საპარლამენტო ოპოზიცია 16-17 აპრილის აქციებზე პოლიციის მხრიდან ძალადობის ყველა შემთხვევაზე რეაგირებას მოითხოვს. 

"ბოლო დღეების განმავლობაში პოლიტიკოსებთან დაკავშირებით რაც ხდება, ეს არის პოლიტიკური შურისძიების კლასიკური მაგალითი. უმძიმესი დანაშაულია, რაც პოლიციელებმა ალეკო ელისაშვილს გაუკეთეს. ხელისუფლება პოლიტიკურ შურისძიებაზე გადავიდა. პოლიციელი ნებისმიერ ადამიანს უნდა იცავდეს და ის გადავიდა პოლიტიკურ შურისძიებაზე. ამიტომ, მკაცრად მოვითხოვთ, დასჯილი იყოს ყველა პოლიციელი. ვახტანგ გომელაურმა ხვალ გაგვცეს პასუხი – რა სახის პასუხისმგებლობას გრძნობს იმის გამო, რომ მისი თანამშრომლები უმძიმეს დანაშაულებს სჩადიან“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

სალომე სამადაშვილის განცხადებით, რუსულმა ხელისუფლებამ პოლიტიკური ძალადობა ნორმად გახადა.

"რუსეთში ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს არა მხოლოდ სცემენ, არამედ კლავენ კიდეც. თუ ბიძინა ივანიშვილს ჰგონია, რომ ამ ქვეყანაში იმავე გზას დაადგება და ვინმეს შეეშინდება, ძალიან შემცდარა. ნაცემია „ლელოს“ გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე, რომელიც ახლაც პატიმრობაშია. ტარიელ ნაკაიძეზე თავდასხმა ყველას გვახსოვს. რას ცვლის პაპუაშვილი და რუსული უმრავლესობის სხვა წევრები, თავად დაუსჯელად შეუძლიათ, თავს დაესხან ოპოზიციონერებს, თავად ბიძინა ივანიშვილს დაქირავებული ჰყავს პოლიციური უწყებები, რომ ოპოზიციონერ დეპუტატებს ფიზიკურად გაუსწორდნენ? არავის ეშინია. ძალადობის ყველა შემთხვევაზე რეაგირებას ვითხოვთ, მათ შორის ალეკო ელისაშვილზე გუშინ სამარცხვინოდ განხორციელებულ თავდასხმაზე“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

თინა ბოკუჩავას განცხადებით, პოლიციამ ელისაშვილზე შური იძია.

"ივანიშვილის პირობებში ქართული პოლიცია გადაიქცა სადამსჯელო ჯგუფად, რომელმაც შური იძია ელისაშვილის წინააღმდეგ. ეს არის პოლიტიკური თავდასხმა, ანგარიშსწორება, რისთვისაც ივანიშვილი იყენებს სახელმწიფო უწყებებს", - განაცხადა ბოკუჩავამ.