საქართველოში არსებული პოლიტიკური ფონი უკვე წლებია, რაც მძიმე და დაძაბული რეალობით ხასიათდება. პოლიტიკური ინსტიტუტების დაკნინება, დემოკრატიული მმართველობის კრიზისი და სახელმწიფო ინსტიტუციური ნდობის დეფიციტი ხელს უწყობს არა მხოლოდ პოლიტიკური პოლარიზაციის გაღრმავებას, არამედ ისეთ ძალთა გაძლიერებას, რომელთაც არაფაქტობრივი, უჩინარი და ხშირად კრიმინალური გავლენა აქვთ საზოგადოებაზე.
განსაკუთრებით თვალშისაცემია იმ კრიმინალური ავტორიტეტების კლანური “მოღვაწეობა” , რომლებიც “ქართული ოცნების” მმართველობის პირობებში საგრძნობლად მომძლავრდნენ. მედიისა და სამოქალაქო სექტორის არაერთი კვლევით დადასტურებულია, რომ ასეთი დაჯგუფებები მოქმედებენ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში და ამა თუ იმ ტერიტორიას ფაქტობრივად “აკონტროლებენ” უმეტესად არა მხოლოდ არაოფიციალურად, არამედ ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამართალდამცავი სტრუქტურების დაფარულ ან ღია მფარველობით.
განსაკუთრებით საგანგაშოა მოქალაქეების ტერორის და შევიწროების ფაქტები, უშუალოდ წინასაარჩევნო პერიოდში, როდესაც მმართველი ხელისუფლება ყველანაირი მეთოდით ცდილობს ადამიანებს არჩევანის თავისუფლება შეუზღუდოს!
კრიტიკულად უნდა განიხილოს ხელისუფლების დამოკიდებულება ამ კრიმინალურ ძალებთან. სხვადასხვა გარემოება მიანიშნებს იმაზე, რომ ხელისუფლება მათ საკუთარი მიზნებისთვის იყენებს, განსაკუთრებით კი წინასაარჩევნო პერიოდებში. ცნობილია მრავალი შემთხვევა, როდესაც ადგილობრივ დონეზე კრიმინალური გავლენის მქონე პირები ჩნდებიან საარჩევნო პროცესში ამომრჩევლის “დარიგების”, დაშინების ან სოციალური კონტროლის მექანიზმების სახით. მათი გავლენა ხშირად აისახება კონკრეტული პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ ჩამოყალიბებულ საარჩევნო შედეგებში.
ეს პრაქტიკა არამხოლოდ კანონიერების შერყევას უწყობს ხელს, არამედ წყვეტს სოციალურ სოლიდარობას, ზრდის შიშს, უსამართლობის განცდას და არღვევს სამოქალაქო თანასწორობის პრინციპებს. სისტემური ჩარევა კრიმინალური დაჯგუფებების მეშვეობით რეალურად ნიშნავს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ნებაყოფლობით უთმობენ ადგილს არალეგიტიმურ ძალას, თანაც იმ ძალას, რომელიც საკუთარი გავლენისთვის არც დაშინებას ერიდება და არც ახალგაზრდების დაქირავებას, გამოყენებას და მათ მომავალზე თამაშს:
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში, ჩვენ დავუკავშირდით რამდენიმე დაზარალებულს, რომლებმაც იძულების წესით, საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად დატოვეს ქვეყანა და რომლებიც მზად აღმოჩნდნენ საკუთარი პირადი გამოცდილების საჯაროდ გაზიარებისთვის.დაზარალებულთა შორის არიან ბესიკ მურცხველაძე, რომელმაც ირლანდიაში მოითხოვა პოლიტიკური თავშესაფარი და რუსლან წითელაძე რომელიც აშშ-ში იმყოფება, ასევე პოლიტიკური დევნილის სტატუსით.
დაზარალებულებმა მედიასთან ღიად ისაუბრეს იმ მეთოდებზე, რომლებითაც კრიმინალური დაჯგუფებები ხშირ შემთხვევაში ხელისუფლებასთან კოორდინაციით ცდილობენ ახალგაზრდების ჩათრევას უკანონო საქმიანობებში, მათი დაშინებით, შანტაჟითა და ფსიქოლოგიური ზეწოლით.
მურცხველაძის თქმით, მასზე ზეწოლა ჯერ კიდევ არასრულწლოვან ასაკში დაიწყო, როცა ქუჩის დონეზე მოქმედი ავტორიტეტების დავალებით გარკვეული საქმიანობის შესრულება მოსთხოვეს. “სიტყვიერად გაგაფრთხილებენ, მერე საქმით გაჩვენებენ, რომ ან მათთან ხარ, ან საერთოდ არ ხარ არსად”, - აღნიშნავს ბესიკი.

"მე ქალაქ სამტრედიაში ვცხოვრობდი. აქ ყველაფერს თავისი 'კანონი' აქვს არა სახელმწიფოსი, არამედ იმ ხალხის, ვინც ქალაქს მართავს არაფორმალურად, უკვე ზუსტად ვიცი, რომ არაფერი შეიძლება გააკეთო ისე, რომ ეს ამ ხალხთან არ შეათანხმო. 17 წლის ვიყავი, როცა პირველად მაიძულეს დიმიტრი ბურკაძის, იგივე “ბურკას” კლანის წარმომადგენლებმა, არჩევნების წინ უბანში 'მევლო' დამეშინებინა ხალხი, ჩამომერთმია პირადობები, მესაუბრა, ვერბალურად მემოქმედა იმათზე, ვინც, მათი აზრით, 'არასწორად' აპირებდა ხმის მიცემას ოპოზიციისთვის. სწორი არჩევანი მხოლოდ „ქართული ოცნება“ იყო. არ მეკითხებოდნენ, თანახმა ვიყავი თუ არა – უბრალოდ, მეძლეოდა დავალება. მემუქრებოდნენ, მაკონტროლებდნენ, მაყურებინებდნენ როგორ სცემდნენ სხვებს, ვისაც წინააღმდეგობის გაწევა სცადა. მეც ორჯერ ვიყავი ცემის მსხვერპლი, ერთხელ იმიტომ, რომ 'არასაკმარისად მკაცრად' ველაპარაკე ამომრჩეველს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი იყო, მეორედ კი იმიტომ, რომ პოლიციასთან საუბრის დროს შემთხვევით შემნიშნა დიმიტრი ბურკაძემ და ეგონათ რომ მის წინააღმდეგ ვაძლევდი ჩვენებას.
დიმიტრი ბურკაძეს ჩემი ტოლი შვილი ჰყავს, გიგლა და ვერ გადმოგცემთ, როგორც წუხდა ეს ბიჭი მამამისის გამო. მაგრამ დიმიტრი ბურკაძისთვის საკუთარი შვილის და ოჯახის ინტერესებზე მნიშვნელოვანი კარლო კალაძის (რედ: ქალაქ თბილისის მერის კახი კალაძის მამა) ინტერესები იყო. ყველაფერი კონტროლდება ვისთან ხარ, ვისთან არ ხარ, ვის ეცნობი, რა გვერდებს ალაიქებ. სკოლაშიც კი ჰყავდათ წარმომადგენლები. შენს სახლამდეც მოდიან და პირდაპირ გეუბნებიან, რას უნდა დაესწრო, რაზე უნდა დაწერო, რას გააზიარებ საკუთარ ფეისბუქზე. ეს ყველაფერი იცის ადგილობრივმა მმართველობამაც, პოლიციამაც, მაგრამ არავინ არაფერს აკეთებს. იმიტომ, რომ ისინი მათთან თანამშრომლობენ. ჩვენ უბრალოდ ვიყავით მასალა ამ სისტემისთვის.
დიმიტრი ბურკაძე, რომელიც საკუთარი ცოლის მიმართ ძალადობაში არაერთხელ ამხილეს მეზობლებმა და პოლიციაშიც იყო ამაზე საჩივარი დაფიქსირებული, დღემდე აგრძელებს მოქალაქეების ტერორს და მათზე ძალადობას, იმიტომ რომ “ქართული ოცნების” პრივილეგიები მიიღოს“, - აცხადებს ჩვენთან საუბრისას ბესიკ მურცხველაძე.
რაც შეეხება რუსლან წითელაძეს, მან ჩვენთან საუბრისას დეტალებზე ისაუბრა:
"ჩემი წამება ამ ხელისუფლებას დღეს და გუშინ არ დაუწყია, ეს არის მრავალი წლის სისტემური დევნა, რომელმაც ჩემი ფსიქოლოგია გაანადგურა. ყველაფერი მაშინ დამძიმდა, როდესაც საქართველოს ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ მოექცა, მართალია ჩემი ტერორი და ფინანსური რეკეტი ავტორიტეტმა დავით გაბიტაძემ ჯერ კიდეც წინა ხელისუფლების პერიოდში დაიწყო, თუმცა ის, რაც მე ბოლო პერიოდში დამმართა, ყველანაირ ადამიანურ ზღვარს სცდება. ის ბათუმში იმ დონის კრიმინალური ავტორიტეტია რომ რესტორნიდან ჩემი გაგდებაც კი სურდა, ჩემს შვილთან ერთად ვიყავი, ქალიშვილის დაბადებას აღვნიშნავდი, ადამიანურად ვთხოვე თავი შეეკავებინა, არ მინდოდა ბავშვის და მისი თანმხლები თანატოლების შერცხვენა. საშინელი სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა, ბოლოს კი არასრულწლოვანი ქალიშვილის თვალწინ იმ დონეზე დამამცირა რომ იარაღის მუქარით მაიძულა მიწიდან წვიმის წყალი დამელია. პოლიცია სრულიად უმოქმედო იყო, სანამ ადამიანი არ მოკლა და კიდევ ერთი ოჯახი არ გააუბედურა, არავინ მოსთხოვა პასუხი, მაგრამ ის, რაც მის დაპატიმრებას მოყვა, კიდევ უფრო ცინიკური იყო! ის რამდენიმე წელში გამოუშვეს ციხიდან პოლიტიკური შეთანხმების საფუძველზე, ზუსტად იმის გამო, რა სტატუსიც ახლა აქვს, ანუ მთელი ცხოვრება ადამიანები უნდა აკონტროლოს, რომ "ქართულ ოცნებას" მისცენ ხმა !
ამას მოჰყვა ჩემს (და არამარტო ჩემს) მიმართ დავით გაბიტაძის მოთხოვნები წინასაარჩევნო პერიოდში ხელისუფლების სასარგებლოდ მემუშავა. მან დამახვედრა მისი დაქვემდებარებაში მყოფი პირები, გამომდინარე იქიდან, რომ მე მაშინ ტრენინგებს მსხვილი სამშენებლო კომპანიის თანამშრომლებს ვუტარებდი, მომთხოვეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სახელი შემელახა დამსწრეებთან, მომეტყუებინა, რომ ხელისუფლების ცვლილება ბიზნესისთვის იქნებოდა ცუდი. მოკლედ რომ აგიხსნათ, ისე უნდა მოვქცეულიყავი თითქოს ერთადერთი სწორი არჩევანი „ქართული ოცნება“ იყო. ერთხელ ვცადე არ შემესრულებინა დავალება, რასაც მუქარები მოჰყვა. მაშინ პირველად დავემორჩილე მოთხოვნას და დაიწყო ჩემი შანტაჟი. სხვა გამოსავალი ფიზიკურად არ მქონდა, რადგან ვიცოდი, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში აუცილებლად სასტიკად გამისწორდებოდნენ. შემდეგი მოთხოვნა იყო მოქალაქეებისთვის პირადობების ჩამორთმევა და მათი დავით გაბიტაძის დავალებების შემსრულებლებისთვის გადაცემა, რათა არჩევნები გაყალბებულიყო. მახსოვს სათანადო დროში ვერ შევაგროვე განსაზღვრული რაოდენობის პირადობა, მაშინაც უსასტიკესი მუქარის მსხვერპლი გავხდი. მრცხვენოდა ჩემი თავის, ეს კიდევ უფრო მტანჯავდა, თუმცა ვერაფერს ვაკეთებდი იმისთვის, რომ როგორმე დამეღწია თავი ამ ჯოჯოხეთისთვის.
პოლიცია არ რეაგირებდა, მე კი სხვა გამოსავალი პირადად არ გამაჩნდა. ჩემი პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე მომთხოვეს „ამბასადორი ბათუმის“ წინააღმდეგ შექმნილი პეტიციის მონაწილე კომპანიების სიები გადამეცა მათთვის. ვიცოდი, რომ ამით საფრთხეში ჩავაყენებდი ათობით როგორც ბიზნესს ასევე უშუალოდ ადამიანებს. ამ ყველაფერს უკვე ვეღარ დავთანხმდი, მივმართე პოლიციას, რასაც ჩემი გატაცება და ფაქტობრივი წამება მოჰყვა. აღნიშნულ ფაქტზე მაინც მქონდა იმედი, რომ პოლიცია სათანადო რეაგირებას მოახდენდა, თუმცა კვლავ აბუჩად აგდების და ინფანტილურობის მსხვერპლი გავხდი. მივმართე გენერალურ ინსპექციასაც, სადაც ღიად ვამხილე ბათუმის ნ5 პოლიციის უფროსი ზაზა ცხაკაია, რომელიც ხელს აფარებდა კრიმინალურ ბანდას, თუმცა ყველაფერი უშედეგო იყო. არ წყდებოდა ჩემი ტერორი აგრესია, დევნა, მე გამოუვალ მდგომარეობაში ვიყავი. ეს არ იყო უბრალოდ ჩემი ამოჩემება, მე მაქციეს იარაღად საკუთარი კრიმინალური დავალებების შესასრულებლად. ფსიქოლოგიურად გავნადგურდი, მრცხვენოდა, თან მეშინოდა, თან ვღელავდი. არ მქონდა გამოსავალი, არაფერია იმაზე რთული, როდესაც იცი რომ შენი და შენი ოჯახის კეთილდღეობისთვის გიწევს ისეთი რამის გაკეთება, რაც სცდება პირად პრინციპებს. მეშინოდა ჩემი შვილების, მეუღლის გამო. მიყვებოდნენ რისი გაკეთება შეეძლოთ მათთვის, დარწმუნებული ვიყავი, რომ ყველაფერზე იყვნენ წამსვლელები“, - განაცხადებს ჩვენთან საუბრისას რუსლან წითელაძე.
ჟურნალისტმა აღნიშნულ საკითხზე განმარტების მისაღებად არაერთხელ სცადა დაკავშირებოდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელობას, თუმცა უწყებამ კომენტარისგან თავი შეიკავა. მიუხედავად კონკრეტულად დასმული კითხვებისა, მათ შორის არსებული ინფორმაციის გადამოწმებისა და რეაგირების აუცილებლობის თაობაზე, დეპარტამენტმა არჩევანი სიჩუმეზე გააკეთა.
ეს დუმილი, თავისთავად, მეტად სიმპტომურია. როდესაც სამართალდამცავი სისტემა კრიტიკულ, ადამიანების უსაფრთხოებასთან და კანონიერებასთან დაკავშირებულ თემებზე კომენტარისგან თავს იკავებს, ეს არ აქრობს პრობლემას - პირიქით, კიდევ უფრო ამყარებს ეჭვს, რომ არსებული პრობლემები სისტემურია და მათ წინააღმდეგ ბრძოლა ან უგულებელყოფილია, ან მიზანმიმართულად ჩახშობილი.
