გადატრიალება არის ის, რასაც თქვენ სჩადიხართ სახელმწიფოს წინაშე, საქართველოს წინაშე, ის, რასაც აკეთებთ თქვენ და ქვეყნის კურსის ცვლილებით ხართ დაკავებულები და რუსეთთან მიკედლებით, სწორედ ეს არის გადატრიალება, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა გიორგი ბოტკოველმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. 

"როგორც კი თქვენ კორუფციისგან გამთბარ სკამებს საფრთხე მიადგება, მაშინვე იწყებთ არეულობის და გადატრიალების დაანონსებას. გადატრიალება არის ის, რასაც თქვენ სჩადიხართ სახელმწიფოს წინაშე, საქართველოს წინაშე, ის, რასაც აკეთებთ თქვენ და ქვეყნის კურსის ცვლილებით ხართ დაკავებულები და რუსეთთან მიკედლებით, სწორედ ეს არის გადატრიალება. რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ ებრძვით ქართველ ცოცხალ გმირებს, მიხეილ ბატურინი მძიმედ იყო დაჭრილი, სიკვდილს ძლივს გადაურჩა და მას გადატრიალებას აბრალებთ, გია ლორთქიფანიძე, რომელიც არის ჩვენი სახელმწიფოს და უკრაინის ცოცხალი გმირი და ებრძვის რუსეთს, ასევე მამუკა მამულაშვილს, ადამიანებს, რომლებიც იცავენ საქართველოს ინტერესებს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ფარცხალაძის დასანქცირების შემდეგ სამი დღე ხმას ვერ გაღებინებდათ ვერავინ, შემდეგ დაიწყეთ დაცვა, კი, რა თქმა უნდა, ივანიშვილი დაგავალებთ ფარცხალაძის დაცვას, იმიტომ რომ ფარცხალაძე იყო ვინც თქვენი სანუკვარი ოცნება აახდინა და ბრალი წაუყენა მიხეილ სააკაშვილს, ბრალი წაუყენა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ ქვეყნის სახელმწიფოებრიობა შექმნა“, - განაცხადა ბოტკოველმა.

მისივე თქმით, ამ ყველაფრით "ქართული ოცნება" ქვეყანაში არსებული პრობლემების გადაფარვას ცდილობს, მათ შორის იმ პრობლემების, რომელიც გლეხებს აქვთ.