ფაქტობრივად აღმოჩნდა, რომ ბოლო 6 წელი საქართველოს მართავდნენ დამნაშავეები და ამას აღიარებს ივანიშვილის პროკურატურა, -  ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრმა თენგო თევზაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ბოლო 6 წელი "ქართული ოცნება" ხალხს არწმუნებდა, რომ გრიგოლ ლილუაშვილი პატიოსანი და პატრიოტი იყო და დღეს პოზიცია შეცვლილი აქვთ.

"ჩვენ ბოლო 6 წელი გვეუბნებოდნენ, რომ სუსის ყოფილი უფროსი იყო კეთილსინდისიერი, პატიოსანი და პატრიოტი ადამიანი და დღეს ვხედავთ, რომ მათივე გუნდის წარმომადგენლები კორუფციის და სხვა ბრალდებებით არიან წარმოდგენილი, მათ არაერთი ბრალდება აქვთ, ეს იქნება ღარიბაშვილი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, სუსის ყოფილი უფროსი თუ სხვა. 

ფაქტობრივად აღმოჩნდა, რომ ბოლო 6 წელი საქართველოს მართავდნენ დამნაშავეები და ამას აღიარებს ივანიშვილის პროკურატურა", - განაცხადა თენგო თევზაძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი დააკავეს. გენერალური პროკურორის ინფორმაციით, გრიგოლ ლილუაშვილს ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით თავისუფლების 11-დან 15 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.