ, დღეს პირველად გავიგე ამის შესახებ და ახლა დავიწყებთ უნივერსიტეტებთან მოლაპარაკებასო.რატომ ეგუებიან ამ ყველაფერს უნივერსიტეტები. ეს ხომ მათ ჩიხში შეიყვანს?საერთოდ, უნივერსიტეტები ყველაზე მთავარი ძალაა ქვეყნის განვითარებისთვის, ამიტომ მათი ასეთი იგნორირება, რასაც ახლა ვხედავთ, ძალიან დამამცირებელია.მეც ძალიან მიკვირს, რომ ისინი ამას არ აპროტესტებენ.თუმცა ჩვენ გვაქვს მაგალითები, თუ როგორ ახდენდა ხელისუფლება მათზე ზეწოლას სხვადასხვა დროს, გავიხსენოთ თუნდაც შავი ზღვის უნივერსიტეტი, რომელსაც მხოლოდ იმიტომ შეუჩერეს ავტორიზაცია, რომ ასე მოისურვა ერდოღანმა.სამწუხაროდ, ჩვენ არ ვართ მიჩვეული თანმიმდევრულ პროტესტს. იმას, რომ საკუთარ სამუშაო სივრცეში მოვითხოვოთ რაღაცის ცვლილება, რომ მაგალითად, პროფესორმა უნივერსიტეტს მოსთხოვოს წესების დაცვა, უნივერსიტეტმა განათლების სამინისტროს და ასე შემდეგ. ასეთი რამ ჩვენთან ძალიან იშვიათია.მეორე მომენტია, როდესაც სამართლიანი სისტემა არ არსებობს ქვეყანაში.ჩვენ ვიცით, რომ სკოლებში ათასობით ბავშვი შიმშილობს და არაერთი კვლევა დაიდო ამაზე. არის მოძრაობები, რომლებიც მოითხოვენ სკოლებში უფასო კვების დანერგვას, თუმცა ხელისუფლება უფულობას იმიზეზებს. ამ დროს საიდანღაც გამოჩნდა 40 მილიონი…და ეს მაშინ, როცა ვიცით, რომ სადღაც 100 ათასი ბავშვი შიმშილობს ქვეყანაში.ის ბავშვებიც კი, რომლებსაც აქვთ შესაძლებლობა სკოლის ბუფეტში შეიძინონ რაიმე, ჯანმრთელობის დამაზიანებელ საკვებს იღებენ.როცა ვამბობთ, რომ ტექნოლოგიების განვითარებაზე გადის დღეს ქვეყნის განვითარების მთავარი გზა, როგორ შეიძლება სკოლებში არ გქონდეს კომპიუტერული კლასები? არ გქონდეს ყველა საკლასო ოთახში პროექტორი, ინტერნეტი. მასწავლებლები ჯერ კიდევ დაფაზე წერით გადასცემენ ინფორმაციას. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ, უბრალოდ, წინა საუკუნეში ვცხოვრობთ.რეგიონებში ხშირად ჩავდივარ ხოლმე და არაერთ სოფელშია ისეთი სკოლა, სადაც ბავშვს ხვდება ღირსების შემლახავი საპირფარეშო და გარემო.შეუძლებელია ასეთ დამამცირებელ გარემოში ბავშვს გამოუმუშავდეს პატივისცემა განათლების ინსტიტუციების მიმართ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სწავლის მოტივაციისთვის.ის, რომ ცალკეული ბავშვები წარმატებებს აღწევენ, არ ნიშნავს, რომ ჩვენ მასიურად ვიძლევით სწორ განათლებას.ექსპერტებს ვეღარ ვზრდით ქვეყანაში, რადგან ამას სჭირდება სერიოზული ლაბორატორიები, რომლებიც ძალიან ძვირი ღირს. უნდა ნახოთ უნივერსიტეტები, სადაც მოძველებული აპარატურაა შემორჩენილი და აქა-იქ თუ მიამატებენ საერთაშორისო გრანტით რაიმეს.აი, ახლა, როცა კლიმატის ცვლილებების გამო თავზე გვენგრევა ქვეყანა, როცა გზა ვერ გაგვყავს და გვირაბი, ეს არის ამ ყველაფრის შედეგი, რომ მოშლილია ქვეყანაში საინჟინრო და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლება, კვლევა და განათლება.სტემ მიმართულებებს სჭირდება სერიოზული საფუძვლიანი დაფინანსება. სახელმწიფომ უნდა განსაზღვროს თავისი პრიორიტეტები. ვიცით, რომ გვჭირდება უფრო მეტი ტექნიკური განათლება და ნაკლები ბიზნეს და იურიდიული განათლება, მაგრამ ამის დიფერენციაციასაც ვერ ვაკეთებთ სწორად. იმიტომ, რომ კვლევა, რომელსაც ეს პრიორიტეტები უნდა განესაზღვრა, ალბათ, იქამდე იქნება თაროზე, სანამ არ მოძველდება.როგორ ფიქრობთ, არჩევნებისთვისაა გამიზნული ეს ინიციატივა?ერთპიროვნული და ხმაურიანი გადაწყვეტილებები ყოველთვის მიმართულია მმართველი პარტიის საარჩევნო დივიდენდებისკენ. სხვა დატვირთვა არ აქვს. ეს არ არის გრძელვადიანი გადაწყვეტილება, რომელიც მოგვცემს გრძელვადიან ეფექტს.რისი მოლოდინი უნდა მქონდეს, როცა არც კი ვიცით, რეალურად რას აგვარებს ასე გასროლილი ამხელა ფული.სამწუხარო კიდევ ის არის, რომ ჩვენ მოსახლეობას ჯერ კიდევ არ აქვს განათლების სისტემის ისეთი აღქმა, რომ კრიტიკულად გააანალიზოს ამ ტიპის ინიციატივები და სახელმწიფოს უყურებს როგორც ცალკე მდგომ სუბიექტს, რომელიც თუ უნდა კონცერტებში დახარჯავს მილიონებს და თუ უნდა მას გადმოუგდებს 2 კილოგრამ კარტოფილს ან სკვერს გააკეთებს სადღაც, საჭირო არის თუ არა, იმის მიუხედავად."ყვავს კაკალი გააგდებინო“ – თითქოს ასეთ სუბიექტად აღიქვამს სახელმწიფოს და ამიტომ ამბობს „რა კარგია, ვიღაცას მაინც შეეშველება ეს ფული“. ამიტომ იწერს ასეთი ინიციატივებით სახელმწიფო ქულას მოსახლეობის თვალში.

კელი დეგნანი - ყველაზე მნიშვნელოვანია, რას ამბობს საქართველოს ხალხი

1692618010

აშშ-ის ელჩი საქართველოში - კელი დეგნანი ასრულებს თავის მისიას და მომავალი ორი წლის განმავლობაში ვაშინგტონში საგარეო პოლიტიკის უფროსი მრჩევლის მოვალეობას შეასრულებს. რადიო თავისუფლებისთვის ელჩის სტატუსით მიცემულ ბოლო ინტერვიუში ამბობს, რომ საუკეთესო რამ, რაც საქართველოზე გაახსენდება, არის ხალხი.- გაქვთ თუ არა, როგორ ვთქვა... სინანულის განცდა, რომ, როგორც ელჩმა, მიზეზთა გამო, რაღაც არ გააკეთეთ, რისი გაკეთებაც შეგეძლოთ?- ვისურვებდი, მეტ პროგრესს ქართველების მიერ ღრმა პოლარიზაციის დაძლევის ხელშეწყობაში. ის არსებობდა მაშინაც, როცა აქ ჩამოვედი. ძალიან ღრმად პოლიტიზებული იყო თითქმის ყველა საკითხი. სახეზე იყო კრიზისი, რომელიც იყო 2020 წლის 19 ივნისის მოვლენების შედეგი, როცა რუსეთის დუმის წევრმა დაიკავა საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძელი. ასე რომ, კრიზისი უკვე არსებობდა. იმ ფონზე საქართველოს ლიდერები გამოვიდნენ მნიშვნელოვანი საარჩევნო რეფორმების იდეით, რაც ძალიან იმედის მომცემი ნიშანი იყო, რომ მათ შეუძლიათ ერთად მუშაობა.ამის შემდეგ, 2020 წლის ოქტომბერში იყო ძალიან ნაკლოვანი საპარლამენტო არჩევნები, რამაც გამოიწვია მორიგი პოლიტიკური კრიზისი. მეამაყებოდა საქართველოს პოლიტიკური ლიდერებისა და საზოგადოების წარმომადგენლების ხილვა გამოსავლის და წინსვლის გზის მოსაძებნად მიმდინარე მოლაპარაკებებზე, რომ მოეგვარებინათ კრიზისი, პარლამენტარები შეეყვანათ პარლამენტში, სადაც უნდა მიმდინარეობდეს დებატები, სადაც უნდა აჯერებდნენ განსხვავებულ პოზიციებს, ამუშავებდნენ კანონმდებლობას, რომელიც ქვეყნის საუკეთესო ინტერესებშია. სამწუხაროდ, ვნახეთ, რომ არც ერთმა მსხვილმა პარტიამ მისდია იმ შეთანხმებას და ეს ძალიან სამწუხარო იყო. ვთვლი, რომ ამან პოლარიზაციას ახალი საფუძველი მისცა და შექმნა მეტი პრობლემა, რომლის გადალახვაც ძნელია.იყო შესაძლებლობა და კვლავაც არის შესაძლებლობა, რომ პოლიტიკურმა ლიდერებმა გამოიჩინონ გამბედაობა, გამონახონ ძალა - გვერდზე გადადონ განსხვავებები და რეალურად იმუშაონ 12 რეკომენდაციის შესრულებაზე. ევროკავშირმა საქართველოს მისცა მკაფიო გზამკვლევი კანდიდატის სტატუსისკენ. მათ ეს ძალიან მარტივად წარმოადგინეს - საჭიროა მხოლოდ მიჰყვეთ ამ ნაბიჯებს. ვიმედოვნებ, ამ რამდენიმე თვესა და კვირაში პოლიტიკური ლიდერები გვერდზე გაწევენ განსხვავებებს და მუყაითად იმუშავებენ ამ 12 რეკომენდაციის შესრულებაზე, რადგან ეს საქართველოს საუკეთესო ინტერესებშია.- სიმამაცის ნაკლებობაა მიზეზი, რომ ეს არ ხდება? როგორ ფიქრობთ, რა არის მთავარი მიზეზი, რის გამოც ეს პრიორიტეტები არ სრულდება? რა ან ვინ არის მთავარი მიზეზი?- სინამდვილეში გარკვეული ხანია არ მომისმენია რეალური დისკუსია პრიორიტეტების შესრულებაზე. ბოლოს ეს მგონი მაშინ იყო, როცა ევროკავშირმა ამ პრიორიტეტების შესრულებაზე სიტყვიერი შეფასება წარმოადგინა და რომელიც ძალიან განსხვავდება საქართველოს მთავრობის აღქმისგან. ის სრულიად საპირისპიროა. საქართველოს მთავრობა თვლის, რომ შეასრულა პრიორიტეტების უდიდესი ნაწილი. ევროკავშირი კი საპირისპირო შეფასებას იძლევა.ასე რომ, გამბედაობაშია საქმე, თუ არსებობს შეუსრულებლობის გარკვეული მიზეზები? - იქნება ეს შიდა თუ გარედან მომავალი მიზეზები.- გამბედაობა მოდის განსხვავებების გვერდზე გადადებითა და ერთად მუშაობის სურვილით; იმის გააზრებით, რომ ამ განსხვავებების არსებობის მიუხედავად, საქართველოს ხალხმა გააკეთა მკაფიო არჩევანი ევროპული მომავლის სასარგებლოდ. თითოეული პოლიტიკური ლიდერი უნდა მუშაობდეს იმ მიზნის მისაღწევად, რომელიც საქართველოს ხალხის 85%-ს სურს. ეს არის შენი, როგორც პოლიტიკოსის, როგორც პარლამენტის წევრის საქმე - იმუშაო შენი მოქალაქეების სახელით, რომლებსაც წარმოადგენ. ევროკომისიის ივლისის, სულ რამდენიმე კვირის წინანდელი სიტყვიერი ანგარიშის თანახმად, 12-დან 3 რეკომენდაცია შესრულებულია. მათ განაცხადეს, რომ საქართველომ კარგ პროგრესს მიაღწია. პროგრესი ჰქონდა აგრეთვე კიდევ 7-ზე და ორზე მეტია სამუშაო. დასაკარგავი დრო არ არის. საქმის მიხედვის დროა და იმის დრო, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს დაანახო - საქართველო ნამდვილად ამ გზის ერთგულია.ყველა ქართველმა იცის, რომ კანდიდატის სტატუსი და ევროკავშირის წევრობა ქვეყნისთვის ნაბოძები არ არის, მას დამსახურება სჭირდება, ვინაიდან ევროკავშირის წევრობა ნიშნავს მეტ კეთილდღეობას, მეტ სტაბილურობას, მეტ უსაფრთხოებას. შეხედეთ ევროკავშირის ნებისმიერ ახალ წევრს: მათ მიიღეს როგორც ეკონომიკური სარგებელი, ასევე გაიუმჯობესეს სტაბილურობა. ამიტომაც სურთ ქვეყნებს ევროკავშირში გაწევრიანება. ამიტომ სურს საქართველოსაც ევროკავშირში შესვლა.- თუმცა, ისე მოჩანს, რომ პოლიტიკურ ასპარეზზე სულ უფრო ნაკლები სივრცე რჩება (თუკი საერთოდ რჩება) კომპრომისებისთვის. როგორ ფიქრობთ, რამ შეიძლება ხელი შეუწყოს ასეთი სივრცის გაფართოებას? თქვენ გაიხსენეთ, როცა ჩამოვედი ასევე პოლიტიკური კრიზისი იყოო. ელჩის მოვალეობის შესრულებას შეუდექით საპარლამენტო არჩევნების წელს, რომელიც ძალიან დატვირთული იყო შეხვედრებით და საუბრებით, პარტნიორების და პირადად თქვენი მონაწილეობით. თუმცა, იმ მოლაპარაკებების შედეგებიც კი, მიუხედავად იმისა, რომ ევროკომისიამ თავის დოკუმენტშიც ახსენა 19 აპრილის შეთანხმება, გაქრა. არც არავინ ცდილობს მის გაცოცხლებას. ასე რომ, რა შეიძლება დაეხმაროს ქართველებს დარჩნენ სწორ გზაზე, ან დაუბრუნდნენ სწორ გზას? - თქვენზეა, როგორ შეაფასებთ.- კომპრომისი ძნელია და სწორედ ამიტომ არის საჭირო გამბედაობა, დიდი გამბედაობა. კიდევ გავიმეორებ - თუკი შენი მიზანია ემსახურო საქართველოს საუკეთესო ინტერესებს, ეს საჭიროებს კომპრომისს ყველასგან. მნიშვნელობა არ აქვს ამას “19 აპრილის შეთანხმებას” დაარქმევ, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას თუ 12 რეკომენდაციას. ეს ყველაფერი გულისხმობს ერთსა და იმავე რეფორმებს, რომლებზეც საქართველო მუშაობს წლების, ათწლეულების განმავლობაში და ბევრ სფეროში შთამბეჭდავ პროგრესსაც მიაღწია, იქნება ეს საარჩევნო რეფორმა, სასამართლო რეფორმა თუ სხვა. ბევრ სფეროში ჩანს კარგი პროგრესი. მაგრამ, ეს პროცესია, ის უნდა გაგრძელდეს და თუკი ის შეჩერდება იმის გამო, რომ ადამიანებს ერთად მუშაობა არ სურთ, არ სურთ კომპრომისებზე წასვლა, სწორედ აქ ვხედავთ პრობლემას.ევროკავშირის წევრი ქვეყნები აკვირდებიან აგრეთვე, როგორ ასრულებს საქართველო ამ რეფორმებს და შეუძლია თუ არა ქვეყანას გაერთიანება ამ რეფორმებზე სამუშაოდ. ვთვლი, რომ საქართველოს ჯერაც აქვს დრო ამის საჩვენებლად. 12-ვე რეკომენდაცია ასი პროცენტით რომც არ შესრულდეს, ვფიქრობ, წევრი ქვეყნები აკვირდებიან, რამდენად მოწადინებულია საქართველო შეასრულოს ეს ამოცანები, ვინაიდან, ცხადია, მუშაობა გაგრძელდება. კანდიდატის სტატუსი არის შემდეგი ქვაკუთხედი წევრობისკენ მიმავალ გზაზე. ევროკავშირის წევრებს დეკემბრამდე, სულ რაღაც თვეები აქვთ, რომ დაინახონ - არის თუ არა აქ მმართველობა ფოკუსირებული იმაზე, რის შესახებაც საქართველოს ხალხმა მკაფიოდ განაცხადა. ხალხს კი სურს ევროპული მომავალი.- დიახ, ძალიან მარტივი ჩანს. სრულიად ცხადი და მკაფიოა - რა სურთ საქართველოს მოქალაქეებს, მაგრამ რატომ არ ახორციელებენ მათ სურვილს? რატომ არ გრძნობენ თავს პოლიტიკოსები ანგარიშვალდებულებად თავიანთი ამომრჩევლის წინაშე? რატომ მოქმედებს მმართველი პარტია ისე, რომ იწვევს ამდენ შეკითხვას საქართველოს მომავალზე, მისი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე? დეტალებშიც შევალ, მანამდე კი - როგორ ფიქრობთ, რატომ არ ხდება ის, რაც ასე ადვილია? ნებისმიერი პოლიტიკოსისთვის ხომ მომგებიანი იქნება მიჰყვეს ამომრჩევლის, მოქალაქეების ნებას?- არ მსურს იმის თქმა, რომ ეს ადვილი რეფორმებია. ეს რეფორმები რთულია და მესმის.საქართველო არის დემოკრატიის ჩარჩოს შენების პროცესში, რომელიც არის კომპლექსური და უნდა იყოს ძლიერი, მედეგი და დამოუკიდებელი. აშშ ძალიან ამაყია, რომ სწორედ ამაში ეხმარება საქართველოს ბოლო 30 წელია. არა მხოლოდ ეკონომიკური ზრდის წახალისებაში, ბაზრების დივერსიფიკაციასა და რუსეთზე საქართველოს დამოკიდებულების შემცირებაში, არამედ იმაში, რომ საქართველომ შექმნას ძლიერი, მედეგი, დამოუკიდებელი, დემოკრატიული ინსტიტუტები და ეს პროცესი არასდროს მთავრდება, რისი მოწმეებიც ვართ ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც 247 წელია ვმუშაობთ დემოკრატიაზე და საკეთებელი კიდევ არის.როგორც ვთქვი, საქართველომ საკმაოდ შთამბეჭდავი პროგრესი აჩვენა 20-25 წლის განმავლობაში. საჭიროა, ყველამ შეინარჩუნოს ფოკუსი ერთსა და იმავეზე - მთელი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებზე, არა თავიანთ კერძო ან მცირე ჯგუფის ინტერესებზე, არამედ იმაზე, რაც არის მთელი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებში. ვფიქრობ, მართალი ხართ, ეს ნიშნავს ყურადღების მიქცევას იმაზე - რა სურთ ადამიანებს.საქართველოში მოგზაურობისას, შესაძლებლობა მქონდა შევხვედროდი მრავალ ქართველს სხვადასხვა სფეროდან, იქნებოდა ეს: ფერმერი, მასწავლებელი, სტუდენტი თუ ბიზნესის წარმომადგენელი, მეცნიერები. მე რაც მათგან მესმის, მათ სურთ სტაბილურობა, სურთ კეთილდღეობა, სურთ ჰქონდეთ შესაძლებლობები და სურთ თავისუფლება, რომ თავიანთი ბიზნეს-იდეები განახორციელონ, სურთ თანაბარი პირობები ამ იდეების გასავითარებლად; მათ სურთ სამართალი - დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ სასამართლოში, რომელიც იქნებოდა მოქნილი და გამჭვირვალე; მათ სურთ სამართლიანი არჩევნები, რომლის მიმართაც არ იქნებოდა ბრალდებები, რომლებიც ახლდა საქართველოში ჩატარებული არჩევნების უმრავლესობას - წინა თუ ამჟამინდელი ხელისუფლებების დროს და რომლებიც შეეხება კანდიდატების დაშინებას, ოპოზიციის კანდიდატების მხარდამჭერთა დაშინებას, მოსყიდვას, ადმინისტრაციული რესურსების არასათანადო გამოყენებას. ეს არ არის ახალი ტაქტიკები, მაგრამ ეს ძალიან დამაზიანებელია დემოკრატიული პროცესისთვის და გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები იქნება უკეთესი, ვიდრე ბოლოდროინდელი არჩევნები იყო.- არ ვიცი, რამდენად მისაღებია ინტერვიუს საშუალებით უთხრათ რაიმე თქვენს შემდეგ ელჩს, მაგრამ... თქვენ ახსენეთ არჩევნები და მახსოვს [სენატში] მოსმენისას რობინ დანიგანმა ილაპარაკა არჩევნებზეც და მომავალ არჩევნებზე გრძელვადიანი დაკვირვების მნიშვნელობაზე. რა იქნებოდა თქვენი რჩევა მომავალი ელჩისთვის არჩევნებთან მიმართებით?-  ვფიქრობ, ჩემი რჩევა უფრო ამომრჩევლებისთვის იქნებოდა განკუთვნილი: გამოდით და მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში. უზრუნველჰყავით, რომ თქვენი ხმა იყოს გაგონილი და თქვენი არჩევანი - დათვლილი.აშშ-ის საელჩო მხარს დაუჭერს ამომრჩევლის განათლების კამპანიას, რომელიც ადამიანებს დაეხმარება არა მხოლოდ იმის გაგებაში რატომ არის მათი ხმა მნიშვნელოვანი, არამედ იმაშიც, რომ ამ კონკრეტულ არჩევნებზე, როცა უბნების 90% გადადის ხმის მიცემის ელექტრონულ სისტემაზე, ამომრჩეველმა იცოდეს ეს როგორ მუშაობს. უბნების თანამშრომლებმა უნდა იცოდნენ ეს როგორ მუშაობს. სხვაგვარად გვექნება მეტი დაბნეულობა როგორც ოლქებში, ისე უბნებზე. ვინაიდან, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ვნახეთ, როცა უბნების 10%-ზე იყო ელექტრონული ხმის მიცემა, იყო გარკვეული პრობლემები - მართალია, უფრო ტექნიკური და არა რაიმე სხვა, მაგრამ ამან შეიძლება მთელი პროცესი შეანელოს, როცა მთელი ქვეყანა ელექტრონულად აძლევს ხმას. აშშ-შიც ვნახეთ, რომ ელექტრონული სისტემა არ იძლევა იმის გარანტიას, რომ ყველაფერი სუფთა და სამართლიანი იქნება. მისით მანიპულაციაც შესაძლებელია, თუკი ადამიანები არ არიან გაწვრთნილები ამ სისტემის გამოყენებაზე და თუკი ამომრჩევლებს არ ესმით ის როგორ მუშაობს. ასე რომ, ეს იქნება მნიშვნელოვანი არჩევნები და საგანმანათლებლო კამპანია არა მხოლოდ იმაზე, რატომ არის შენი ხმა მნიშვნელოვანი, არამედ ხმის მიცემის ძალიან ტექნიკურ მხარეზეც.მნიშვნელოვანია აგრეთვე მონიტორინგის გრძელვადიანი მისია, რადგან მხოლოდ არჩევნების დღეს არ ხდება არასწორი რაღაცები, სინამდვილეში ეს თვეებით ადრე ხდება: ადამიანების დაშინება, ხმების მოსყიდვა, ადამიანების მიმართ მუქარა, რომ, თუკი ისე არ მისცემენ ხმას, როგორც საჭიროა, სამსახურს დაკარგავენ. გავიმეორებ, ეს არის ტაქტიკები, რომლებიც საქართველოში გამოიყენება ბევრი-ბევრი წელია სხვადასხვა ხელისუფლების დროს. ძალიან მნიშვნელოვანია არჩევნებზე ადრეული მონიტორინგი იმისათვის, რომ დავეხმაროთ საქართველოს ამომრჩეველს - მოგვიანებით ჰქონდეს ნდობა შედეგის მიმართ. ნაკლებად მნიშვნელოვანია - აშშ-ს აქვს თუ არა ნდობა შედეგის მიმართ, არამედ ამომრჩეველსა და საქართველოს ხალხს უნდა სჯეროდეს, რომ არჩევნები ნამდვილად სამართლიანია და ასახავს საქართველოს ხალხის ნებას.2020-ში კოვიდის გამო შეუძლებელი იყო საერთაშორისო მეთვალყურეობის უზრუნველყოფა და ვფიქრობ, ამან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა იმაში, რომ ამდენს გაუჩნდა შეკითხვები, რატომაც იყო ამდენი ბრალდება და საჩივარი - ვინაიდან არ გქონდათ საგარეო დახმარება მეთვალყურეებით, რომლებიც დაგეხმარებოდნენ პრობლემების გამოვლენასა და იმის დადასტურებაში პროცესი სამართლიანი იყო თუ არა. არავის განუცხადებია, რომ 2020-ის არჩევნები სამართლიანი იყო და არც 2021 წლის მუნიციპალურ არჩევნებზე უთქვამს ვინმეს, რომ სამართლიანი იყო. ეს სამწუხაროა და იმედი მაქვს, 2024-ის არჩევნები უკეთესი იქნება.- დემოკრატია წარმატებული, ქმედითი რომ იყოს, ძალიან მნიშვნელოვანია, გადაწყვეტილების მიღების პროცესი იყოს გამჭვირვალე. ხედავთ თუ არა როგორ მიიღება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები საქართველოში? რა ლოგიკა აქვს მას? მაგალითად, ისეთი კანონპროექტის ინიცირებას, როგორიც იყო „აგენტების კანონი“, იგივე „რუსული კანონი“, როგორც მას ვუწოდეთ და შემდეგ მის გაწვევას? არის კიდევ რაღაც ინიციატივები, რომლებიც ჰაერში ტრიალებს და რაღაცის მოლოდინის რეჟიმში გვამყოფებს. ანდა, როგორ მიიღება გადაწყვეტილებები სასამართლო რეფორმაზე, რაზეც აშშ-ის დახარჯული აქვს რამდენიმე ათეული მილიონი - 30 მილიონ დოლარზე მეტი. როგორ მიიღება პოლიტიკური გადაწყვეტილებები საქართველოში? ვინ იღებს გადაწყვეტილებებს ამ ქვეყანაში?- ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და ერთ-ერთი, რაზეც საქართველო მრავალი წელია მუშაობს, არის გამჭვირვალების გაზრდა, იქნება ეს პარლამენტის მუშაობის, სასამართლოსი, აღმასრულებელი ხელისუფლების. არის დამოუკიდებელი უწყებები - მაგალითად, სახელმწიფო აუდიტის უწყება, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური - ისინი უნდა იყვნენ დამოუკიდებელი უწყებები, რომლებიც უზრუნველყოფენ ერთგვარ ზედამხედველობასა და გამჭვირვალებას. მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ მათი მთავრობა ანგარიშვალდებულია მათ მიმართ. ეს არის დემოკრატიის საფუძველი: მთავრობა - ხალხის მიერ, ხალხისთვის. საჭიროა, მთავრობა მუშაობდეს ხალხისთვის და ხალხს აქვს უფლება იცოდეს, რომ მთავრობა სწორედ ამას აკეთებს. ეს დამოუკიდებელი უწყებები ამისთვის არსებობს ისევე, როგორც ზოგიერთი სამოქალაქო ორგანიზაცია, რომლებიც მოქალაქეების სახელით მოქალაქეების მიმართ მთავრობის ანგარიშვალდებულებას უზრუნველყოფენ. იგივეს ვიტყვი ჟურნალისტებზეც - მედია არის ხალხის ხმა. ისინი სვამენ რთულ შეკითხვებს და მთავრობას უნდა შეეძლოს მათზე პასუხების გაცემა. ეს იმისთვის არის, რომ მოქალაქეები დარწმუნებულები იყვნენ, რომ მთავრობა, პარლამენტის წევრები, მოსამართლეები მუშაობენ ხალხის საუკეთესო ინტერესებისთვის. ვფიქრობ, ამ კუთხით გარკვეული პროგრესია მიმდინარე სასამართლო რეფორმაში, რამაც გაზარდა მოსამართლეთა შერჩევის პროცესის გამჭვირვალება. მეტია გასაკეთებელი. ვიცი, რომ ყველა კმაყოფილი არ არის გადადგმული ნაბიჯებით, რომლებიც არასაკმარისია არსებითი რეფორმისთვის, რომლებიც ვენეციის კომისიის სხვადასხვა თვალსაზრისშია მოთხოვნილი. ვენეციის კომისია არის ევროპული სამართლის ექსპერტთა ჯგუფი. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო ისწრაფვის ევროკავშირში ინტეგრაციისკენ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კანონმდებლობა, რომელიც ძალაში უნდა შევიდეს, შესაბამისობაში იყოს ევროკავშირის კანონმდებლობასთან. ვუწონებ პარლამენტს კანონპროექტზე ვენეციის კომისიის თვალსაზრისის მოთხოვნას, რომ ნახოს შესაბამისობაშია თუ არა ის ევროკავშირის კანონმდებლობასთან. როცა თვალსაზრისი მზად არის და მასში ნათქვამია არის თუ არა შესაბამისობაში, ეს არის მკაფიო გზამკვლევი პარლამენტისთვის - გადადგას ან არ გადადგას ესა თუ ის ნაბიჯი, თუკი სურს იყოს ჰარმონიაში ევროკავშირის კანონმდებლობასთან.„უცხოეთის აგენტებზე“ კანონი, რომელიც ახლა ახსენეთ, ძალიან ნათლად შეაფასა ეუთო/ოდირმა, ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ ეს კანონი არის ევროკავშირის სტანდარტებსა და რეგულაციებთან ჰარმონიზაციისგან უკან გადადგმული ნაბიჯი. სამწუხაროდ, ის ისე იყო ფორმულირებული, ექნებოდა იგივე ეფექტი, როგორიც აქვს კრემლის უცხოეთის აგენტებზე კანონს, რომლის მიზანია დამოუკიდებელი ხმების, დამოუკიდებელი ორგანიზაციების სტიგმატიზაცია და გაჩუმება - ქართველებისა, რომლებიც სხვა ქართველებისთვის მუშაობენ, იქნება ეს: შშმ პირების, ხანდაზმულების დამხმარე ორგანიზაციები, ფერმერული კოოპერატივები, ბიზნესორგანიზაციები......პოლიტიკოსები ამბობენ იმას, რაც უნდა თქვან - მაშინაც კი, როცა იციან, რომ ეს არ არის სიმართლე. მე ამას პირადულად არ აღვიქვამ. ყველაზე მნიშვნელოვანია, რას ამბობს საქართველოს ხალხი, რაც არის ძალიან მკაფიო. მათ სურთ ევროპა და ეს მკაფიოდ გამოხატეს არაერთხელ, სხვადასხვა დროს: 2020-ში, 2022-ში, მარტში, გემთან დაკავშირებით თუ იმ წუხანდელ კონცერტზე.სრულიად ნათელია, რა სურს საქართველოს ხალხს. ასევე ნათელია, რა არ სურს მას და ვფიქრობ, ადამიანებმა ესეც ბევრჯერ მკაფიოდ გამოხატეს. როცა ჩვენ - საქართველოს უძლიერესი, საუკეთესო მხარდამჭერი, საუკეთესო პარტნიორი და მეგობარი, ვლაპარაკობთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის თუ საქართველოს ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობაზე, საქართველოს დახმარებაზე უკეთესად დაიცვას საკუთარი საზღვრები და მოიგერიოს აგრესია, ვგულისხმობთ სწორედ ამას, რაზეც ვმუშაობთ საქართველოსთან პარტნიორობით 30 წლის განმავლობაში. სრულიად მარტივი საკითხებია: ვეხმარებით საქართველოს უკეთესად დაიცვას საზღვრები, დაიცვას თავისი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, წაახალისოს თავისი ეკონომიკა, შექმნას უკეთესი სამუშაო ადგილები, რომ ადამიანებს შეეძლოთ თავიანთ ქალაქებსა და სოფლებში დარჩენა, კარგად ცხოვრება, ოჯახების გაზრდა იქ, სადაც სურთ და რომ არ იყვნენ იძულებულები წავიდნენ უცხოეთში ან თბილისში.ვეხმარებით საქართველოს ააშენოს ძლიერი, მედეგი, დემოკრატიული ინსტიტუტები, ვინაიდან ქართველებს სურთ იცხოვრონ ევროპულ დემოკრატიაში. ეს ძალიან ნათელია. და ვიდრე ეს არის საქართველოს ხალხის მიზანი, ჩვენ ვართ აქ ამის მხარდასაჭერად. ვთვლი, რომ ჩვენი საქმიანობა აქ სრულიად ნათელია. როგორც აღვნიშნე, საითაც უნდა გაიხედო ამ ქვეყანაში, დაინახავ მტკიცებულებას, რომ 30 წლის განმავლობაში აშშ სწორედ ამას აკეთებს საქართველოში, საქართველოსთან ერთად - როგორც საქართველოს მთავრობასთან, ისე ხალხთან ერთად. დარწმუნებული ვარ, ასეთივე შედეგიანი ურთიერთობა გვექნება მომავალ წლებშიც.- აღნიშნეთ, რომ პირადულად არ იღებთ, მაგრამ ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს დამაზიანებელია საქართველოს საგარეო პოლიტიკისთვის, საქართველოს დასავლური მომავლისთვის, ევროატლანტიკური მომავლისთვის?- ვთვლი, რომ ხალხს შეუძლია ამის პერსპექტივაში დანახვა. არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ძირი გამოუთხარონ აშშ-სა და საქართველოს შორის ახლო, ძლიერ პარტნიორობას. ამას ისინი გარკვეული მიზეზების გამო და კერძო ინტერესებით აკეთებენ, რაც სწორედ ამაზეა გათვლილი. ისინი არ ცდილობენ მხოლოდ აშშ-ის დისკრედიტაციას, არამედ ნებისმიერი დამოუკიდებელი ხმისა, რომელიც გამოდის საქართველოს ევროპული, დემოკრატიული მომავლის სასარგებლოდ. ვთვლი, რომ საქართველოს ხალხი საკმარისად საზრიანია - მინიმუმ ისინი, ვისაც მე შევხვედრივარ, ძალიან საზრიანად უდგებიან ამას. ისინი მიეჩვივნენ ამ სახის რუსულ და პრორუსულ დეზინფორმაციას და ვფიქრობ, შეუძლიათ დაინახონ - როდის ცდილობენ ადამიანები დააზიანონ საქართველოს პარტნიორობა მის უახლოეს მეგობრებთან, ნამდვილ სტრატეგიულ პარტნიორებთან, რომლებიც იქნებიან აქ საქართველოსთვის, ვინაიდან აქ ვართ საქართველოსთან ერთად 30 წელზე მეტია და არსად წასვლას ვაპირებთ. ვიდგებით საქართველოს გვერდით მანამდე, ვიდრე საქართველოს ხალხი დემოკრატიული მომავლისკენ ისწრაფვის.- სანქციების საკითხი: სულ ახლახან, აგვისტოს დასაწყისიდან აიკრძალა აშშ-იდან იმპორტირებული ავტომანქანების რუსეთში ექსპორტი. კიდევ რაიმე შეიძლება ამას დაემატოს?- ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ სიფხიზლე. სანქციებისა და ექსპორტის კონტროლის მიზანი არის რუსეთის წვდომის შეზღუდვა იმ კომპონენტებსა და მოწყობილობებზე, რომლებიც უკრაინაში ბრძოლის ველზე გამოჩნდება ხოლმე. ჩანს ბომბებში, რომლებიც გამოიყენება სკოლების, საავადმყოფოების, საცხოვრებელი შენობების ასაფეთქებლად, მშვიდობიანი მოსახლეობის დასახოცად. ჩვენ ვცდილობთ რაც შეიძლება მალე დავასრულოთ ეს ომი, რუსეთისთვის იმ სახის იარაღსა და მოწყობილობებზე წვდომის შეზღუდვით, აკრძალვით, რომლებსაც იყენებს ომის გასაგრძელებლად.რუსეთმა დაიწყო ეს ომი და რუსეთს შეუძლია ის დღესვე დაასრულოს. ისინი ამას არ აკეთებენ. პუტინი ირჩევს ამ ომის გაგრძელებას. ვიდრე ეს ასეა, გვჭირდება თანამშრომლობა საქართველოს მსგავს ქვეყნებთან, რომლებსაც აქვთ რუსეთთან სახმელეთო საზღვარი, რომ შეზღუდონ რუსების წვდომა კომპონენტებზე, რომლებიც ხშირად გვხვდება ავტომანქანებში, სარეცხ მანქანებში, ჩვეულებრივ ტექნიკაში და შემდეგ ვნახულობთ რაკეტებში, დრონებსა და ბომბებში.სიფხიზლე უნდა შევინარჩუნოთ. ადამიანები, რომლებიც ცდილობენ სანქციებისა და ექსპორტზე კონტროლისთვის თავის არიდებას, მუდმივად ეძებენ ახალ გზებს. ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაქვს საქართველოს ხელისუფლებასთან. მრავალი წელია ვმუშაობთ საბაჟოსთან, შემოსავლების სამსახურთან, საზღვრის დაცვასთან, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან. ვატარებთ წვრთნებს, უზრუნველვყოფთ ტექნიკით, რომელიც სჭირდებათ, რომ იცოდნენ რა შემოდის აქ და რა გადის საქართველოდან. ეს საქართველოს ინტერესებშიც არის, ეს საქართველოს უსაფრთხოებასაც ეხება. უბრალოდ უნდა შევინარჩუნოთ სიფხიზლე. ეს იყო ელჩ ო’ბრაიენის გზავნილიც, აგრეთვე კოლეგებისა ბრიტანეთიდან და ევროკავშირიდან, რომლებიც აქ იმყოფებოდნენ კვირების წინ იმისთვის, რომ ეთქვათ - გმადლობთ, მჭიდრო თანამშრომლობისთვის და თუ შეიძლება, შევინარჩუნოთ სიფხიზლე, რომ რაც შეიძლება მალე დავასრულოთ ეს ომი. ეს არის ჩვენი მიზანი.

74 მილიონი ადრეული შეტყობინების სისტემისთვის – რა გვაქვს და რა უნდა გვქონოდა

1691688367

ამისთვის საერთაშორისო ფონდებიდან და საქართველოს ბიუჯეტიდან ჯამურად 74 მილიონი დოლარი გამოიყო.პროექტი 2018 წლის ბოლოს დაიწყო და 2025 წლის დეკემბერში უნდა დასრულდეს. 2023 წლის აგვისტოს მონაცემებით, არცერთ მდინარეზე ადრეული გაფრთხილების სისტემა დამონტაჟებული არაა.ამ სტატიაში ვცდილობთ ვიპოვოთ პასუხი კითხვაზე, რატომ არ გვაქვს ადრეული გაფრთხილების სისტემა მაშინ, როცა გვაქვს ფული იმისათვის, რომ ეს სისტემა გვქონდეს.რა არის ადრეული გაფრთხილების სისტემა და რატომ გვჭირდება ისადრეული გაფრთხილების სისტემა მოიცავს საფრთხეების მონიტორინგს, პროგნოზირებას, კატასტროფების რისკის შეფასებას და მზადყოფნას.ადრეული გაფრთხილების სისტემის გამართულად ფუნქციონირება საშუალებას აძლევს მოქალაქეებს, ადგილობრივ მცხოვრებლებს, ასევე ბიზნესსა და მთავრობას, რომ მიიღონ დროული ზომები, კატასტროფის რისკების შესამცირებლად წინასწარ, სანამ სტიქია განვითარდება.საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების ჯგუფის მიერ მომზადებული სახელმძღვანელოს მიხედვით, ადრეული გაფრთხილების სისტემა უნდა მოიცავდეს ოთხ, ერთმანეთთან დაკავშირებულ ელემენტს:სისტემატურად უნდა გროვდებოდეს მონაცემები მოსალოდნელი კატასტროფის რისკზე და ხდებოდეს მისი შეფასება,უნდა ვლინდებოდეს საფრთხე და მისი შესაძლო შედეგები, მონიტორინგი, ასევე ანალიზი და პროგნოზირება,ოფიციალურმა წყარომ უნდა გააფრთხილოს მოსახლეობა დროულად და მიაწოდოს ზუსტი ინფორმაცია მოსალოდნელ საფრთხეზე, ყველა დონეზე უნდა იყოს მზადყოფნა მიღებულ გაფრთხილებაზე სწრაფი რეაგირებისათვის.ვინ ეხმარება საქართველოს ადრეული გაფრთხილების სისტემის დანერგვაშისაქართველომ 2018 წელს კლიმატის მწვანე ფონდისგან (GCF) 27 მილიონი აშშ დოლარი მიიღო მრავლობითი საფრთხეების შემცველი ადრეული შეტყობინების სისტემის გაფართოებისთვის.ეს იყო შესაძლებლობა კლიმატის ცვლილების მიმართ სისტემური მიდგომები განვითარებულიყო ქვეყანაში და საქართველოს დაენერგა მსოფლიო გამოცდილებისა და საერთაშორისო მექანიზმების გამოყენება.ამ დაფინანსებას დაემატა შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ 5 მილიონი აშშ დოლარით დაფინანსებული პროექტი – „კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოში“ და შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) მიერ 4 მილიონი აშშ დოლარით დაფინანსებული პროექტი სახელწოდებით – „კლიმატის ცვლილების რისკებისადმი თემების მედეგობის გაძლიერება“.გარდა საერთაშორისო დაფინანსებისა, საქართველომ პროგრამის განხორციელებისთვის 38 მილიონი დოლარის თანადაფინანსება გამოყო.ჯამში საქართველოს 2019 წლის დასაწყისისათვის, იმ დროისთვის, როდესაც პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები დაიწყო, ჰქონდა 74 მილიონი აშშ დოლარი 11 მდინარის აუზში ადრეული გაფრთხილების სისტემის დასამონტაჟებლად.აქედან 38 მილიონი საქართველოს ბიუჯეტიდან, 36 მილიონი დოლარი კი საერთაშორისო დახმარება.ოფიციალური ინფორმაციით, პროგრამას სათავეში უდგას საქართველოს მთავრობა, კერძოდ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ხოლო საერთაშორისო დახმარებით განხორციელებული პროექტების მართვას გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ახორციელებს.რა გაკეთდა პროექტის დაწყებიდან დღემდეგამომდინარე იქიდან, რომ 2018 წელს დაწყებული პროექტის თანახმად, საქართველოში 11 მდინარის აუზში უნდა დანერგილიყო ადრეული შეტყობინების სისტემა, „ბათუმელები“ დაინტერესდა 2023 წლის 7 აგვისტოს მდგომარეობით, რამდენ მდინარის აუზში იყო უკვე დანერგილი ეს სისტემა და რომელი იყო ეს მდინარეები.„ბათუმელებმა“ კითხვებით მიმართა როგორც გაეროს განვითარების პროგრამას საქართველოში, ისე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს.პროექტის დაწყებიდან დღემდე 4 წელი და რვა თვეა გასული. რა გაკეთდა ამ დროის განმავლობაში, ეს იყო „ბათუმელების“ ერთ-ერთი კითხვა, რომელსაც წერილობით უპასუხა ანნა ჩერნიშოვამ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ საქართველოში.„2019 წლიდან მიღწეულია შემდეგი შედეგები: 2021 წელს, UNDP-ის მხარდაჭერით, საქართველო გახდა ევროპის ამინდის საშუალოვადიანი პროგნოზების ეროვნული ცენტრის (ECMWF) წევრი, რათა გაუმჯობესდეს პროგნოზირების შესაძლებლობები.ამინდის მონიტორინგისა და პროგნოზირების გაუმჯობესების მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს ჰიდრომეტეოროლოგიური მონიტორინგის ქსელის განახლება და გაფართოება გარემოს ეროვნული სააგენტოსთან თანამშრომლობით. საქართველოში უკვე არსებულ ჰიდრომეტეოროლოგიურ მონიტორინგის სადგურებს დაემატა 51 ახალი ჰიდრომეტეოროლოგიური სადგური და საგუშაგო, რის შედეგადაც საგრძნობლად უნდა გაიზარდოს ჰიდრომეტეოროლოგიური მონიტორინგის სიზუსტე. პროგრამის დასრულებამდე დამატებით დაგეგმილია 98 სადგურის დამონტაჟება.სასოფლო-სამეურნეო აქტივობების ხელშეწყობის მიზნით, შეძენილია 15 აგრომეტეოროლოგიური სადგური.11 ადგილზე განთავსდა გეოლოგიური მონიტორინგის სისტემები. მონაცემების ხარისხიანი დამუშავებისა და შენახვის მიზნით, გარემოს ეროვნული სააგენტოსთვის შეძენილ იქნა მაღალი წარმადობის კომპიუტერი და მიმდინარეობს ცენტრალური საინფორმაციო სისტემის განახლება, რაც მონიტორინგის სადგურებიდან ინფორმაციის ავტომატურ რეჟიმში მიწოდებას უზრუნველყოფს,“ – ნათქვამია წერილობით მოწოდებულ ინფორმაციაში.გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, შეიქმნა ერთიანი მეთოდოლოგია კლიმატური საფრთხეების (წყალდიდობა, მეწყერი, ღვარცოფი, ზვავი, ქარი, სეტყვა, გვალვა) შეფასებისა და მოდელირებისთვის. UNDP-ის დახმარებით, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ მოამზადა აღნიშნული საფრთხეების რუკები დასავლეთ საქართველოს 7 მთავარი მდინარის აუზისთვის (კინტრიში, ნატანები, სუფსა, ენგური, რიონი, ხობისწყალი, ჭოროხი-აჭარისწყალი). მიმდინარეობს ამ მდინარეებზე რისკების შეფასება შესაბამისი მეთოდოლოგიით, რაც დაფუძნებულია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე და მორგებულია საქართველოს კონტექსტს."მიმდინარეობს კლიმატური კატასტროფების რისკის საინფორმაციო სისტემის  შემუშავება, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ სხვადასხვა სამთავრობო უწყებასა და მოსახლეობას მიეწოდებოდეს ზუსტი და სანდო ინფორმაცია არსებული საფრთხეებისა და რისკების შესახებ. ამ ეტაპზე, სისტემა ტესტირების რეჟიმშია. მისი დანერგვა განხორციელდება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად.გარემოს ეროვნულ სააგენტოში შექმნის პროცესშია წყალდიდობის პროგნოზირების პლატფორმა, რომლის ტესტირება ამჟამად მიმდინარეობს.შემუშავდა საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმები 6 მუნიციპალიტეტისთვის (თელავი, ახმეტა, ლაგოდეხი, გორი, სიღნაღი, ქობულეთი). გრძელდება აღნიშნული გეგმების მომზადება თბილისის, აბაშის, სენაკის, სამტრედიისა და ხობის მუნიციპალიტეტებისთვის.საფრთხის რუკებზე დაყრდნობით და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, მზადდება ზონირების საკანონმდებლო გზამკვლევი. ამ დოკუმენტში მოცემული სტანდარტების გათვალისწინება სავალდებულო იქნება ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმარებისა და განხორციელებისას,“ – მოგვწერა ანნა ჩერნიშოვამ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ საქართველოში.ანნა ჩერნიშოვას თქმით, ამჟამად მიმდინარეობს კლიმატის ცვლილების საფრთხეების მიმართ ყველაზე მოწყვლადი 100 დასახლების გამოვლენა.„ამ ეტაპზე გამოვლენილია 15 მოწყვლადი თემი სუფსის, ნატანებისა და კინტრიშის აუზებში, სადაც დაგეგმილია რისკის მართვის გეგმების შემუშავება და პრიორიტეტული ღონისძიების გატარება. მათ შორის სირენების შეძენა და დამონტაჟება, არა-სტრუქტურული ბიო-საინჟინრო ღონისძიებების გატარება (მაგ: აგროსატყეო ღონისძიებები, ჭალის ტყეების განაშენიანება, კალაპოტების გაწმენდა, ა.შ.). მოწყვლადი თემების გამოვლენა და შესაბამისი სამუშაოების გატარება მომავალშიც გაგრძელდება.ქვეყნის მასშტაბით შენდება წყალდიდობისგან დამცავი ინფრასტრუქტურა 15 ლოკაციაზე. 7 ლოკაციაზე სამუშაოები უკვე დასრულებულია. სამუშაოები მიმდინარეობს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან თანამშრომლობით,“ – მოგვწერა ანნა ჩერნიშოვამ.გაეროს განვითარების პროგრამიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, მას შემდეგ, რაც პროექტის განსახორციელებლად განსაზღვრული ვადა ამოიწურება, საქართველოსთვის ხელმისაწვდომი იქნება მნიშვნელოვანი  ინსტრუმენტი, რომელიც კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების მართვასა და ადრეული შეტყობინების სისტემის შექმნასა და დანერგვას განაპირობებს."ამით კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების პრევენციისა და მართვის სისტემის დანერგვა, რა თქმა უნდა, არ დასრულდება. ეს უწყვეტი პროცესია, რომელიც მუდმივ ჩართულობას და საზოგადოების ერთიან ძალისხმევას მოითხოვს.  პროგრამის განხორციელება კარგ საფუძველს ჩაუყრის საქართველოში კლიმატგონივრული და კლიმატისადმი მედეგი საზოგადოების მშენებლობას, რომელიც სათანადოდ შეძლებს არსებული საფრთხეებისა და რისკების შეფასებას, გაატარებს პრევენციულ და ადაპტაციურ ზომებს და საჭიროების შემთხვევაში, სწრაფად და ეფექტურად მოახდენს კატასტროფებზე რეაგირებას“, – განმარტავს ანნა ჩერნიშოვა.„ბათუმელებმა“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსაც ჰკითხა, რომელი მდინარის აუზში იყო დამონტაჟებული ადრეული გაფრთხილების სისტემა. სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა კითხვებზე პასუხი წერილობით მოგვაწოდა„აღსანიშნავია, რომ ადრეული შეტყობინების სისტემა არ კეთდება ინდივიდუალურად თითოეული მდინარისთვის, არამედ ეწყობა მთელი ქვეყნის მასშტაბით, რომელიც მოიცავს არაერთ მდინარეს და  აღნიშნული სისტემა ითვალისწინებს რამდენიმე კომპონენტის ერთობლიობას, კერძოდ:ქვეყნის ტერიტორიაზე ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოლოგიური ხასიათის რისკების იდენტიფიცირებას;მეტეოროლოგიურ და ჰიდროლოგიურ პარამეტრებზე დაკვირვების ქსელის სრულყოფას;მონაცემთა შეკრება და გავრცელების საინფორმაციო სატელეკომუნიკაციო თანამედროვე სისტემების დანერგვას;ამინდის და ჰიდროლოგიური პროგნოზების რიცხვითი მოდელების თვლის სისტემის დანერგვას.აღნიშნულიდან გამომდინარე, თუნდაც 1 მდინარისთვის ადრეული გაფრთხილების უზრუნველყოფა მოითხოვს ზემოხსენებული ღონისძიებების დასრულებას, რომელთა შესრულების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოცემულია ზემოთ, ანუ ამ ეტაპზე მიმდინარეობს აღნიშნულ კომპონენტების შესრულებაზე მუშაობა, რომლის დასრულება დაგეგმილია 2025 წელს. 2025 წელს მთლიანად დასრულდება ზემოთ ჩამოთვლილი ღონისძიებები, რომლებიც მოიცავს ქვეყნის მთელ ტერიტორიას“, – მოგვწერეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან. წყარო: "ბათუმელები"

"სანამ ეს ყველაფერი ჩვენამდე მოვა, განზავდება, შავი ზღვის თავისი ბიოლოგიური გასუფთავების პროცესი არსად არ გამქრალა"

1688550996

ეკოციდის შედეგი უპირველესად შავი ზღვის ოდესის სანაპიროს შეეხო.უკრაინული მედიის თანახმად, ოდესის პლაჟები გადაიქცა „ნაგავსაყარად და ცხოველების სასაფლაოდ“.ოდესის მუნიციპალიტეტის მერიამ კი ოდესის პლაჟები გამოაცხადა „ცურვისთვის შეუფერებლად წყლის ხარისხის გაუარესების გამო“. ასევე ოდესის მცხოვრებლებს აუკრძალა თევზისა და ზღვის პროდუქტების გაყიდვა.რა გავლენა ექნება „ნოვა კახოვკის“ დამბის აფეთქებას საქართველოს სანაპიროებსა და ეკოსისტემაზე? ამ თემაზე „ბათუმელების“ კითხვებს სახეობათა კონსერვაციის ცენტრ „ნაკრესის“ წარმომადგენელი კახა არცივაძე პასუხობს.- ბატონო კახა, რა ხდება "ნოვა კახოვკის“ კაშხლის აფეთქების შემდეგ ახლა კატასტროფის რეგიონში, რა შედეგები მოჰყვა? - კაშხლის დაზიანებას ძალიან სერიოზული შედეგები მოჰყვა ეკოლოგიური კუთხით. შედეგები შეიძლება პირობითად გავყოთ ორ ჯგუფად.პირველი – წყალდიდობის გამო ადამიანები დაიღუპნენ, დაინგრა სახლები და დაიხრჩო ცხოველები. მეორე კი არის ის, რომ ნგრევის შედეგად წყალმა დატბორა და გამორეცხა ძალიან ბევრი ისეთი ობიექტი, რომლებსაც პოტენციურად შეუძლიათ ზიანის მიყენება ადამიანისთვის.ეს არის, პირველ რიგში, ქიმიური ობიექტები, რომლებიც ბევრია ამ რეგიონში.ეს შეიძლება იყოს ქიმიური საწარმოები, საწყობები, სადაც ინახებოდა ნავთობპროდუქტები და ზეთები. საუბარია, იმაზე, რომ დაახლოებით 150-170 ტონა ნავთობპროდუქტი მოხვდა ამ ტრაგედიის დროს წყალში და შემდეგ ჩავიდა ზღვაში.გარდა ამისა, სხვადასხვა ქიმიური ნივთიერება, რომლებიც სოფლის მეურნეობაში გამოიყენება და ინახებოდა საწყობებში, პესტიციდები, სასუქები, მოხვდა წყალში.კიდევ ერთი პრობლემაა სასაფლაოები, ასევე ცხოველთა სამარხები, სადაც სხვადასხვა დაავადების მქონე ცხოველები იყო დამარხული. შეიძლება წყლის მასამ ასეთი პათოგენები გამოიტანოს.დაზიანდა ისეთი ინფრასტრუქტურა, როგორიც არის კანალიზაცია და წყალმომარაგების სისტემები. ამან შეიძლება გამოიწვიოს ეპიდემიოლოგიური სიტუაციის დამძიმება. ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს არის უფრო ლოკალური თემები, რომელიც ეხება ადგილზე არსებულ მდგომარეობას.ამან შეიძლება დაამძიმოს ვითარება ადგილზე და შემდეგ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა დამძიმდეს. მაგრამ შანსი, რომ ამ ყველაფერმა იმოქმედოს ევროპის სხვა ქვეყნებზე და მერე საქართველოზე, არის დაბალი.როგორ შეგვეხება ეს შედეგები ჩვენ? რა გავლენას მოახდენს ჩვენს სანაპიროებზე?ნულოვანი არა, მაგრამ ძალიან დაბალია ჩვენზე გავლენის მოხდენის შანსი. რა თქმა უნდა, გამორიცხვა არაფრის შეიძლება, მაგრამ უფრო უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს ყველაფერი ძალიან აქტუალური და პრობლემატური იქნება უკრაინის ამ კონკრეტული რეგიონისთვის. შეიძლება რუმინეთსაც შეეხოს ან ბულგარეთს და თურქეთისკენაც შეიძლება ჩამოიწიოს. მაგრამ საქართველომდე ჩამოსაღწევად ძალიან შორი მანძილია.დინება ისეა მოწყობილი შავ ზღვაში, რომ ნაკადები, რომლებიც დნეპრიდან გამოდის, იქ ყურეა, ამ ყურეში ჩერდება და მერე წყლის დინება მიემართება შავი ზღვის სანაპიროს გასწვრივ – რუმინეთი, ბულგარეთი, თურქეთი და მერე საქართველოსკენ.ეს ძალიან დიდი მანძილია.შავ ზღვაში ეს ყველაფერი განზავდება. ბევრი პათოგენი წყალში ვერ გადარჩება, ვერ გაძლებს. რა თქმა უნდა, ეს რისკი არაა ნულოვანი, მაგრამ იმის საშიშროება, რომ აქ ზღვაში არ ვიბანაოთ და წყალში არ ჩავიდეთ, ჯერჯერობით ვფიქრობ, რომ ასეთი საფრთხეები გადაჭარბებულია.უბრალოდ საჭიროა მუდმივი მონიტორინგი.ეს დაბინძურება ჩვენამდე მოვა თუ არა, საკითხავია.ამ კატასტროფამ შეიძლება ძალიან დიდი გავლენა იქონიოს იქ არსებულ ბიომრავალფეროვნებაზე, სახეობებზე, თევზისა და ფრინველების პოპულაციაზე. ადამიანებზე.უფრო დიდი რისკია ინფექციებით დაავადდნენ ის ადამიანები, ვინც კატასტროფის ადგილზე იყვნენ და მერე ამას ეპიდემიის სახე მიეცეს. ასეთი რისკები უფრო არის, ვიდრე ის, რომ ზღვით ეს ყველაფერი ჩვენამდე მოვიდეს.სანამ ეს ყველაფერი ჩვენამდე მოვა, განზავდება. შავი ზღვის თავისი ბიოლოგიური გასუფთავების პროცესი არსად არ გამქრალა.შეიძლება მდგომარეობა გაუარესდეს წყლის ხარისხის მხრივ. მაგრამ მეეჭვება ისეთ დონეზე გაუარესდეს, რომ საფრთხედ იქცეს ადამიანებისთვის.ასე, რომ ნუ შევაშინებთ ჩვენ თანამოქალაქეებს, სტუმრებს. ვფიქრობ, ჯერჯერობით სამაგისო სიტუაცია არ არის. ზედმეტი დრამატიზაცია არ არის საჭირო.კატასტროფის ადგილზე ძალიან დიდი პრობლემებია, მაგრამ ჩვენ სანაპიროს ჯერჯერობით ასეთი საფრთხეები, ჩემი აზრით, ნაკლებად ეხება.ახლა მთავარია გარემოს მონიტორინგის ეროვნულმა სააგენტომ აწარმოოს წყლის ხარისხის პერმანენტული მონიტორინგი. თუ გაუარესდა წყლის მდგომარეობა, დროზე შეატყობინოს მოსახლეობას, რომ თავი შეიკავონ ბანაობისგან.ასეთ ვარიანტს მე არ გამოვრიცხავ, მაგრამ ამის რისკი ძალიან დაბალია.დაბინძურებული ოდესის სანაპიროს ფოტოები გავრცელდა. რუკას თუ დავხედავთ, ოდესის ქვემოთ არის რუმინეთი და შემდეგ ბულგარეთი. სად რა მდგომარეობაა ამ ეტაპზე?რუმინეთში რამდენიმე პლაჟია დაკეტილი ნაღმების საფრთხის გამო. მოგეხსენებათ, დნეპრის მთელი სანაპირო იყო დანაღმული, კახოვკის ზემოთაც და კახოვკის ქვემოთაც. ძალიან ბევრ ადგილას ნაღმები წყალმა წაიღო. არსებობს საშიშროება, რომ ეს ნაღმები გაირიყოს  სანაპიროზე და ადამიანური მსხვერპლი გამოიწვიოს. აქედან გამომდინარე, გარკვეული ღონისძიებებია გატარებული, რომ ეს საფრთხეები თავიდან აიცილონ.რამდენადაც ვიცი, ასევე ზღვის წყლის ხარისხის ინტენსიური მონიტორინგი მიმდინარეობს. მაგრამ ამ მხრივ ჯერჯერობით რუმინეთში პრობლემები არ დაფიქსირებულა.რაც შეეხება ბულგარეთს, იქ არანაირი ღონისძიებები არაა ჯერ მიღებული, არც სანიტარული და არც სანაპიროები დაუკეტავთ.თქვით, რომ წყალში აღმოჩნდა ნაღმები. 4 თვის წინ ბათუმში ზღვის სანაპიროზე აფეთქდა ნაღმი. ახლა რამდენადაა იმის საფრთხე, რომ ნაღმებმა ისევ მოაღწიოს ბათუმის სანაპირომდე?მე მაგას ვერ გეტყვით, სამხედრო ექსპერტი არ ვარ. ასეთი შემთხვევები ხდება. ამის გამორიცხვა შეუძლებელია. მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ნაღმები ამოდის ხოლმე ხანდახან ზღვის ზედაპირზე და დაცურავს. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ შავ ზღვაში დინებების თავისებურებას, ცირკულარული დინებების ფორმა აქვს ბევრ ადგილას. აი, ეს ცირკულარული დინებები მეტყველებს იმაზე, რომ საფრთხის ქვეშ იქნება უფრო ყირიმის სანაპირო, რუმინეთის სანაპირო. ამასთან შედარებით უფრო ნაკლები საფრთხის ქვეშ არის აღმოსავლეთ სანაპირო.2023 წლის 6 ივნისს, გამთენიისას, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა „ნოვა კახოვკას“ კაშხლები ააფეთქეს.ოფიციალურად 45 ადამიანი დაიღუპა რუსების მიერ აფეთქებული კაშხლის ჩამონგრევის შედეგად წარმოქმნილი წყალდიდობისას. ათიათასობით ადამიანს შეუწყდა სუფთა წყლის მიწოდება, დაინგრა სოფლები და დაიტბორა სასოფლო-სამეურნეო მიწები.

"პრემიერ ღარიბაშვილს, როგორც ჩანს, გეოპოლიტიკა სკოლის მოსწავლის დონეზე ესმის"

1685562071

- სხვებთან ერთად, თქვენც ესწრებოდით პრემიერ ღარიბაშვილის უკვე ცხარე დებატების საგნად ქცეულ გამოსვლას ბრატისლავაში, GLOBSEC-ზე. გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები.- არა მარტო მე, ყველა სახტად დატოვა ამ გამოსვლამ, მიუხედავად იმისა, რომ მოდერატორმა წინათქმისას თითქოს შეგვამზადა ამისთვის, მაინც ყველა გაოგნებული იყო. თუ ვინმე უნდა უჭერდეს მხარს უკრაინას ასი პროცენტით, ეს საქართველოა, რადგან საქართველომ თვითონაც იწვნია რუსული აგრესია - რუსეთმა ტერიტორიები წაგგლიჯათ. აქ კი ვნახეთ პრემიერი, რომლის ქვეყანაც ნატოში შესვლას ლამობს, ის კი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრას ნატოსვე აბრალებს. ყველა სახტად დარჩა. იმედი მქონდა, რომ უკან წაიღებდნენ ამ განცხადებებს, რადგან ეს ძირს უთხრის საქართველოს რეპუტაციას და მის მცდელობებს, ნატოსა და ევროკავშირის წევრი გახდეს. შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ... რაღაც ავბედითი ხდება, ფარდებს მიღმა, რომ პუტინს ჰყავს მოხელთებული, რომ ცდილობს, ფსონები ორივე მხარეზე გაანაწილოს, იმის მიხედვით, თუ რა პირი უჩანს ომს... და ეს შეურაცხმყოფელია - ესაა დემოკრატიის, ევროპული უსაფრთხოების და მათი შეურაცხყოფა, ვინც უკრაინას უდგას გვერდში.- თქვენ შეიძლება სახტად კი დარჩით, მაგრამ ფაქტია, რომ მისი პანელის დასრულებისას ისმოდა ოვაციაც - რამ დაიმსახურა ეს ტაში: მისმა სათქმელმა თუ იმან, რომ მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში და არ შეუშინდა კრიტიკულ გარემოს?- ტაში მისთვის ნამდვილად არ დაგვიკრავს. ეს იყო პატივისცემა თავად ღონისძიებისა და სხვა მონაწილეებისადმი. ეს არ იყო ტაში მისთვის, ან მისი სათქმელისთვის. ვერავის იპოვით კონფერენციაზე, ვინც გეტყვით, რომ დიახ, აი, მე ამ კაცის სათქმელს, პოზიციას ვიზიარებ. და ამ ყველაფრის პრემიერ-მინისტრის პირიდან მოსმენა, იყო, ვფიქრობ, უპასუხისმგებლო და სახიფათოც - თუკი საქართველო კვლავაც გეგმავს დიდ ევროპულ ინსტიტუციებთან მიერთებას.- ისე, როგორ ფიქრობთ, თქვენ იყავით მისი სამიზნე აუდიტორია თუ სულ სხვა „დარბაზისთვის“ დაწერილ მუსიკას უსმინეთ?- ვფიქრობ, ის მოსკოვს ელაპარაკებოდა. ის პირდაპირ მიანიშნებდა პრეზიდენტ პუტინს: რომ აი, აქა ვარ, და თუ ომის საქმე უკუღმა წავიდა, მაშინ მას სურს ისეთივე ურთიერთობა მოსკოვთან, როგორიც ვიქტორ ორბანს აქვს. გუშინ მან, ასე ვთქვათ, „კარტი“ გახსნა და გვაჩვენა.- მოდით, ამ ყველაფერს იმ გადმოსახედიდან შევხედოთ, რომლიდანაც მთავრობას სურს, რომ დავინახოთ: რეალპოლიტიკისეულ პრაგმატიზმთან გვაქვს საქმე? მაკიაველის „პრინცთან“, რომელიც პირველ რიგში, თავისი მოწყვლადი ქვეყნის ინტერესებზე ფიქრობს, იმისდა მიუხედავად, თუ ვინ კეთილია და ვინ ბოროტი? მისი გამოსვლისას იქმნებოდა განცდა, რომ მას ამ ამპლუის მორგება სურდა, ეს იყო მისი გადმოსახედი.ერთადერთი გადმოსახედი, რომლიდანაც დღეს შეიძლება რუსეთს შეხედო, არის ის, რომ დაგმო სხვა ქვეყანაში თვითნებური შეჭრა. გავიმეორებ, რომ სწორედ ეს გაგვიკვირდა ყველაზე მეტად - რომ საქართველოსგან გვესმოდა ეს ყველაფერი, ქვეყნისგან, სადაც რუსეთმა ბევრად უფრო ადრე გვიჩვენა თავისი მტაცებლური ზრახვები. სერბეთს რომ ეთქვა მსგავსი, ან თურქეთს, ან კიდევ უნგრეთს - ალბათ ასე ძალიან არ გაგვაოცებდა, მაგრამ საქართველოს პრემიერ მინისტრისგან ასეთების მოსმენა ნამდვილად გამაოგნებელი იყო.- მოდით, გავაანალიზოთ მისი გამოსვლის მთავარი, ასე ვთქვათ, თეზისი. თანმიმდევრობა ასეთია: ა) უკრაინას სურდა ნატოში შესვლა. ბ) ამის გამო, მას რუსეთი თავს დაესხა. და შემდეგ მივდივართ გაუხმოვანებელ ტოლობამდე: რომ ნატოში შესვლის სურვილი უდრის რუსეთთან ომს, შესაბამისად, თუ არ გვინდა რუსეთთან ომი, არ უნდა გვინდოდეს ნატოში შესვლა. სწორია ეს ინტერპრეტაცია?- ეს უკიდურესი გამარტივებაა, და მიანიშნებს იმაზე, რომ მას გეოპოლიტიკა დაახლოებით სკოლის მოსწავლის დონეზე ესმის. რუსეთი არის მზარდი გეოპოლიტიკური საფრთხე დასავლური ცხოვრების წესისთვის. ფინეთიც კი, რომელიც წლები ძალიან, ძალიან ფრთხილად გადიოდა ზღვარზე, რათა დიდი მეზობელი არ გაენაწყენებინა, დღეს თვლის, რომ უსაფრთხოების სიტუაცია იმდენად დრამატულად გაუარესდა, რომ ერთადერთი ვარგისი ქოლგა ეს ნატოს ქოლგაა. ისეთი ქვეყნები, როგორიცაა უკრაინა, ან თავდაცვითი ალიანსის წევრები გახდებიან, ან მოუწევთ ბირთვული შეიარაღება იშოვონ, რათა თავი დაიცვან [რუსეთისგან] მოსალოდნელი აგრესიისგან. რატომ უნდა საქართველოს ნატოში შესვლა? იმიტომ რომ დახმარება გჭირდებათ, იმიტომ, რომ არ გინდათ, რუსეთმა დაგიპყროთ, ასე არაა? ეს ხომ უმარტივესია - ქვეყნები, რომლებსაც არ სურთ, ვინმემ დაიპყროს, წევრდებიან თავდაცვით ალიანსებში. ასეა ეს.- და მაინც, მიუხედავად ამ თავდატეხილი კრიტიკისა, ისიც უნდა ითქვას, რომ საქართველოში ბლომად იპოვით ადამიანებს, ვისაც დასავლეთმა იმედი გაუცრუა - პირველ რიგში იმით, თუ როგორი რეაქციაც ჰქონდა 2008 წლის ომზე. და ეს შეიძლება ძლიერი არგუმენტი გახდეს ანტიდასავლური სენტიმენტებისთვის. რას ეტყოდით მათ, ვინც ფიქრობს, რომ დასავლეთმა საქართველო დააღალატა?- ვეტყოდი, რომ სავსებით მესმის მათი. ვფიქრობ, დასავლეთში ახლა მიდის თვითრეფლექსიის, საკუთარ თავში ჩაღრმავების პროცესი - მათ შორის იმაზე, თუ რატომ არ გავაკეთეთ მეტი საქართველოს დასახმარებლად? ორი აზრი არ არსებობს, რომ საკმარისი არ გავაკეთეთ. რატომ? იმიტომ, რომ გამბედაობა დაგვაკლდა, 90-იანებში ცივი ომის დამთავრებამ გაგვაზულუქა და საკმარისად აღჭურვილები არ შევხვდით ამ ყველაფერს. თავისი როლი ითამაშა ერაყმა და ავღანეთმაც, ფოკუსი იქეთ იყო. ასე რომ მესმის მათი, ამ ქართველების, მაგრამ ეს არანაირად არ ამართლებს პრემიერ მინისტრის კომენტარებს - განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დასავლეთმა, როგორც იქნა, გამოიღვიძა და როგორც იქნა, მოიკრიბა საკმარისი მხნეობა და პოლიტიკური გამბედაობა, რათა პუტინს წინ აღუდგეს.- და ბოლო კითხვა: რა დევს დღეს სასწორზე უკრაინის ომში ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა? ჯერჯერობით, საქართველო ცდილობს ლავირებას, უფრო სწორად, როგორც იტყვიან, „ღობეზე ზის“. მაგრამ როცა ეს ფუფუნება აღარ გვექნება, თუ ღობე ისეთი წვეტიანი გახდება, რომ მასზე ვეღარ შემოსკუპდება და მოუწევს, ერთი ან მეორე ბანაკის სასარგებლოდ არჩევანის გაკეთება - რა არის საქართველოსთვის ამ “ღობის” თითოეულ მხარეს?საქართველომ სარკეში უნდა ჩაიხედოს და თავის თავს ჰკითხოს: სად ვდგავარ მე? როგორ გამოვიყურები? რამდენად კარგია ჩემს მიერ შერჩეული პოზიცია? და არ მგონია, ვინმეზე კარგ შთაბეჭდილებას ახდენდეს, როდესაც ერთი მხრივ დასავლეთის კეთილგანწყობის მოპოვებას ცდილობ, მეორე მხრივ კი რუსეთს ირიბად ეხმარები. 

"პრეზიდენტი "ნაციონალების" მძევალია" – რას ერჩის ზარქუა ზურაბიშვილს, ფოტიგას და კუბილიუსს

1680371862

“შეეშვას დესტრუქციას, რადიკალიზაციასა და პოლარიზაციას”, - მოითხოვს დეპუტატი პრეზიდენტისგან.პარლამენტარი ასევე ღრმადაა დარწმუნებული, რომ კანდიდატის სტატუსი იმიტომ ვერ მივიღეთ, ევროკავშირს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის საშუალება რომ არ მიეცა.გთავაზობთ ბლიც-ინტერვიუს „ოცნების“ დეპუტატთან.- ელოდით თუ არა პრეზიდენტ ზურაბიშვილისგან მსგავსი სახის მოხსენებას, სადაც მან აშკარა მინიშნება გააკეთა "ქართული ოცნების“ პრორუსულ კურსზე?- პრეზიდენტისგან მსგავს საუბარს ნამდვილად  ველოდებოდი, რადგან მისი ბოლოდროინდელი განცხადებები საერთოდ აცდენილი იყო რეალობას. ქალბატონი სალომე ავირჩიეთ სწორედ იმ მიზნით, რომ "ქართულ ოცნებას" სურდა ევროპა.პრეზიდენტი უარგუმენტოდ ადანაშაულებს "ქართულ ოცნებას“.  ჩვენმა ხელისუფლებამ ძალიან ბევრი რამ გააკეთა ევროინტეგრაციისთვის. ნურავინ დაივიწყებს, რომ სწორედ ჩვენი მმართველობის დროს მივიღეთ ვიზალიბერალიზაცია.ამ ყველაფრის შემდეგ, რაც "ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა საქართველოსთვის, თუკი ვინმეს მოუბრუნდება ენა და იტყვის, რომ ჩვენი ხელისუფლება ანტიდასავლური მიმართულებისაა, ან ტყუის, ან ვიღაცის დავალებას ასრულებს, უფრო კონკრეტულად კი, საქართველოს არაკეთილმოსურნე ჯგუფის. ქალბატონი სალომე ან შეცდომაშია შეყვანილი, ან ემსახურება გარკვეულ ძალებს, რომლებსაც საქართველოსთვის ნამდვილად არ სურთ სიკეთე.- რომელ ჯგუფს გულისხმობთ არაკეთილმოსურნეებში?- არსებობს გლობალური ომის პარტია, რომლის ინტერესშიც შედის, რომ უკრაინის ომი უფრო ფარტომასშტაბიანი იყოს და ჩაერთოს რეგიონის ყველა ქვეყანა. სამწუხაროდ, პრეზიდენტის განცხადებები მიჩენს გონივრულ ეჭვს, რომ ის ჩართულია ამ პროცესში და მეტიც,  ქალბატონი ზურაბიშვილი მძევალია ამ რადიკალების, ანუ "ნაციონალური მოძრაობის“.ერთი კითხვა მაქვს მასთან, რატომ არ მოუწოდა ოპოზიციას, ჩართულიყვნენ საქართველოს ინტეგრაციის პროცესში? პრეზიდენტი არაკორექტულია, როდესაც ხალხის მიერ არჩეულ პარტიას ადანაშაულებს ისეთ საკითხში, სადაც ცამდე მართლები ვართ. რატომ ადანაშაულებს საქართველოს იმაში, რომ თითქოს ჩვენი ხელისუფლება უკრაინასთან მიმართებაში არასოლიდარულია?! ამას ამბობს მაშინ, როდესაც რეიტინგით მესამე ადგილზე ვართ მათ შორის, ვინც უკრაინას ყველაზე მეტად დაეხმარა. სირცხვილია ისეთი ხელისუფლების დადანაშაულება, რომელმაც გაგაპრეზიდენტა.საქართველოს ომი არ სურს! "ქართული ოცნება“ აკეთებს იმას, რასაც უნდა აკეთებდეს. ჩვენ ვზრუნავთ სტაბილურობაზე, ეკონომიკურ ზრდასა და მშვიდობაზე.- თუ კი პრეზიდენტი ზურაბიშვილი "ნაციონალური მოძრაობის“ მართულია, მაშინ რას იტყოდით დასავლეთზე, რომელთა დამოკიდებულებებიც თქვენს მიმართ საქართველოს პრეზიდენტის დამოკიდებულების იდენტურია?- ჩემთვის ანდრიუს კუბილიუსი და ანა ფოტიგა  არ არის დასავლეთი. არც ის ევროპარლამენტარები არიან, რომლებმაც რეზოლუციაში ჩაწერეს, რომ თურმე მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი და დავით კეზერაშვილი მედიადევნილი. ამათ ავტორებს ვურჩევდი, ჩამოვიდნენ საქართველოში და ნახონ, რა არის რეალობა.მე მოვუწოდებ ქალბატონ სალომეს, რომ შეეშვას დესტრუქციას, რადიკალიზაციასა და პოლარიზაციას. ის დღეს საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად ევროინტეგრაციის გზაზე არ დგას. ზურაბიშვილი რადიკალიზაციით შორს ვერ წავა. როდესაც უსამართლოდ ადანაშაულებ საქართველოს ხელისუფლებას, მინიმუმ იმის ღირსი ხარ, რომ ხალხმა არასერიოზულად აღგიქვას.- თუ ევროდეპუტატები ტყუიან, თუ ოპოზიცია და საქართველოს პრეზიდენტი ცდებიან მმართველი ძალის ქმედებების შეფასებაში, მაშინ რატომ ვერ მიიღო საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი?- ძალიან კარგი და საჭირო კითხვაა. საქართველოსთვის სტატუსის არმინიჭება პირდაპირ პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო და ქალბატონმა სალომემ უნდა ჰკითხოს  ევროპარლამენტს, თუ რატომ არ მოგვანიჭეს სტატუსი, როდესაც რეიტინგით უკრაინაზე და მოლდოვაზე წინ ვართ.ევროკავშირს სურდა, რომ საქართველოს მეორე ფრონტი გაეხსნა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება ამას არასოდეს დაუშვებს. უკრაინიდანაც იყო მსგავსი საუბრები. თქვენ იცით, რომ უკრაინის გავლით რუსული ნავთობით მარაგდება მთელი ევროპა? აი ეს არის ორმაგი სტანდარტი, რაც ჩემთვის ყოვლად მიუღებელია.ხატია მამულია

"ვიცოდი, სულ ვგრძნობდი, რომ თუ საშას ამ ომში დაღუპვა ეწერა, ის ღირსეულად დაიღუპებოდა და ასეც ახდა - გმირად აღესრულა ჩემი შვილი"

1678979900

"პატივს მივაგებ ადამიანს, რომელიც ყველა უკრაინელს სამუდამოდ ემახსოვრება, მისი სიმამაცის გამო, იმის გამო, რომ ასე სჯეროდა უკრაინის; მისი სიტყვების გამო: “დიდება უკრაინას”, - თქვა ზელენსკიმ მაციევსკის დედასთან შეხვედრისას."საშა სნაიპერი იყო, მაგრამ მისთვის უკანასკნელ ბრძოლაში პოლკის მსროლელის ფუნქციებს ასრულებდა. ყოველთვის მოწესრიგებული იყო, პასუხისმგებლობის გრძნობით, ყოველთვის შეიძლებოდა მასზე დაყრდნობა. ომით დაღლილი არასდროს გვინახავს - არასოდეს დაზარებია მწყობრში დგომა. ყოველთვის მაქსიმალურს აკეთებდა და არასოდეს წუწუნებდა“, - ამბობენ მაციევსკის ბრიგადაში.რადიო თავისუფლება ესაუბრა ოლექსანდრ მაციევსკის დედას, ქალაქ ნიჟინის მცხოვრებ 67 წლის პარასკა დემჩუკს:რა გითხრათ ჩემს შვილზე? თვითონ არაფერს გეტყოდათ, საშა ჩუმი ბიჭი იყო, წყნარი და გულჩათხრობილი, ბევრს ფიქრობდა. უყვარდა ქვეყანა, ვუყვარდით ჩვენ, ოჯახი და უყვარდა შვილი. 19 წლისაა მიხაილო, მიშა, გერმანიაშია ახლა, ძალიან ჰგავს ოლექსანდრს - გარეგნობითაც და ხასიათითაც. ისეთივე მიზანდასახულია და მშრომელი, სწავლასთან ერთად მუშაობს, რომ დედას, იულიას დაეხმაროს. იულია და საშა გაშორებულები იყვნენ, მაგრამ კონტაქტი არ დაუკარგავთ, კარგი ურთიერთობა შეინარჩუნეს და იმედი ჰქონდათ, რომ ომის დამთავრების მერე, შერიგდებოდნენ...რადიო თავისუფლება: მიშამ თუ ნახა ის ვიდეო [სადაც ოლექსანდრს რუსები სიკვდილით სჯიან]?პარასკა დემჩუკი: ნახა. მაშინ დადასტურებული არ იყო, მაგრამ რა თქმა უნდა, იცნო მამამისი. ტირილით დამირეკა. მითხრა, მამაჩემის ღირსეული შვილი ვიქნებიო.რადიო თავისუფლება: თქვენ როგორ ინარჩუნებდით კონტაქტს ოლექსანდრთან, სანამ ფრონტზე იყო?პარასკა დემჩუკი: ყოველთვის მამხნევებდა, სულ გვერდში მედგა. მეტყოდა ხოლმე: დედა, კაცი იმისთვის იბადება, რომ მოკვდესო. ძლიერი ცხოვრებისეული ფილოსოფიის, პრინციპების პატრონი იყო. სულ უნდოდა, გმირი ყოფილიყო. და აი, არის კიდეც ახლა გმირი. მამამისიც იბრძოდა და ბაბუამისიც. საშასთვის სიამაყის, პრინციპის საკითხი იყო ამ ომში წასულიყო, ქვეყანა დაეცვა, იმ ბილიკით ევლო, რომელზეც წინაპრები დააბიჯებდნენ. არავის დაუძალებია მისთვის ამ ომში წასვლა - უპრობლემოდ შეეძლო დაეტოვებინა ქვეყანა, მაგრამ დარჩა. დარჩა იმიტომაც, რომ მე დავრჩი. თქვა: „დედას, მშობელს როგორ მივატოვებო?“ - ეს ვერ წარმოედგინა, როგორ შეიძლებოდა ეს გაეკეთებინა. მითხრა: „დედა, ძვირფასო, შენ ოღონდ იცოცხლე. ეს გააკეთე ჩემთვის“.რადიო თავისუფლება: როგორ ფიქრობთ, რატომ და როგორ გააკეთა ის, რასაც ვიდეოში ვხედავთ?პარასკა დემჩუკი: სხვანაირად ვერც მოიქცეოდა - ასე აღვზარდე. მოვალეობის გრძნობა ჰქონდა, პრინციპები და ფასეულობები. იცოდა, რაც ელოდა და სიკვდილს თვალი გაუსწორა. დასკვნები გააკეთა და აღესრულა, როგორც ამაყი, ვალმოხდილი ადამიანი.რადიო თავისუფლება: როგორ ფიქრობთ, რუსებს თუ აპატიებთ ოდესმე? თქვენ, ან სხვა უკრაინელი დედები?პარასკა დემჩუკი: სხვებზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ მე - არასოდეს. ჩვენი ქალაქები სასაფლაოდ გადააქციეს. არ, არა, არა. არც ჩემი შვილისთვის, არც სხვების სიკვდილისთვის არასოდეს ვაპატიებ მათ.რადიო თავისუფლება: როგორ და როდის შეგატყობინეს, რომ ეს სწორედ ოლექსანდრი იყო - იმიტომ რომ თავიდან ვრცელდებოდა ინფორმაცია სხვა ადამიანის დაღუპვის შესახებ...პარასკა დემჩუკი: ქალაქ ნიჟინის პოლიციიდან დამირეკეს. გამომკითხეს ნიშნები, რომლითაც საშას ამოცნობა შეიძლებოდა, რა ეცვა და ა.შ. შემდეგ იყო ორკვირიანი დუმილი, რომლის განმავლობაშიც ლამის ჭკუიდან გადავედი. მერე დამირეკეს და მანახეს ჩემი შვილის ცხედარი - მახსოვს დახვრეტილი მხრები, სახე და ნატყვიარისგან ჩატეხილი ადგილი წარბს ზემოთ...რადიო თავისუფლება: როგორ გრძნობდით თავს, როდესაც ამბობდნენ, რომ ვიდეოში შესაძლოა, სხვა ადამიანი ყოფილიყო და სხვათა გვარებს ასახელებდნენ...პარასკა დემჩუკი: გარეგნულად, მშვიდად ვიყავი, ვცდილობდი წონასწორობა შემენარჩუნებინა. როცა ცხედარი მანახეს, ჩემი შვილი, რა თქმა უნდა, ვიცანი, და დავეხმარე უკრაინის უსაფრთხოებას იდენტიფიცირებაში, რომ ეს სხვადასხვა ვერსია გაქარწყლებულიყო - ერთ კი არა, რამდენიმე ვერსიაზე მუშაობდნენ, რამდენიმე ოჯახში ფიქრობდნენ, რომ ეს მათი შვილი შეიძლება ყოფილიყო. ღმერთსა ვთხოვ, ისინი მაინც იყვნენ ცოცხლები... თავიდან, სანამ ცხედარს მაჩვენებდნენ, მითხრეს, დიდია ალბათობა, რომ საშა არ არისო, მაგრამ თავიდან ვერ ვიცილებდი ამ აზრს, მთელი სხეულით ვგრძნობდი, რომ ეს ნამდვილად საშა იყო. ალბათ, დედის ინსტინქტია ეს. პირველად რომ დამირეკეს და წამოვედი, მახსოვს, მივედი სახლში, და ყველა კარი და ფანჯარა ჩავრაზე. არაფრის, არავის დანახვა არ მინდოდა. ხომ თითქოს აივსო ჩემი ტანჯვის ფიალა, მაგრამ ვგრძნობდი, რომ მეტი ტკივილი წინ მელოდა.იმ ორი კვირის განმავლობაში ისე მინდოდა, იმდენს ვლოცულობდი, რომ საშა ცოცხალი ყოფილიყო. სულ მესიზმრებოდა, რომ ჭიშკარი გაიღებოდა, და საშა შემოვიდოდა. ახლა ვიცი, რომ ეს აღარ მოხდება. ვტირი, მოვთქვამ, მაგრამ ესეც უნდა ვთქვა - ისე ვამაყობ ჩემი შვილით! ვიცოდი, სულ ვგრძნობდი, რომ თუ საშას ამ ომში დაღუპვა ეწერა, ის ღირსეულად დაიღუპებოდა. და ასეც ახდა - გმირად აღესრულა ჩემი შვილი. ეს კი ნიშნავს, რომ შვილი სწორად გავზარდე, ოჯახისთვის, ქვეყნისთვის. ვუყურე პრეზიდენტის გამოსვლას, სადაც მან თქვა, რომ ჩემი შვილი უკრაინის გმირის წოდებისთვის დააჯილდოვეს. ბევრი ვიტირე, შემდეგ წამლები მივიღე, რომ დამძინებოდა. შვილმა ხომ მითხრა - დედა, თავს მოუფრთხილდიო...

"ეს არის განზრახ წარმოებული კამპანია, რომ ჩაკლან საქართველოს სწრაფვა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ"

1677148155

რადიო თავისუფლება: ძალიან მინდა დავიწყო პრეზიდენტ ბაიდენის მოულოდნელი ვიზიტით კიევში, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის წლისთავის წინ. ცხადია, ამ ვიზიტის პირველი აღქმა ბევრისთვის ემოციურია, თუმცა რისი ნიშანია მისი დღევანდელი ვიზიტი?ჯინ შაჰინი: ვფიქრობ, ეს ვიზიტი ყველა ჩვენგანისთვის მოულოდნელი იყო და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი უკრაინისთვის, აშშ-სთვის, ევროპისთვის და მთელი მსოფლიოსთვის, რომ აშშ აპირებს განაგრძოს უკრაინის გვერდით დგომა, მის ბრძოლაში რუსეთის ამ არაპროვოცირებულ ომში.რადიო თავისუფლება: მინდა გავაგრძელო უსაფრთხოების საკითხითა და საქართველოთი. საქართველო არის მიჩნეული რუსეთისგან მომდინარე საფრთხის ქვეშ მყოფ ერთ-ერთ სახელმწიფოდ. ნატოს თავდაცვის მინისტერიალი შეთანხმდა სამხედრო დახმარების გაძლიერებაზე ბოსნია-ჰერცეგოვინის, საქართველოსა და მოლდოვისთვის და ამის შესახებ ითქვა ნატოს მადრიდის სამიტის დეკლარაციაშიც გასულ წელს. სრულიად ნათელია, რომ საქართველომ უნდა ეძებოს მეტი დაცვა, ვიდრე ის გახდება ალიანსის ნაწილი. თქვენ კარგა ხანია მუშაობთ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხზე. თქვენ კიდეც წარადგინეთ კანონპროექტი შავი ზღვის სტრატეგიაზე, რომელიც აგერ მაქვს - „კანონი შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებისა და სხვა მიზნებისთვის“ - ასე ეწოდება დოკუმენტს, რომელიც ორპარტიულია და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამ კანონზე მუშაობა დაიწყეთ, როცა არ იყო სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში. ახალ კონტექსტში რა შესაძლებლობაა ეს საქართველოსთვის? რა ნაწილებისგან შედგება ეს დოკუმენტი? მე ჩავიხედე, მაგრამ ჩვენს აუდიტორიას რომ ვუთხრათ და რა სარგებელს მოუტანს ეს საქართველოს და რა პასუხისმგებლობების აღება მოუწევს?ჯინ შაჰინი: უპირველესად, რაც შეეხება საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს, მე მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან ჩამოვედი და ერთ-ერთი რამ, რაც ძალიან ცხადი იყო საუბრებში უკრაინაში ომზე, იყო იმის აღიარება, რომ ეს ყველაფერი დაიწყო 2008 წელს, როცა რუსეთი შემოვიდა საქართველოში და რუსეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას. ეს ჩვენ ძალიან გვაშფოთებს და ვიცი, ქართველებს სურთ ამის დასრულება. 15 თვის წინ, როცა აქ ვიყავი, მქონდა სამხრეთ ოსეთთან სასაზღვრო ხაზთან მისვლის შესაძლებლობა, რომ მენახა საქართველოში შემოჭრის ფაქტი, მომესმინა გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც იქ არიან ადამიანები ამ შემოჭრის გამო. ასე რომ, მესმის, ეს არის უდიდესი პრობლემა ქვეყნისთვის. ამიტომაც, ვფიქრობ, როცა ხედავ საქართველოს ნატოსკენ სწრაფვას, ძალიან მნიშვნელოვანია და ასევე აღსანიშნავი, რომ ნატოს მადრიდის სამიტზე საქართველოს ნატოსკენ სწრაფვის მნიშვნელობა კიდევ ერთხელ დადასტურდა. ამიტომაც, ძალიან მნიშვნელოვანია აშშ-სთან სამხედრო პარტნიორობა და ამიტომ არის მნიშვნელოვანი შავი ზღვის რეგიონის სტრატეგია. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უსაფრთხოებისთვის, არამედ ეკონომიკურადაც და რაც ვნახეთ, როგორც უკრაინასთან ამ ომამდე, ისე ომის დაწყების შემდეგ, არის ის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია შავი ზღვა არა მხოლოდ ამ რეგიონისთვის, არამედ მარცვლეულის, სასუქების საზღვაო მარშრუტებისთვის და როგორი გლობალური ზეგავლენა აქვს მას. უნდა გავიაზროთ რამდენად მნიშვნელოვანია ის.ჩვენს კანონს რაც შეეხება, მისი პირველი ნაწილი, რომელიც წინა კონგრესმა მიიღო, ბაიდენის ადმინისტრაციას ეუბნება, რომ მან წარმოადგინოს სტრატეგია - ამ რეგიონის მიმართ ჩვენი ყოველისმომცველი ხედვა. ახლა ვმუშაობთ კანონმდებლობის შემდგომ ნაწილზე კონგრესის მომავალი სხდომისთვის, რომელშიც იქნება გარკვეული ანგარიშგების მოთხოვნები, როგორ შეგვიძლია გავაფართოვოთ ის პირველადი ვერსია, რომელიც ამბობს - მოდით, შევიმუშაოთ სტრატეგია - და როგორ უნდა ჩავაბაროთ ანგარიში კონგრესს, რომ ვნახოთ რა იქნება ამ კანონმდებლობის შედეგები.ასე რომ, ჩვენ ახლა ამაზე ვმუშაობთ. დღეს გვქონდა ძალიან კარგი შეხვედრა ქართველებთან, რომ გვემსჯელა როგორ ხედავთ აქ შავი ზღვის მნიშვნელობას და როგორ შეიძლება ის გამოყენებული იყოს ქვეყნის ეკონომიკისთვის.რადიო თავისუფლება: დიახ, ვიცი, რომ ეს საკითხი განიხილეთ დღეს ერთ-ერთ შეხვედრაზე, მაგრამ არ ვიცი გქონდათ თუ არა საკმარისი მსჯელობა, საკმარისი დრო, საკმარისი სივრცე ამ საკითხის საქართველოს მთავრობასთან განსახილველად.ჯინ შაჰინი: საქართველოს მთავრობასთან ამაზე დეტალურად არ გვიმსჯელია, გარდა იმისა, რომ ვთქვით, რატომ ვთვლით ამ საკითხს მნიშვნელოვნად და ვილაპარაკეთ კანონმდებლობაზე, რომელზეც ვმუშაობთ. ვფიქრობ, დავუბრუნდები საქართველოს მთავრობასთან ამის განხილვას. შევთანხმდით იმაზე, რომ გავაგრძელებთ ამ საკითხზე მუშაობას.რადიო თავისუფლება: მსურს მიუნხენს მივუბრუნდე და რუსეთის აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ. მსოფლიო იცვლება, ის გამოწვევებით არის სავსე, დინამიკურია, ტრაგიკულია - ყველაფერი ერთად და ძალიან მნიშვნელოვანია (რთული, მაგრამ უკიდურესად მნიშვნელოვანი) ქვეყნისთვის ადგილის პოვნა ამ ვითარებაში, ამ გარემოში. თვლით, რომ საქართველოს პოზიცია ამ კონტექსტში - გლობალურ, საერთაშორისო კონტექსტში საკმარისად მკაფიოა, განსაკუთრებით უკრაინის მიმართ. მოვიყვან საქართველოს პრემიერმინისტრის ციტატებს მიუნხენის კონფერენციაზე მისი გამოსვლიდან: „ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამ ომის შესაჩერებლად... არ არსებობს მშვიდობიანი მოლაპარაკებებისა და საუბრის ალტერნატივა, რადგან ვნახეთ, რომ დაბრუნდა ბირთვული რიტორიკა. ამდენად, უნდა მოველოდეთ, რომ აშშ, ჩინეთი, რუსეთი და ევროკავშირი დასხდებიან და ილაპარაკებენ ამ პლანეტის მომავალზე, ვინაიდან, გავიმეორებ, ომი არ არის გამოსავალი“. ეს ითქვა კონფერენციაზე კონტექსტში, სადაც მსოფლიო ლიდერები გამოდიოდნენ და ლაპარაკობდნენ იმაზე, როგორ დაჩქარდეს სამხედრო მხარდაჭერა, რომ უკრაინამ რაც შეიძლება მალე გაიმარჯვოს და რუსეთი დამარცხდეს. ეს ციტატა, ცალკე აღებული შეიძლება აბსოლუტურად ნორმალურად ჩანდეს... შეიძლება... თუმცა, ამ კონტექსტში ეს იყო ერთგვარი შეხსენება საქართველოს პრემიერმინისტრისგან, რომ თქვენ ომი გინდათ, მაგრამ მშვიდობა უფრო მნიშვნელოვანია...ჯინ შაჰინი: ვთვლი, რომ საქართველოში რუსეთის შეჭრის, 2014-ში რუსეთის უკრაინაში შეჭრის, როცა მათ დაიკავეს ყირიმი და დონბასის ნაწილი, ერთ-ერთი გაკვეთილი არის ის, რომ, თუკი ვლადიმირ პუტინის მსგავს დიქტატორს მისცემ ქვეყნის ნაწილის ანექსიისა და ქვეყანაში შეჭრის შესაძლებლობას, ყოველგვარი პასუხისმგებლობის დაკისრების გარეშე, მიიღებ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის ხელყოფას. ეს არის ის, რაც ყველა ჩვენგანს, ვინც დემოკრატიაში ცხოვრებას ვესწრაფვით, უნდა გვაშფოთებდეს. ვერ მივცემთ უფლებას ვლადიმირ პუტინს ან ჩინეთში სის [სი ძინ პინს - რ.თ.], ირანის ან ჩრდილოეთ კორეის მსგავს დიქტატორებს იფიქრონ, რომ შეუძლიათ უბრალოდ მიიღონ გადაწყვეტილება და მოახდინონ სხვა ქვეყნის ნაწილის ანექსია ან დაიპყრონ სხვა ქვეყანა. ეს ნებისმიერი მიზეზით შეიძლება მოხდეს. შეიძლება, უბრალოდ ასე სურდეთ. მაგალითად, პუტინის შემთხვევაში, მას, როგორც ჩანს, სურს საბჭოთა კავშირის აღდგენა ან ორასი წლის წინანდელი რუსეთისა. ასე რომ, ყველას, ვინც დემოკრატიულ ქვეყნებში ვცხოვრობთ, ეს უნდა გვაშფოთებდეს. ჩვენი მტრები, დანარჩენი ავტოკრატები, რომლებიც ასევე ფიქრობენ, გვაკვირდებიან - რას ვაკეთებთ. აკვირდებიან დასავლეთს, ალიანსს, სხვა ქვეყნებს, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინას - შევინარჩუნებთ თუ არა ერთიანობას, ვიქნებით თუ არა მტკიცენი, რეალურად ვაპირებთ თუ არა დავეხმაროთ უკრაინელებს, რომლებიც ძალიან გაბედულები არიან ამ ბრძოლაში. ვიცი, ბევრი ქართველია, ვინც ამ ყველაფერს გულდასმით აკვირდება, ვისაც უკრაინაში ნათესავები ჰყავს...რადიო თავისუფლება: ვინც იბრძვის...ჯინ შაჰინი: ...ვინც იბრძვის - ყველანი, ვისაც ძალიან აღელვებს, რა მოხდება, ძალიან მნიშვნელოვანია დავეხმაროთ უკრაინელებს ყოველმხრივ, როგორც შეგვიძლია.რადიო თავისუფლება: ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება იყო ნატოს გენერალური მდივნისა, რომელმაც იმათ საყურადღებოდ, ვინც შიშობს, რომ უკრაინისთვის დახმარების გაზრდა ხელს შეუწყობს ვითარების ესკალაციას, განაცხადა, რომ დღეს არ არსებობს უსაფრთხო არჩევანი და რომ დღეს გადადგმულ ნებისმიერ ნაბიჯს ახლავს რისკი.პრესკონფერენციაზე ბრძანეთ, რომ გსურთ მკაფიოდ განაცხადოთ, რომ აქ [საქართველოში] გინდათ მშვიდობა, ზოგიერთი პოლიტიკოსის იმ რიტორიკის პასუხად, რომ აშშ-ს, დასავლეთს სურთ საქართველოს ომში ჩათრევა.ჯინ შაჰინი: დიახ, მეორე ფრონტის გახსნა აქ...​რადიო თავისუფლება: დიახ, დიახ. გსურთ ამაზე მეტის თქმა მათთვის? ვინაიდან, ის პოლიტიკოსები არ არიან ვიღაც კუთხეში მსხდომნი, უხილავები, არამედ რიგ შემთხვევაში მმართველი პარტიის, ან მმართველი პარტიის ყოფილი - ფორმალურად ყოფილი წევრები?ჯინ შაჰინი: როგორც ჩანს, ეს არის განზრახ წარმოებული კამპანია.რადიო თავისუფლება: რა მიზანი აქვს?ჯინ შაჰინი: რომ წამოწიონ ეს საკითხი, მოახდინონ აშშ-ის და საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობების დისკრედიტაცია; შეიძლება, ის, რომ ჩაკლან საქართველოს სწრაფვა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ. არა მგონია, ასეთი დეზინფორმაცია ვინმესთვის სარგებლის მომტანი იყოს. ეს არ ეხმარება საქართველოს, მის ევროპულ მისწრაფებებს, არ არის სასარგებლო აშშ-სთვის. როგორც უკვე ვთქვი, აშშ-ს საქართველოს გვერდით დგომის 30-წლიანი ისტორია აქვს და ხელს უწყობს ამ ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ხელს უწყობს მშვიდობას.ჩვენ გვინდა მშვიდობა ევროპისთვის, გვინდა მშვიდობა მთელი მსოფლიოსთვის და ისტორია გვასწავლის, რომ, თუკი დაუნდობელი დიქტატორების მიმართ ზოგჯერ სიმტკიცეს არ გამოვიჩენთ, უარესის მომტანია და არა უკეთესის.რადიო თავისუფლება: დღეს, როცა მსოფლიო ცდილობს სძლიოს რუსეთის აგრესიას უკრაინაში, როცა საკუთრივ საქართველოს აქვს უამრავი, უამრავი პრობლემა, მათ შორის ეგზისტენციური პრობლემები ბევრი ქართველისთვის, სულ რამდენიმე საათის წინ ქართველი ჟურნალისტები იდგნენ პარლამენტის ბიუროს ოთახის შესასვლელთან შეძახილებით - „არა, რუსულ კანონს!“, „არა, პუტინიზაციას!“. დარწმუნებული ვარ, შეხვედრებზე არაერთხელ მოგაწოდეს ინფორმაცია ამ ახალ ინიციატივაზე, რომელიც ოფიციალურად ინიცირებული იყო სწორედ დღეს, ბიუროს იმ სხდომაზე - კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელზეც კომენტარი გააკეთა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა და ვიცით, რა შეფასებაც მისცა. აღარ ჩამოვთვლი სხვა განცხადებებს და არც მის ამერიკულ „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტთან“(FARA) შედარებაზე ვილაპარაკებ, მაგრამ კიდევ ერთხელ გთხოვდით აგეხსნათ განსხვავება, ვინაიდან ამ ინიციატივის ავტორები იშველიებენ FARA-ს და აცხადებენ - თუკი აშშ-სთვის კარგია, კარგი უნდა იყოს ჩვენთვისაც. ეს იგივე ხალხია, ვინც აკრიტიკებს აშშ-ის პოლიტიკას, პირადად თქვენ, [აშშ-ის] ელჩს.ჯინ შაჰინი: კანონი, რომელიც პარლამენტში წარადგინეს, არ არის ამერიკული კანონი FARA. მე მიმუშავია იმ კანონზე, მის რეფორმირებაზე. თავდაპირველად ის 1930-იანებში იყო მიღებული ჰიტლერის პასუხად, როგორც ძალისხმევა, რომ ამოგვეცნო ლობისტები ან სხვები, რომლებიც სხვა ქვეყნებს წარმოადგენდნენ აშშ-ში და მათ მოვთხოვეთ რეგისტრაცია. აქაური კანონპროექტი არის რუსეთში არსებული კანონის მსგავსი, რომელიც ძალიან ეფექტიანი იყო რუსეთში არასამთავრობო ორგანიზაციების დახურვისა და მედიის გასაჩუმებლად. ეს არ არის ხელშემწყობი იმ 12 პირობისა, რომლის შესრულებაც ევროკავშირმა სთხოვა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის და ეს კანონი ძალიან ჰგავს იმას, რომელიც უნგრეთმა მიიღო და რომელიც დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა. ასე რომ, ეს არ შეესაბამება იმ ღირებულებებს, რომლებსაც, ვფიქრობ, ვისურვებდით დემოკრატიულ ქვეყანაში. და, არც გამჭვირვალეობისთვის არის საჭირო ასეთი კანონი. არგუმენტი, რომ ეს გამჭვირვალეობისთვის არის საჭირო, უბრალოდ არ ჭრის, რადგან უკვე არსებობს გამჭვირვალეობა. არასამთავრობო ორგანიზაციებს ისედაც ეკისრებათ ვალდებულება განაცხადონ საიდან ფინანსდებიან.რადიო თავისუფლება: როცა ეკითხებიან, აცხადებენ, რომ ეს კანონი საჭიროა, ვინაიდან ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც უცხოური წყაროებიდან ფინანსდება, პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ და პოლიტიკური ინტერესები აქვთ. ეს არის მათი არგუმენტი, რაც აქამდე გვესმის.საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად გადაღებულ თქვენს ფოტოს, რომელიც შეხვედრის შემდეგ ან შეიძლება, შეხვედრამდეცაა გადაღებული, დღეს საელჩოს განცხადება ახლდა, ფეისბუკ-განცხადება, რომელიც ასეთი წინადადებით იწყება: „შემთხვევითი არ არის, რომ კრემლის ერთ-ერთი სამიზნე საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებაა“. კრემლს ჰყავს სამიზნეში ამოღებული სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში?ჯინ შაჰინი: არ ვიცი, ვისი სამიზნეა, მაგრამ ეს არის კანონი, რომელიც ხელს არ უწყობს დემოკრატიის პრინციპებს, არ ემსახურება იმ შედეგების მიღწევას, რაც საქართველოს ხალხს სურს და ჩვენ გამოვხატეთ წუხილი იმის გამო, როგორც ეს კანონი გვესმის, ჩვენს შეხვედრებზე პრეზიდენტსა და პრემიერმინისტრთან შეხვედრებზე. ჩვენ ასევე მოვისმინეთ კიდევ უფრო დიდი წუხილი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე დღეს.რადიო თავისუფლება: მოისმინეთ პრემიერმინისტრის პოზიციაც? თუ მხოლოდ მოგისმინათ?ჯინ შაჰინი: მოგვისმინა.რადიო თავისუფლება: კარგით.აღნიშნეთ, რომ შეხვედრაზე ივანიშვილიც იყო ნახსენები.ჯინ შაჰინი: დიახ, ჩვენ წამოვჭერით მისი საკითხი დეოლიგარქიზაციის მოთხოვნის კონტექსტში, როგორც იმ 12 პრინციპის ნაწილი - დე-ო-ლი-გარ-ქი-ზა-ცი-ა. მიჭირს ამ სიტყვის წარმოთქმა.რადიო თავისუფლება: დიახ, მეც. და, ამაზეც მხოლოდ მოგისმინათ, უკომენტაროდ? ბოდიშს გიხდით, ვიცი, რომ პირადი შეხვედრა იყო.ჯინ შაჰინი: ჩვენ განვიხილეთ ამ პირობის მნიშვნელობა და ფაქტი, რომ მხოლოდ საქართველოში არ წამოჭრილა ეს საკითხი, არამედ უკრაინაშიც წამოიჭრა თავის დროზე, ყოფილ პრეზიდენტ ბატონ პოროშენკოსთან მიმართებით.რადიო თავისუფლება: მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ბატონმა ღარიბაშვილმა უპასუხა აგრეთვე შეკითხვას მიხეილ სააკაშვილზე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და მან განაცხადა - პასუხი მოკლე არ იყო, მაგრამ აგრეთვე განაცხადა, რომ „სააკაშვილი კარგი მსახიობია“, რომ მთავრობა აკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია და ა.შ.. თუმცა, ბატონი სააკაშვილის მდგომარეობა უარესდება და ისეთი სიმპტომის, როგორიც, მაგალითად, პერმანენტული სიცხეა, გაყალბება, გათამაშება შეუძლებელია. რა ფაქტორია მისი [სააკაშვილის] ჯანმრთელობის მდგომარეობა საქართველოს პოლიტიკაში და საქართველოს პარტნიორებთან ურთიერთობაში. რამდენად ინტენსიურად ადევნებთ თვალს მის მდგომარეობას - არა მხოლოდ თქვენ პირადად, არამედ ამერიკელი პოლიტიკოსები?ჯინ შაჰინი: მისი მდგომარეობა განიხილება არა მხოლოდ აშშ-ში, არამედ სხვა ქვეყნებშიც, როგორც ეს გამოჩნდა ჩვენი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ყოფნის დროსაც. ნებისმიერ დემოკრატიულ მთავრობას ენიჭება პასუხისმგებლობა უზრუნველყოს ციხეებში მყოფი ადამიანებისთვის სამედიცინო მომსახურება, რომელიც მათ სჭირდებათ. მეც და სხვებიც ვიმედოვნებთ, რომ ბატონი სააკაშვილი მიიღებს სამედიცინო მომსახურებას, რომელიც მას სჭირდება, განსაკუთრებით მისი მდგომარეობის გაუარესების გათვალისწინებით.რადიო თავისუფლება: უნდა ველოდოთ რაიმე უფრო ოფიციალურს სენატისგან, ვაშინგტონისგან?ჯინ შაჰინი: ჩვენ გამოვაქვეყნეთ ოფიციალური წერილი, დეკემბერში და გამოვხატეთ შეშფოთება.რადიო თავისუფლება: დიახ, მაგრამ იქნება რაიმე მეტი?ჯინ შაჰინი: ჯერ არ მისაუბრია კოლეგებთან ამის შესახებ.რადიო თავისუფლება: კიდევ ერთი პირი, რომელიც ფართოდ არის მიჩნეული პოლიტიკური საფუძვლით დაპატიმრებულად, არის ნიკა გვარამია, ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალური დირექტორი. მისი საქმე აღწერილია არაერთ ანგარიშში, მათ შორის „ჰიუამნ რაიტს უოჩის“ ბოლო ანგარიშში და მის დაკავებამდე, ეს საქმე აღწერილი იყო სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ. ის უკვე ცხრა თვეა ციხეშია. გსურთ ამ საქმეზე კომენტირება და თვლით, რომ მას საკმარისი ყურადღება ექცევა?ჯინ შაჰინი: არ ვიცნობ ამ საქმის დეტალებს, მაგრამ ფაქტია ის, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში პრესის, მედიის თავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანია. ვერ გექნება ქმედითი დემოკრატია, თუკი ადამიანები, რომლებიც მუშაობენ რეპორტიორებად, მუშაობენ მედიაში, შეიძლება მოხვდნენ ციხეში იმისთვის, რასაც გადასცემენ. ეს არის დემოკრტიის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი. მედიის თავისუფლება და ადამიანის უფლებები არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და წარმოადგენენ იმ პირობების ნაწილს, რომელთა მოგვარებასაც ევროკავშირი სთხოვს საქართველოს. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანებმა გაიაზრონ, რომ, თუკი დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრობ, ოპონენტები ციხეში არ უნდა ჩასვა და ჟურნალისტები ციხეში არ უნდა ჩასვა. უნდა დაიცვა კანონის უზენაესობა.რადიო თავისუფლება: შეგიძლიათ გვითხრათ, რა შეიცვალა გასული წლის ნოემბრის შემდეგ, როცა სენატში გაიმართა მსჯელობა საქართველოზე და დღის წესრიგში იყო საქართველოში დემოკრატიის უკუსვლა? დემოკრატია სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება და საჭიროა წარმატებულები ვიყოთ, რომ განვაგრძოთ გზა, ამ ეტაზე - ევროკავშირისკენ. როგორ ფიქრობთ, უარესი ვითარებაა, უკეთესად ვართ თუ იმავე მდგომარეობაში?ჯინ შაჰინი: ის მოსმენა [სენატში] გამიზნული იყო შეშფოთების გამოსახატავად იმაზე, რაც ხდება და კვლავ ვიტყვი: დემოკრატია ნიშნავს კანონის უზენაესობის დაცვას, მას აქვს დამოუკიდებელი სასამართლო, უშვებს მედიის თავისუფლებას. ზოგიერთი ცნობა, რომელსაც ვიღებთ, „უცხოეთის აგენტებზე“ კანონის მსგავსს, რომელზეც არასამთავრობო ორგანიზაციებისგან ვისმენთ, ძალიან შემაშფოთებელია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისა და ძლიერი დემოკრატიისკენ სვლის მისწრაფებების კონტექსტში.ამ ქვეყნის ხალხი ისე იბრძვის დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრებისთვის, რომ ჩვენ აშშ-ში გვსურს გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია, რომ ამას მხარი დავუჭიროთ. ამიტომაც ვართ მე და სენატორი დურბინი აქ - რომ წამოვჭრათ ეს საკითხები.რადიო თავისუფლება: დასასრულ, ძალიან პირადული მოკლე შეკითხვა მინდა დაგისვათ: ადევნებთ თვალს ქართველი პოლიტიკოსების კომენტარებს პირადად თქვენზე და როგორ აღიქვამთ მათ? ხშირად არც თუ ძალიან სასიამოვნო ან ეთიკურია ხოლმე. როგორ უდგებით ამ კომენტარებს? თუ უბრალოდ ყურადღებას არ აქცევთ?ჯინ შაჰინი: არ ვაქცევ ყურადღებას. რეალობა კი ის არის, რომ ჩვენ გვსურს პოლიტიკაში და მთავრობაში იყვნენ ადამიანები, რომლებიც იჩენენ პატივისცემას. გვინდა ვხედავდეთ, რომ შეიძლება ვინმეს არ დაეთანხმო, პიროვნულადაც კი, იკამათო საკითხებზე, მაგრამ არ არის საჭირო ადამიანებს რაღაცები უძახო, არ უნდა გამოიჩინო უპატივცემულობა. მე ვცდილობ ასე მოვიქცე და ჩემი კოლეგების უმრავლესობაც კონგრესში. გვსურს ყველას ასეთი ქცევისკენ მოვუხმოთ.