დღეს ჩვენ არ გვაქვს კავშირები საქართველოს მთავრობასთან, მე ვფიქრობ, ეს ძალიან დასანანია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბუდაპეშტში "მთავარ არხთან" განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინა ძალიან მადლიერია ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის.

"საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობას სჭირდება უფრო მეტი, ვიდრე 5 წუთი და მართლაც მრავალი წელი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გვექნება ძალიან ძლიერი ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის. გვქონდა და გვექნება. ჩვენი ხალხი ძალიან მადლიერია ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის ამ სრულმასშტაბიანი ომის დროს და ჩვენც ყოველთვის მხარს ვუჭერდით თქვენს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის ვიყავით რუსეთის საქართველოში შეჭრის წინააღმდეგი. დღეს ჩვენ არ გვაქვს კავშირები საქართველოს მთავრობასთან. მე ვფიქრობ, ეს ძალიან დასანანია", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის ლიდერმა 26 ოქტომბრის არჩევნებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ რუსეთს არ უნდა ჰქონდეს გავლენა საქართველოს არჩევნებზე და ქართველმა ხალხმა თვითონ უნდა აირჩიოს ხელისუფლება

"ეს ძალიან დიდი პრობლემაა, ვფიქრობ, რომ ქართველმა ხალხმა თვითონ უნდა აირჩიოს ხელისუფლება, რუსეთს არ უნდა ჰქონდეს ამაზე გავლენა", - აღნიშნა მან.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ პაუზის მიუხედავად საქართველო მოახერხებს ევროკავშირის გზაზე წინსვლას.

"ქართველები ძალიან კარგი ხალხია, მე თქვენ ძალიან მიყვარხართ, ვიცი, რომ თქვენ დიდი პაუზა გაქვთ ევროკავშირის გზაზე, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ იქ მოხვდებით. თქვენ გაიმარჯვებთ", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.