ჩვენთვის ბრძოლის გაგრძელებაა მთავარი, ადამიანების მობილიზება, კორუფციის მხილება, რეჟიმის მსხვერპლთა გვერდში დგომაა მთავარი. ამ გადაწყვეტილების შემდგომ პოლიტიკური ლანდშაფტი არ იცვლება, -  ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" კოლეგიალური მმართველობის ორგანოს ხელმძღვანელმა ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, წინააღმდეგობით უნდა მიიღწიოს ის, რომ პოლიტიკა დაბრუნდეს.

"ჩვენთვის ბრძოლის გაგრძელებაა მთავარი, ადამიანების მობილიზება, კორუფციის მხილება, რეჟიმის მსხვერპლთა გვერდში დგომაა მთავარი.

ამ გადაწყვეტილების შემდგომ პოლიტიკური ლანდშაფტი არ იცვლება. 2018 წელს რომ მომხდარიყო, მაშინ ეს პოლიტიკურ ლანდშაფტს შეცვლიდა, არც იზოლირებული და არც სანქცირებული იყო ქვეყანა. სახელმწიფო დაფინანსება არსებობდა, პარლამენტსა და საკრებულოებში პოლიტიკური ცხოვრება იყო. ახლა ვართ პირობებში, როცა ყველა ლიდერი ციხეშია და საქმეებია აღძრული, პარტიების წევრები ციხეში არიან, დემოკრატიული პროცესი არსად მიმდინარეობს, რადგან ყველა სფერო მიტაცებულია. პარტიების აკრძალვა საერთაშორისო მასშტაბით ქვეყნის ოფიციალური დახურვა იქნება. ამ გადაწყვეტილებით კრძალავენ ჩვენს მომხრეებს, ეს ცინიზმია. წინააღმდეგობით უნდა მივაღწიოთ იმას, რომ პოლიტიკა დაბრუნდეს“, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.