რუსმა დიქტატორმა ვლადიმერ პუტინმა დღეს დაადასტურა, რომ სურს მომავალი წელი ომის წლად აქციოს, შეერთებულმა შტატებმა ყურადღება უნდა მიაქციოს და უპასუხოს დიქტატორს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

"დღეს მოსკოვისგან კიდევ უფრო მეტი სიგნალი მოვისმინეთ, რომ ისინი ემზადებიან მომავალი წლის ომის წლად გადასაქცევად. და ეს სიგნალები მხოლოდ ჩვენთვის არ არის. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა პარტნიორებმა ეს დაინახონ და მნიშვნელოვანია, რომ მათ არა მხოლოდ დაინახონ ეს, არამედ უპასუხონ კიდეც, განსაკუთრებით ჩვენმა პარტნიორებმა შეერთებულ შტატებში, რომლებიც ხშირად ამბობენ, რომ თითქოს რუსეთს ომის დასრულება სურს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, რუსეთის დამოკიდებულება უნდა იყოს აღიარებული და მასზე რეაგირება უნდა მოხდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსები დიპლომატიას ძირს გამოუთხრიან და სხვადასხვა დიპლომატიური ფორმულირებით და დოკუმენტების ამა თუ იმ პუნქტზე ზეწოლით შეეცდებიან „დაფარონ უკრაინისა და უკრაინელების განადგურების სურვილი“.

"ასევე, ევროპაში არიან სხვა ქვეყნები, რომლებიც რუსეთში ვიღაცამ შეიძლება ოდესმე თავის ე.წ. „ისტორიულ მიწებად“ მიიჩნიოს. ჩვენ გვჭირდება რეალური დაცვა ამ რუსული სიგიჟისგან და ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენს ყველა პარტნიორთან, რათა უზრუნველვყოთ, რომ ასეთი დაცვა ნამდვილად არსებობდეს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ მოუწოდა პარტნიორებს, მიიღონ კონკრეტული გადაწყვეტილებები უსაფრთხოებასთან, ფინანსებთან, მათ შორის რუსულ აქტივებთან და პოლიტიკურ ზომებთან დაკავშირებით.

"და ჩვენ გვჭირდება ჩვენი ყველა პარტნიორის გამბედაობა, რომ დაინახონ სიმართლე, აღიარონ სიმართლე და შესაბამისად იმოქმედონ. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მხარს უჭერს უკრაინას და მის ძალისხმევას ამ გზით უსაფრთხოების მისაღწევად“, - განაცხადა ზელენსკიმ.

17 დეკემბერს პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი "მიაღწევს მიზნებს", მისი თქმით, თუ "კონფლიქტის ძირითადი მიზეზები“ დიპლომატიის გზით არ მოგვარდება, რუსეთი „თავისი ისტორიული მიწების განთავისუფლებას სამხედრო გზით მიაღწევს“.