ქუთაისის საკრებულოში ფრაქცია სახელწოდებით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" აღარ არსებობს.

მას შემდეგ, რაც პარტია დეპუტატების უმრავლესობამ დატოვა, მათ კანონის შესაბამისად გადაწყვიტეს რომ ფრაქციისთვის სახელი შეეცვალათ და მას "პროგრესი" დაარქვეს.

მისი წევრები ნიკა გვარამიასა და ნიკა მელიას პარტია "ახალს" უერთდებიან.

"პროგრესის" წევრები აცხადებენ, რომ ახლა ისინი ახალი იდეებით შეუდგებიან მუშაობას.

"ამ დროისათვის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" გაუქმდა საკრებულოში, დაარსდა ახალი პლატფორმა, რომელსაც შეუერთდნენ ის ადამიანები, რომლებიც იყვნენ "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში". ფრაქცია ჩვეულებრივ აგრძელებს  საქმიანობას, ის შეუერთდა ნიკა მელიას და ნიკა გვარამიას, მათ პარტია "ახალს" ახალი იდეებით, ახალი მოძრაობით, ახალი სულისკვეთებით. ვიმუშავებთ საქართველოსთვის, ქუთაისისთვის. ეს ფრაქცია იქნება ყველა იმ ადამიანისთვის, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია ის ღირებულებები და ფასეულობები, რასაც ჰქვია საქართველო და საქართველო ოლიგარქიის გარეშე", - განაცხადა ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "პროგრესის" წევრმა გიორგი კილაძემ.

პარტია "ნაციონალურ მოძრაობაში" დარჩენილები ქუთაისის საკრებულოში საქმიანობას უფრაქციო დეპუტატებად გააგრძელებენ.

"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრები აღნიშნულ საკითზე კომენტარს არ აკეთებენ. მათი თქმით, ისინი ოპოზიციაში პოლიტიკური კინკლაობის ნაცვლად, "ქართულ ოცნებასთან" ბრძოლით არიან დაკავებული.