უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა რუსტემ უმეროვმა აშშ-ის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების ახალი რაუნდის დაწყების შესახებ განაცხადა. მოლაპარაკებები აშშ-ის ქალაქ მაიამიში იმართება.

უმეროვის განცხადებიდან ირკვევა, რომ მასთან ერთად უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალი ანდრეი გნატოვი იმყოფება.

"ეს ჩვენი მესამე დღეა შეერთებულ შტატებში. დღეს, გენერალ-ლეიტენანტ ანდრეი გნატოვთან ერთად, ამერიკულ მხარესთან კიდევ ერთი შეხვედრა გვექნება. ჩვენ კონსტრუქციულად და კონკრეტულად ვმუშაობთ. ჩვენ ველოდებით შემდგომ პროგრესს და პრაქტიკულ შედეგებს“, - განაცხადა უმეროვმა.

მაიამიში მოლაპარაკებების წინა რაუნდი 19 დეკემბერს გაიმართა. აშშ-ისა და უკრაინის წარმომადგენლების გარდა, მას ევროპელი პარტნიორებიც ესწრებოდნენ. ამ მოლაპარაკებების წინა დღეს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ შეხვედრაზე განიხილებოდა აშშ-ის 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა, უსაფრთხოების გარანტიები და უკრაინის აღდგენის შეთანხმება.

19 დეკემბრის შეხვედრის შემდეგ, უმეროვმა განაცხადა, რომ მისი შედეგების შემდეგ, უკრაინა და აშშ შეთანხმდნენ შემდეგ ნაბიჯებზე და გააგრძელებენ ერთობლივ მუშაობას უახლოეს მომავალში.

უკრაინა-აშშ-ის მოლაპარაკებების გამო ვლადიმერ პუტინის ე.წ. „სპეციალური წარმომადგენელი“ კირილ დმიტრიევი, სასწრაფოდ მაიამიში გაფრინდა. მას ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელთან სტივ უიტკოფთან და აშშ-ის პრეზიდენტის სიძესთან ჯარედ კუშნერთან შეხვედრა ჰქონდა დაგეგმილი.