ვუერთდებით ჩვენს ევროპელ მოკავშირეებს და მოვუწოდებთ საქართველოს, არ მიიღოს კანონმდებლობა, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის სურვილს ევროკავშირში სრული ინტეგრაციის შესახებ, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მეთიუ მილერის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

მეთიუ მილერის განცხადებით, როგორც ევროკავშირმა განაცხადა, ამ კანონის მიღებამ, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას საქართველოს პროგრესს ევროკავშირის გზაზე.

"ღრმად ვართ იმედგაცრუებული საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით კრემლით შთაგონებული "უცხოური გავლენის" შესახებ კანონპროექტის წინ წაწევით. როგორც ევროკავშირმა განაცხადა, ამ კანონის მიღებამ შეიძლება დააზიანოს საქართველოს პროგრესი ევროკავშირის გზაზე.

ჩვენ ვუერთდებით ჩვენს ევროპელ მოკავშირეებს და მოვუწოდებთ საქართველოს არ მიიღოს კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის სურვილს - ევროკავშირში სრული ინტეგრაციის მისწრაფებას.

საქართველოს ჰყავს აქტიური სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ემსახურება თავის მოქალაქეებს და მუშაობს საქართველოს ეკონომიკის გასაუმჯობესებლად. მიღების შემთხვევაში შემოთავაზებულმა კანონმა შეიძლება შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება, სტიგმატიზება მოახდინოს ორგანიზაციებს, რომლებიც ამ სარგებელს აწვდიან საქართველოს მოქალაქეებს და შეაფერხოს დამოუკიდებელი მედია ორგანიზაციები, რომლებიც მუშაობენ ქართველებისთვის მაღალი ხარისხის ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე.

კრემლის მიერ შთაგონებული ასეთი კანონმდებლობა არ არის მიზანშეწონილი, თუ მიზანი გამჭვირვალობის ხელშეწყობაა. მოვუწოდებთ ყველა მხარეს დაიცვან მშვიდობიანი შეკრების უფლება“, – აღნიშნულია განცხადებაში.