რუსეთის ტყვეობაში უკრაინელი ჟურნალისტის ვიქტორია როშჩინას მკვლელობა მსოფლიოსგან რეაქციას მოითხოვს. ეს რუსების მხრიდან ბარბაროსობის გამოვლინებაა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანი გეორგი ტიხი წერს.

ტიხიმ კომენტარი გააკეთა როშჩინას მკვლელობის გამოძიებაზე, რომელიც ორგანიზაცია Forbidden Stories-ის მიერ იქნა ჩატარებული.

„მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, რეაგირება მოახდინოს ამ გამოძიების შედეგებზე, რომელიც ავლენს სისტემურ ომის დანაშაულებს, ადამიანის უფლებების დარღვევებს, გატაცებებს, წამებას და მკვლელობებს უკრაინის ტერიტორიებზე, რომლებიც დროებით ოკუპირებულია რუსეთის მიერ“, - წერს ის.

მან რეაგირების თხოვნით მიმართა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს, გაეროს ადამიანის უფლებათა მონიტორინგის მისიას უკრაინაში, იუნესკოს, ეუთოს, ევროპის საბჭოს და ადამიანის უფლებათა დამცველ რიგ ორგანიზაციებს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, როშჩინას გამბედაობა და ჟურნალისტიკისადმი ერთგულება, მისი გულწრფელი ზრუნვა ადამიანის სიცოცხლის მიმართ განსაკუთრებული იყო.

"ეს ერთობლივი ჟურნალისტური გამოძიება ხაზს უსვამს მის გმირობას და რუსების მიერ მისი მკვლელობის ბარბაროსობას და ასევე აფართოებს მის ძალისხმევას რუსეთის მიერ დაკავებული ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის საშინელი ბედის გამოსავლენად“, - წერს ის.

ტიხიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთში ტყვეობაში მყოფი მშვიდობიანი მოსახლეობის საკითხი მოითხოვს გაზრდილ ყურადღებას და დაუყოვნებლივ, გადამწყვეტ რეაგირებას.

"რადგან ის, რასაც ახლა ვხედავთ, სავარაუდოდ, ბოლო დროს მშვიდობიანი მოსახლეობის გატაცების ყველაზე მასშტაბური სახელმწიფო ოპერაციაა. ეს უნდა იყოს დაგმობილი და დასჯილი. ამ საშინელი სისასტიკისთვის პასუხისმგებელი რუსი დამნაშავეები უნდა წარდგნენ სამართლიანობის წინაშე“, - წერს უკრაინის საგარეო უწყების წარმომადგენელი.

24 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ჟურნალისტ ვიქტორია როშჩინას ცხედარი უკრაინაში დააბრუნეს. ის რუსულ ტყვეობაში მოკლეს. მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერ კიდევ არ არის დადგენილი.

დღეს "უკრაინსკაია პრავდამ“ და Forbidden Stories-მა გამოაქვეყნეს გამოძიება ჟურნალისტის გარდაცვალების შესახებ. ცნობილია, რომ ცხედარი ზოგიერთი შინაგანი ორგანოს გარეშე დააბრუნეს.