კულტურა
პოლონეთში მაესტრო ნიკა ნიკვაშვილის და ბალტიკა ფილარმონიის ორკესტრის ერთობლივმა კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაიარა

1738082819

მსოფლიო კლასიკური შედევრებთან ერთად კონცერტის დასკვნითი ნაწილი კინომუსიკას დაეთმო, სადაც არაერთი ცნობილი თემა აჟღერდა ახლებური ინტერპრეტაციით.პოლონელი მაყურებლის განსაკუთრებული ოვაციები დაიმსახურა კონცერტის მესამე განყოფილებაში, ქართული ნაწარმოებების შესრულებამ, მათ შორის იყო ვაჟა აზარაშვილის, ნიკა ნიკვაშვილის "ხორუმი“ და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მიერ შექმნილი „ავე მარია“.მხურვალე აპლოდისმენტების ფონზე მუსიკოსებს რამდენჯერმე მოუწიათ ბისზე შესრულება."მოხარული ვარ, რომ კიდევ ერთხელ მომეცა შესაძლებლობა მემუშავა ბალტიკა ფილარმონიის მაღალპროფესიონალ ორკესტრთან ერთად, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელიც ჩვენდა საამაყოდ ცნობილი ქართველი დირიჟორი გოგი ჭიჭინაძეა. აღსანიშნავია, რომ ეს მუსიკალური პროექტი ასახავს დროში მოგზაურობას, რომლის პროგრამაში არჩეული ყველა მუსიკალური ნაწარმოები ჩემს მიერ არის ინტერპრეტირებული და ასევე ახლიდან გაორკესტრებული. განსაკუთრებით მაბედნიერებს ის ფაქტი, რომ ასეთი აღფრთოვანებით მიიღო უცხოელმა მსმენელმა ქართული ნაწარმოებები. არ შემიძლია ასევე არ აღვნიშნო ჩვენი სახელგანთქმული, უდიდესი სოპრანო იანო ალიბეგაშვილი, რომლის შესრულებაც ყოველ ჯერზე განსაკუთრებულ აღფრთოვანებას იწვევს მაყურებელში. მუსიკოსისთვის იმაზე დიდი პატივი, რომ წარმოადგინოს თავისი ქვეყნის კულტურა საზღვარგარეთ, არ არსებობს", - განაცხადა ნიკა ნიკვაშვილმა კონცერტის შემდეგ.მაესტრო ნიკა ნიკვაშვილის და გდანსკის ბალტიკა ფილარმონიის ორკესტრის კოლაბორაცია პირველად 2019 წელს შედგა. კონცერტმა ასევე დიდი წარმატებით ჩაიარა, რაც მომავალი კონცერტის დაგეგმვისა და პოლონეთის პუბლიკის მსგავსი მოლოდინის საფუძველი გახდა.

დოდო აბაშიძის საიუბილეო გამოფენის ნახვა ეროვნული არქივის ვებგვერდზეა შესაძლებელი

1737711281

ექსპოზიცია მოიცავს დოდო აბაშიძის თეატრალური და კინოროლების ამსახველ ფოტოებს, მის პორტრეტებსა და საოჯახო არქივში დაცულ სურათებს. ქართული მხატვრული ფილმების გადასაღები მოედნების მდიდარი ფოტოკოლექციიდან საგამოფენოდ 40-მდე ფილმის 120-ზე მეტი ფოტოა შერჩეული.დოდო აბაშიძის სამსახიობო კარიერა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში 1949 წელს დაიწყო. მან 7-წლიანი მოღვაწეობის განმავლობაში 20-ზე მეტ სპექტაკლში ითამაშა, მათ შორის, შეასრულა თავისი მამის, 1937 წლის რეპრესიებს შეწირული ცნობილი მსახიობის, ვანიკო აბაშიძის განსახიერებული როლები.დოდო აბაშიძეს 1954 წლიდან იღებდნენ კინოში. მხატვრულ ფილმებში განსახიერებული აქვს 50-ზე მეტი როლი, მათ შორისაა: ბიჭიკო („ჭრიჭინა”, 1954), აბდუშაჰილი („ბაში–აჩუკი“, 1956), დღვირა („თეთრი ქარავანი“, 1963), ომარ მარღანია („მაცი ხვიტია“, 1966), სოსანა („დიდი მწვანე ველი”, 1967), მამამზე ერისთავი („დიდოსტატის მარჯვენა“, 1969), ალექსანდრე („სინათლე ჩვენს ფანჯრებში”, 1969), პრისტავი („ვერის უბნის მელოდიები”, 1973), იასონი („პირველი მერცხალი”, 1975), პაპა გაბრიელი („მწვერვალი”, 1976), ვარლამი („რაჭა, ჩემი სიყვარული”, 1977), არქიფო სეთური („დათა თუთაშხია“, 1977), ყვარყვარე („ყვარყვარე”, 1978), გიორგი („ფესვები”, 1987) და სხვა.გამოფენა ხელმისაწვდომია ბმულზე: https://archive.gov.ge/ge/2024-1/dodo-abashidze-100-1

"თეატრი გადავიდა ახალ ფაზაში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შემოგვიერთდებიან სხვა თეატრებიც"

1737661905

მისივე თქმით, თეატრი აპირებს რეგიონებში ჩასვლას და მოქალაქეების მხარდაჭერას."გაუსაძლისია ეს სიჩუმე და სიყრუე, რომელიც მოდის პროკურატურიდგან, გაუსაძლისია ეს ამდენი ჯარიმები, ამდენი ხალხის დაკავება და უკვე აღარაფერს ვამბობ ანდროზე, რომელიც სახედ იქცა ამ ყველაფრის. უნდა გავერთიანდეთ ახალი ძალით, ძალიან მშვიდად, მშვიდობიანად გავაკეთოთ ჩვენი საქმე. აქამდე თეატრი იყო გაჩერებული, ჩვენი პროტესტის ფორმა გვქონდა. დღეს თეატრი გადავიდა ახალ ფაზაში, რაც იყო ჩვენი მანიფესტი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შემოგვიერთდებიან სხვა თეატრებიც. ისინი ჩვენზე ბევრად მაგრები არიან, ისეთი ახალგაზრდები მოდიან, რომ ცრემლები შეიძლება, წამოგივიდეთ. ნამდვილი პროტესტი ალბათ, მაგათგან უნდა ვისწავლოთ. მე მგონია, რომ ჩვენ გავუმაგრებთ ზურგს ახალგაზრდებს და გავიშლებით, ყველა რეგიონში მივალთ. თეატრის ძალა ეს არის - იყოს დღეს, აქ და ახლა", - განაცხადა დავით დოიაშვილმა.

14 იანვარს ქართული თეატრის დღე აღინიშნება

1736839409

ქართული პროფესიული თეატრი პოეტმა და დრამატურგმა გიორგი ერისთავმა დააარსა. თეატრის პროფესიული დღესასწაულის აღნიშვნა 1850 წლის 14 იანვარს მის მიერ დადგმულ სპექტაკლ - "გაყრას“ უკავშირდება.1850 წელს დრამატურგ გიორგი ერისთავის აქტიური მონაწილეობით აღორძინდა ქართული თეატრი, რომელსაც მდიდარი სცენური ტრადიციები ჰქონდა. აღორძინების პირველივე დღეებიდან ქართული თეატრი რეალისტური ხელოვნების გზას დაადგა. მის სცენაზე დაიწყო ერისთავისა და ანტონოვის უპირატესად კომედიური ჟანრის პიესების დადგმა.ქართული სასცენო ხელოვნების ახალი, ძლიერი ნაყოფიერი პერიოდი კი 1879 წელს დაიწყო, როდესაც თბილისში მოწინავე საზოგადო მოღვაწეების ჯგუფმა ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთლის ხელმძღვანელობით ქართული პროფესიული დრამატული თეატრის გახსნას მიაღწია.

პაპაშვილის დაარსებული პრემიის ლაურეატი მსახიობები ჯილდოებს უკან აბრუნებენ

1736428178

პრემია "დურუჯის" ლაურეატების თქმით, ლაშა პაპაშვილის მიერ დაარსებული პრემია დურუჯი წლების განმავლობაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კულტურული ღონისძიება იყო და აღნიშნავდა სეზონის საუკეთესო თეატრალურ ნამუშევრებს, თუმცა აღნიშნავენ, რომ მისმა "მოძალადე რეჟიმის გამამართლებელმა განცხადებებმა სრულად გამოაცალა პრემიას ყველა ღირსება".მათივე თქმით, უკან აბრუნებენ ჯილდოებს, რომლებიც პრემია დურუჯის ფარგლებში ამ წლების განმავლობაში მათ ნამუშევრებს მიენიჭათ."ჩვენ მოვისმინეთ 30 დეკემბერს, BMG-ს ეთერში გასული თქვენი ინტერვიუ, რომელიც სავსეა აზრსა და სიმართლეს მოკლებული განცხადებებით. თქვენ აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდებთ, ხოლო ოლიგარქ ივანიშვილს აცხადებთ ისტორიულ ფიგურად და ამბობთ, რომ მან ქვეყანას ომი აარიდა. სინამდვილეში ოლიგარქმა ომი გამოუცხადა ქართულ საზოგადოებას, მათ შორის ქართული თეატრს და იმ ხელოვანებს, რომელთა უმრავლესობაც თქვენ მიერ დაარსებული პრემია „დურუჯის“ ლაურეატია.დამოუკიდებელი თეატრალური პრემია „დურუჯი“ თქვენი ინიციატივით იმართებოდა წლების განმავლობაში, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კულტურული ღონისძიება იყო და აღნიშნავდა სეზონის საუკეთესო თეატრალურ ნამუშევრებს, რომლებიც გამოირჩეოდნენ მწვავე სოციალური თემატიკით, ფორმისეული სიახლითა და პოლიტიკური გამბედაობით. ამ პრესტიჟული პრემიის მიღება საპატიო და სასიხარულო იყო ჩვენთვის, თქვენ კი დამოუკიდებელი და თავისუფალი სახელოვნებო პროცესის მხარდამჭერად წარმოგაჩენდათ, სწორედ იმ ხელოვნების, რომლის ავტორებსაც სასტიკად გაუსწორდნენ, უკანონოდ დააკავეს, დაემუქრნენ სამსახურიდან გაშვებით და შეულახეს ღირსება. ჩვენი ორი კოლეგა ახლაც პატიმრობაშია და განაჩენს ელოდება.მოძალადე რეჟიმის გამამართლებელმა თქვენმა განცხადებებმა სრულად გამოაცალა პრემიას ყველა ღირსება. ჩვენ სამარცხვინოდ მიგვაჩნია რაიმე კავშირის ქონა ყველა იმ პირთან, რომელიც მხარს უჭერს ძალადობას და არ იცავს ქართველი ხალხის ინტერესს. ამიტომ საჭიროდ ვთვლით, უკან დაგიბრუნოთ ის ჯილდოები, რომლებიც ამ წლების განმავლობაში ჩვენს ნამუშევრებს მიანიჭეთ.პრემია „დურუჯის“ ლაურეატების უმრავლესობა ამჟამად გაფიცულია.ქანდაკების გარდა, პრემია გულისხმობდა ფულად ჯილდოს, რომლის ეკვივალენტსაც ახლა ვაგროვებთ, რათა გადავრიცხოთ გაფიცული კოლეგების დახმარების ფონდში.საქართველოს მომავალი ევროპაშია!არა მოძალადე რეჟიმს!მოვითხოვთ ახალ, სამართლიან არჩევნებს!თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს!", - აცხადებენ პრემია დურუჯის ლაურეატები. 

როტერდამის კინოფესტივალზე "სხვისი შვილების" აღდგენილი ვერსიის მსოფლიო პრემიერა გაიმართება

1734448380

კინოფესტივალი 2025 წლის 30 იანვრიდან 9 თებერვლის ჩათვლით ჩატარდება.ქართული კინოშედევრის ჩვენება ფესტივალის ერთ-ერთი სექციის - Cinema Regained-ის ფარგლებში მოეწყობა.ფილმის რესტავრირებული ვერსია 2023 წელს საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით შეიქმნა.

ოპერისა და ბალეტის თეატრში ოთარ თაქთაქიშვილის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა

1729330484

კონცერტში მონაწილეობა მიიღეს ოპერის თეატრის სოლისტებმა, გუნდმა, ორკესტრმა და ანსამბლმა „რუსთავმა“. კონცერტზე შესრულდა ფრაგმენტები ოთარ თაქთაქიშვილის სხვადასხვა ნაწარმოებიდან. ოპერის თეატრის ცისფერ დარბაზში მოეწყო გამოფენა და საზოგადოებას საშუალება მიეცა, ენახა ოთარ თაქთაქიშვილის ფოტოები, მისი სპექტაკლების აფიშები.ოთარ თაქთაქიშვილი დაიბადა მდიდარი მუსიკალური ტრადიციების მქონე ოჯახში. ბავშვობიდანვე სწავლობდა ფორტეპიანოზე დაკვრას, მღეროდა სკოლის მოსწავლეთა გუნდში. თავიდან პიანისტობა უნდოდა და ამ მიზნით შევიდა პირველ მუსიკალურ სასწავლებელში. მომავალ კომპოზიტორს დიდი სარგებლობა მოუტანა მოსწავლეთა ორკესტრის წევრობამაც.1942 წელს ოთარ თაქთაქიშვილი შედის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში კომპოზიციის ფაკულტეტზე და მეცადინეობს პროფესორ სერგო ბარხუდარიანთან. ამ პერიოდში მას შექმნილი ჰქონდა ორი სიმებიანი და ერთი საფორტეპიანო ტრიო, სავიოლინო სონატა, საფორტეპიანო პიესები. 22 წლის ახალგაზრდამ საქართველოს ჰიმნის შექმნისათვის გამართულ დახურულ კონკურსში მიიღო მონაწილეობა და გაიმარჯვა.1951-1952 წლებში იგი აწყობს საკონცერტო ტურნეს საზღვარგარეთ, სადაც დირიჟორობს საკუთარ ნაწარმოებებს.1961 წელს ოთარ თაქთაქიშვილს მიენიჭა საქართველოს სახალხო არტისტის წოდება. სულითა და ხორცით ქართველმა კომპოზიტორმა დიდი როლი შეასრულა ეროვნული ოპერის კლასიკური ტრადიციების დამკვიდრებაში.კომპოზიტორი, დირიჟორი და პედაგოგი ოთარ თაქთაქიშვილი 22 წელი სახელმწიფო სამსახურში იყო. თბილისის კონსერვატორიის სამწლიანი რექტორობის შემდეგ, 1965 წლიდან, კულტურის მინისტრი გახდა და მის სახელს უკავშირდება იმ პერიოდში მომხდარი არაერთი მნიშვნელოვანი მოვლენა. ის იყო კულტურის მინისტრი, რომელმაც საბჭოთა და საზღვარგარეთის ქვეყნების მსმენელისთვის ქართული ხელოვნების გაცნობა ყველაზე უკეთ შეძლო.

დოდო აბაშიძის საიუბილეო გამოფენას ახალი ექსპონატები შეემატა

1729246097

დოდო  აბაშიძის საოჯახო  არქივი მსახიობის  შვილმა ზაზა  აბაშიძემ ეროვნულ  არქივს გამოფენის  გახსნისას, 2024 წლის 20  სექტემბერს გადასცა.  მასალიდან საექსპოზიციოდ  შეირჩა დოდო  აბაშიძის წერილები  და პირადი ჩანაწერები, დოკუმენტები  მისი დაჯილდოების  შესახებ, ფოტოები  და საგაზეთო  პუბლიკაციები.გამოფენაზე ასევე წარმოდგენილია  დოდო აბაშიძის  თეატრალური და  კინოროლების ამსახველი  ფოტოები, პორტრეტები,  ფილმების აფიშები.ექსპოზიცია 2024 წლის  ნოემბრის ბოლომდე  გაგრძელდება. დათვალიერება თავისუფალია. 

ეროვნული გალერეა - ხელოვნების ნიმუშებს, მათ შორის ფიროსმანის ნამუშევრებს, საფრთხე არ ემუქრება

1723574721

"გვსურს, გამოვეხმაუროთ რამდენიმე მედიასაშუალებით გავრცელებულ ზედაპირულ ცნობებს, თითქოს დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში აღმოჩენილი მწერების გამო, ფიროსმანისა და სხვა ხელოვანთა ნამუშევრებს საფრთხე ემუქრება.საზოგადოებისთვის განვმარტავთ, რომ დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში დროებითი ექსპოზიციისას გარედან შემოტანილ რამდენიმე ექსპონატზე აღმოჩნდა მწერები. გალერეის ადმინისტრაციამ დაუყოვნებლივ გაატარა შესაბამისი ღონისძიებები - საგამოფენო სივრციდან მოიხსნა ნამუშევრები და ჩატარდა სანიტარიული წმენდა.აქედან გამომდინარე, საგამოფენო დარბაზებსა და საცავებში წარმოდგენილ ხელოვნების ნიმუშებს, მათ შორის ფიროსმანის ნამუშევრებს, საფრთხე არ ემუქრება.ეროვნული გალერეა დამთვალიერებლებს 16 აგვისტოდან ჩვეული განრიგით უმასპინძლებს და დამთვალიერებელი იხილავს სიურრეალისტი მხატვრის, ნინო ლორთქიფანიძის, მასშტაბურ რეტროსპექტულ გამოფენას", - აღნიშნულია განცხადებაში.

ნანი ბრეგვაძის არქივი საქართველოს ეროვნულ არქივს გადაეცა

1723199140

დოკუმენტებს შორის არის მაგნიტურ ფირებზე, გრამფირფიტებს და აუდიოკასეტებზე ჩაწერილი რომანსები და საესტრადო სიმღერები ნანი ბრეგვაძის, ვახტანგ კიკაბიძის, გოგი დოლიძის, ეკა მამალაძის, ასევე ანსამბლების - „ორერასა“ და „მელოდიას“ - შესრულებით. აქვეა  ნანი ბრეგვაძის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი 400-მდე ფოტო, საკონცერტო აფიშები და პროგრამები, წერილები და სხვა დოკუმენტები."საქართველოს ეროვნული არქივის მდიდარი აუდიო და ფოტოკოლექციებისთვის ნანი ბრეგვაძის საოჯახო არქივი მნიშვნელოვანი შენაძენია. საარქივო წესით დამუშავების შემდეგ დოკუმენტები დაინტერესებული პირებისთვის ეროვნული არქივის მკვლევართა დარბაზების მეშვეობით იქნება ხელმისაწვდომი", - აღნიშნავენ ეროვნულ არქივში.