უკრაინა არასოდეს აღიარებს ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ტერიტორიებად, თუნდაც მისი ყველა მოკავშირე ამის მომხრე იყოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ზელენსკიმ ჟურნალისტის კითხვას, მისაღები იქნება თუ არა კიევისთვის შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონტროლს შეინარჩუნებს, უპასუხა, რომ უკრაინა არასოდეს აღიარებს ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ტერიტორიებად, თუნდაც მისი ყველა მოკავშირე ამის მომხრე იყოს.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თავად პუტინს ჯერჯერობით არ ესმის, როგორ გამოვიდეს ამ ომიდან, ამიტომ "აშშ-მა და ევროპამ მასზე ზეწოლა უნდა განახორციელონ“. ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ ურჩევს პუტინთან მოლაპარაკებების დაწყებას კითხვით, თუ რა სურს და რას სთავაზობს თავად ის.

"პუტინმა ყველაფერი დაარღვია, ის არის დამნაშავე. მან უნდა იცოდეს, რა დააშავა, რა დაარღვია, სად დაუშვა შეცდომა და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მასთან საუბარი. თქვენ რომ დაელაპარაკოთ ისე, როგორც თანასწორს, ეს იქნება მარცხი უკრაინისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.