როდესაც სამხრეთში შემცირდება რუსეთის გავლენა, შესაძლოა, რუსეთმა კიდევ უფრო აქტიურად სცადოს თბილისზე და "ქართულ ოცნებაზე" გავლენის გაზრდა, -  ამის შესახებ "რეალპოლიტიკის" მკვლევარმა გიორგი ლოლაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სომხეთ-აზერბაიჯანის შეთანხმების მიღწევაში საქართველოს დიდი როლი არ უთამაშია.

"სომხეთ-აზერბაიჯანის შეთანხმების მიღწევაში საქართველოს დიდი როლი არ უთამაშია, მხოლოდ მინისტრების მოადგილეების დონეზე იყო რამდენიმე შეხვედრა, როცა ტყვეების გაცვლაზე შეთანხმდნენ სომხეთი და აზერბაიჯანი. ქართული დიპლომატიისა და ჩვენი საელჩოს წარმატება იქნებოდა იქ ისე ემუშავათ, რომ პრეზიდენტ ტრამპს დაეფიქსირებინა საქართველოს შესახებ განცხადება და მინიმუმ, ზოგადად მაინც ეხსენებინათ. 

აღსანიშნავია, რომ 2020 წელს, როდესაც 44-დღიანი ომი დასრულდა, იმ შეთანხმებაში, რომელიც მოსკოვის შუამავლობით გაფორმდა, წესით, ზანგეზურზე "ეფესბე" უნდა ჩამდგარიყო, ეს ორი შეთანხმება - 2020-ის და 2025-ის არის კონტრასტი იმისა, თუ როგორია ამერიკის შუამავლობით მიღწეული მშვიდობა და როგორია რუსეთის.

რაც შეეხება რუსეთს, როდესაც სამხრეთში შემცირდება რუსეთის გავლენა, შესაძლოა, რუსეთმა კიდევ უფრო აქტიურად სცადოს თბილისზე და "ქართულ ოცნებაზე" გავლენის გაზრდა იმიტომ, რომ ბაქოში დასრულებულია მისი გავლენები და ერევანიც ამ გზაზე დგას, ამიტომ ქართველი ხალხის როლი კიდევ უფრო იზრდება ამ საერთო გეოპოლიტიკურ პროცესებში და იმაში, რომ საქართველო არ აღმოჩნდეს გავლენის სფეროში იმ ყოფილი იმპერიისა და ცენტრის, რომლის ნაწილიც იყო რამდენიმე საუკუნის განმავლობაში", - განაცხადა გიორგი ლოლაძემ.