თუ გახარიას არ სურს, რომ დარჩეს პოლიტიკური ჭორიკანას სახელი ქართულ პოლიტიკაში, აუცილებელია, მან დაასახელოს, ვის გულისხმობს, რომ ზოგიერთ ოპოზიციონერს უნდა მანდატების აღდგენა, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, გიორგი გახარიამ კომისიაზე მისვლით შეთანხმება დაარღვია.

"თუ ამ ადამიანს არ სურს, რომ დარჩეს პოლიტიკური ჭორიკანას სახელი ქართულ პოლიტიკაში, აუცილებელია, მან დაასახელოს, ვის გულისხმობს, რომ ზოგიერთ ოპოზიციონერს უნდა მანდატები აღუდგინოს დე ფაქტო, დანაშაულებრივმა პარლამენტმა, რომელსაც არ აქვს არც სახალხო და არც ქვეყნის გარეთ ლეგიტიმაცია.

რა თქმა უნდა, მიმაჩნია, რომ მისი მხრიდან ეს იყო შეთანხმების დარღვევა, როდესაც ის მიბრძანდა ღალატის კომისიაზე. ერთადერთი გადაწყვეტილება, რომელიც შიდა პოლიტიკურ საკითხებზე მიიღწია სალომე ზურაბიშვილის საკოორდინაციო ფორმატში იყო ის, რომ არცერთი პოლიტიკური ლიდერი არ მიიღებდა მონაწილეობას ღალატის კომისიაში", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

გიორგი გახარიამ საპარლამენტო კომისიაზე განაცხადა - "მე ასეთი ჭორებიც მსმენია, ზოგიერთ ოპოზიციურ პარტიას თავიანთი მანდატების აღდგენა უნდა. შეიძლება, აღუდგინოთ და ისინი შემოვიდნენ, არ ვიცი".