კიევში ვიზიტის დროს გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ვლადიმერ პუტინს მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმები და დაასრულოს ომი უკრაინის წინააღმდეგ.

კიევში, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დანგრეული შენობის მახლობლად ყოფნისას გერმანიის კანცლერმა პუტინს საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისა და მოლაპარაკებებზე გადასვლისკენ მოუწოდა.

"ბატონო პუტინო, შეწყვიტეთ ეს სულელური ომი! ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, მზად ვართ ერთმანეთთან ვისაუბროთ ამ ომის დასრულების შესახებ, თუმცა უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაზე ეს ბარბაროსული თავდასხმები უნდა შეწყდეს“, - განაცხადა მერცმა.

გერმანიის კანცლერის თქმით, ნებისმიერი მოლაპარაკება შესაძლებელია მხოლოდ მისი შეწყვეტის შემდეგ და ასევე, რუსეთის სისტემატურ თავდასხმებს უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის სამიზნეებს და ინფრასტრუქტურაზე ომის დანაშაულად უწოდა.

ფრიდრიხ მერცი მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად ესტუმრა. აკადემიის შენობას რუსულმა დრონმა დაარტყა. ხანძრის შედეგად ისტორიული შენობის ორი სართული მთლიანად განადგურდა. თავდასხმის შედეგად ერთი ქალი დაიღუპა, ექვსი ადამიანი კი დაშავდა.

ვიზიტი თავდასხმების მუდმივი საფრთხის ფონზე განხორციელდა. გერმანული დელეგაციის ქალაქში ყოფნის დროს, მტრის დრონების საფრთხის გამო, საჰაერო განგაშის სიგნალი არაერთხელ გაისმა.

გერმანიის კანცლერმა ყურადღება გაამახვილა, რომ რუსეთი ზამთრის სეზონის წინ უკრაინის ინფრასტრუქტურაზე ყოველდღიურ დარტყმებს ახორციელებს. მისივე თქმით,  ასეთი ქმედებები მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგაა მიმართული, რის გამოც გერმანია კვლავაც მოითხოვს რუსული აგრესიის დაუყოვნებლივ შეწყვეტას.

4 ოქტომბერს, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა. ეს მისი პირველი ვიზიტი იყო უკრაინის დედაქალაქში გერმანიის მთავრობის მეთაურის რანგში. ვიზიტის დროს პოლიტიკოსმა დაათვალიერა რუსული დაბომბვის შედეგები და შეხვდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის. მედიის ცნობით, გერმანიის კანცლერის ვიზიტის მთავარი მიზანი იყო მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტის განხილვა და იარაღის წარმოების გაფართოება, მათ შორის დრონების წარმოების შესახებ ერთობლივი შეთანხმების მიღწევა.